უცხოეთის პრესის მიმოხილვა

უცხოეთის პრესა გასულ კვირაში ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თემას და, ასევე, სირიაში საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის თაობაზე ვაშინგტონისა და მოსკოვის მორიგებას გამოეხმაურა.

გაზეთი “გარდიანი” წერდა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლისთვის მხარდამჭერი ერთ-ერთი მთავარი ძალის, ლონდონის მერის, შესახებ: „კამერონის მომხრეებმა ყველაფერი გააკეთეს... რათა ბორის ჯონსონის გადაწყვეტილების გამო მშვიდად დარჩენილიყვნენ“, მაგრამ ისინი მშვიდად არ არიან, თვლის გაზეთი და იანვრის გამოკითხვის შედეგებს გვამცნობს. „მხოლოდ ორ პირს შეუძლია განწყობილების წარმართვა - ესენი არიან შინაგან საქმეთა მინისტრი თირისა მეი და ბორის ჯონსონი. ლონდონის მერმა კამერონის მოხმობას გაუძლო. მან ევროპის კავშირის მოწინააღმდეგეებს დიდი ბიძგი მისცა“, იტყობინება „გარდიანი“ და, ბოლოს, შეკითხვას სვამს: „მართლა ცეცხლი გააჩინა ჯონსონმა, თუ ეს იყო ბრძოლის ველზე მხოლოდ მცირე ნაპერწკალი, რომელიც მალე ჩაქრება?“

ბრიტანეთის „ტელეგრაფი“ ამავე თემაზე წერს და მიესალმება ლონდონის მერის განცხადებას: „პრემიერ კამერონსა და ფინანსთა მინისტრ ოსბორნთან ერთად, ერთ-ერთმა უცნობილესმა პოლიტიკოსმა, ჯონსონმა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანია იმგვარად დაძაბა, როგორც ამას სხვა ვერავინ შეძლებდა. მისი პოპულისტური გენი რვა წელიწადია ჩანს ლონდონში, სადაც მან ორი არჩევნები მოიგო, თუმცა წარმატებას ლეიბორისტულ პარტიას უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ევროკავშირიდან გასვლის გამო დებატებისთვისაც კარგია და დემოკრატიისთვისაც. არავითარ შემთხვევაში არ იქნება ყველაფერი ისე, როგორც ეს კამერონს სურს“, ხაზს უსვამს „ტელეგრაფი“.

ვენის „შტანდარტი“ ამ საკითხის სხვა მხარეზე წერს: „პრემიერ-მინისტრ დავიდ კამერონთან კომპრომისისას, დიდი ქვეყნების ზეწოლის შედეგად, მოხდა შეთანხმება, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია შეამციროს ევროპის კავშირში ჩასული უცხოელებისთვის გადასახდელი სოციალური ხარჯები, თუმცა საგანგებო ვითარებაში. ეს განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასული ასიათასობით დასაქმებულის დახმარებას შვილებისთვის. რომ არ მოხდეს ევროკავშირიდან ბრიტანეთის სახიფათო გასვლა, ევროკავშირში თვლიან, - მართალია, მხოლოდ გარდამავალ შვიდწლიან პერიოდში, - რომ სოლიდარობის დრო დასრულდა. ანგარიშებს შვილები იხდიან“. მაგრამ კონტინენტზე, რომელიც ბერდება და სადაც ყველგან უარყოფითი მაჩვენებელი აქვს შობადობას, ეს ნამდვილად არაგონივრულია, თვლის “შტანდარტი“.

აშშ-ისა და რუსეთის შეთანხმებას სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე ბევრი გაზეთი გამოეხმაურა. „ჰაბერთიურკი“, რომელიც სტამბოლში გამოდის, წერდა, რომ ორი დიდი სახელმწიფო მარტო იღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვენის და ჟენევის მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ კონკრეტული საკითხი მაინც ისაა, როგორ შესრულდება შეთანხმება, რადგან „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ნუსრის ფრონტთან ბრძოლა გაგრძელდება; ცეცხლის შეწყვეტა ეხება ასევე სირიულ-ქურთულ ორგანიზაციას, რომელსაც ანკარა ტერორისტულად მიიჩნევს. თურქეთის არმია მათ პოზიციებს ბომბავს. „ვინ უნდა გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის შესრულება?“, სვამს შეკითხვას სტამბოლის გაზეთი.

იტალიის „ლა რეპუბლიკა“ სიტყვას „ცეცხლის შეწყვეტა“ არამართებულად მიიჩნევს: „სინამდვილეში, საქმე გვაქვს ისეთი ომის დაწყებასთან, რომელსაც მოკავშირეები კოორდინირებულად წარმართავენ საერთო მტრის, „ისლამური სახელმწიფოს“, და ნუსრის ფრონტის წინააღმდეგ. აშშ და რუსეთი ერთობლივ სტრატეგიას განავითარებენ. ის გასულ თვეებში საიდუმლოდ უკვე გამოსცადეს. ამ ყველაფერმა უნდა გამოასწოროს ვითარება სირიაში, გააადვილოს მიგრანტთათვის დახმარების გაწევა და პოლიტიკური მორიგების ახალი პერსპექტივა გააჩინოს“.

ვენის „შტანდარტი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სკეპტიკურად უყურებს: „საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა და არა ცეცხლის შეწყვეტა დროებითია და ყველგან არ იმოქმედებს და არ შეეხება ყველას, ვინც მას აღიარებს. ზომები ბუნდოვანია, განხორციელების მექანიზმები თითქმის არ არსებობს, ურთიერთობა მის ინიციატორებს შორის რთულია“. და ცეცხლის ეს შეწყვეტა მაინც მნიშვნელოვანია, ავსტრიის გაზეთის აზრით, რადგან „მოსაზრება, რომ სირიის საკითხის მოგვარება არ შეიძლება სამხედრო გზით, კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება. საერთო სკეპსისი საფუძვლიანია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მზადყოფნას გამოავლენს რუსეთი საიმისოდ, რომ შეწყვიტოს საჰაერო ბრძოლა ასადის მოწინააღმდეგე მეამბოხეებთან“, წერდა პარასკევს ვენაში გამომავალი გაზეთი.