უცხოეთის პრესის მიმოხილვა

ამ კვირაში უცხოეთის პრესის მთავარი თემები, სხვათა შორის, იყო საფრანგეთში მემარჯვენე ექსტრემისტების გამარჯვება რეგიონალურ არჩევნებში, მასობრივი მკვლელობა კალიფორნიაში და აშშ-ის საპრეზიდენტო რესპუბლიკელი კანდიდატის, მილიარდერ დონალდ ტრამპის, წინასაარჩევნო გამონათქვამები.

გასულ კვირაში გერმანულმა გამოცემებმა - სულ მცირე, „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგმა“ და „ცაიტმა“ - გადაბეჭდეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც „ველტმა“ მოიპოვა და რომელიც საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროპის შიგნით გადაადგილების გამარტივებას ეხება. „ველტი“ ციტირებდა ევროკავშირის დიპლომატის სიტყვებს: „ორივე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში შევა 2016 წლის შუიდან“. ცნობაში არ ზუსტდებოდა, წლის შუა ივნისის თვეა თუ ივლისი. „ველტის” თანახმად, დაგეგმილია, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ნახევარი წლის განმავლობაში სამი თვით შეეძლებათ ევროპის კავშირის ქვეყნებში დარჩენა, მაგრამ ეს არ გულისხმობს მუშაობის უფლების მოპოვებას. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, უკრაინამ და საქართველომ „აღსანიშნავი წინსვლა“ აჩვენეს ევროპას, პირველ რიგში, უვიზო რეჟიმის მიღწევისთვის საჭირო სფეროებში.

პრესამ ყურადღება დაუთმო საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში მემარჯვენე ექსტრემისტული პარტია „ფრონ ნასიონალის“ წარმატებას. ესპანეთის გაზეთი „ელ მუნდო“ ვითარებას აანალიზებს: „ექსტრემისტი მემარჯვენეების გამარჯვება „თანასწორობისა და ძმობის ქვეყანაში“ პოლიტიკურ მიწისძვრას წარმოადგენს. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, მართალია, პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გარკვეული აღიარება მოიპოვა, ეს მაინც ვერ შეაჩერებს ამ სოციალისტური პარტიის ვარდნას, რომელმაც არ იცის, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა საფრანგეთში გამეფებული კრიზისიდან. ქალაქების გარეუბნები გეტოებად იქცა, ეკონომიკა შეჩერებულია. ელისეს სასახლეში თვით „ფრონ ნასიონალის“ ლიდერის მარინ ლე პენის შესვლაც აღარ არის გამორიცხული. ამის თავიდან ასაცილებლად, ტრადიციულმა პარტიებმა ფრანგები იმაში უნდა დაარწმუნონ, რომ სახელმწიფო, რომლის პოლიტიკაც მხოლოდ შიშის თესვაა, არ შეიძლება იყოს თავისუფალი და დიდი“.

ამავე თემაზე „გარდიანი“, რომელიც ლონდონში გამოდის, ასე მსჯელობს: „თუ „ფრონ ნასიონალი“ გააკონტროლებს ერთ ან ორ რეგიონალურ მთავრობას, ის შეძლებს განვითარდეს პოტენციურ სამთავრობო პარტიად. ლე პენი, ცხადია, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობს. პრეზიდენტმა ოლანდმა 13 ნოემბრის თავდასხმების შემდეგ მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ სოციალისტური მთავრობა ეკონომიკის გამოცოცხლებაში წარუმატებელი იყო. პოლიტიკა ისეთი წინააღმდეგობრივი შეიქნა, რომ ალიანსი სოციალისტებსა და რესპუბლიკელებს, ყოფილ პრეზიდენტ სარკოზის შორის რეგიონალური არჩევნების მეორე ტურში ძალიან სათუო გახდა“.

ჩეხეთში გამომავალი „ლიდოვე ნოვინი“ წერს: "მარინ ლე პენი შეუჩერებელ ძალად წარმოდგება. ხუთი წლის წინ მისმა პარტიამ რეგიონალურ არჩევნებში 11 პროცენტი მიიმხრო, ერთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში, - 18 პროცენტი, ევროპის პარლამენტის არჩევნებში - 25 პროცენტი, ახლა კი - 28. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ რეგიონალური არჩევნებია, მაგრამ მაინც: როგორც საზოგადოების ზონდი, ეს რიცხვები ბევრ რამეზე მეტყველებენ“.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ წერდა მკვლელობის შესახებ კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში, სადაც წყვილმა 14 ადამიანი იმსხვერპლა. გაზეთი ამ თემაზე პრეზიდენტ ობამას გამოსვლას გამოეხმაურა. გამოსვლა, გაზეთის აზრით, ძლიერიც იყო და დამამშვიდებელიც: „სწორია, როცა ობამა გვაფრთხილებს აშშ-ში და მთელ მსოფლიოში მაჰმადიანების კიდევ უფრო გაუცხოების შესახებ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოახერხა, რომ იზოლაციის ეს განცდა, რომელიც აქვს ბევრ მუსლიმს, გამოეყენებინა". მაჰმადიანების მიმართ სიძულვილის გაღვივება მხოლოდ ტერორისტებს წაადგებაო, ფიქრობს „ნიუ იორკ ტაიმსი“.

„ჯერუზალემ პოსტი“, ინგლისურენოვანი გამოცემა, აღშფოთებულია, რომ თავდამსხმელებმა, რომელთაც პატარა გოგონა ჰყავდათ, ასე შეუმჩნევლად მოახერხეს დანაშაულის დაგეგმვა და განხორციელება. გაზეთი გაოცებულია, როგორ ვერავის მოხვდა თვალში, რომ წყვილი იარაღს იმარაგებდა, ბომბებს ამზადებდა და თავდასხმას აპირებდა. ან მეგობარი არ ჰყავდათ, ვინც მათთან სტუმრობდა და მათი მრისხანება და ექსტრემიზმი ეცა თვალში? როგორ მოახერხეს თავიანთი შეხედულებები სოციალურ ქსელში დაემალათ? ბევრი შეკითხვაა დარჩენილი უპასუხოდ „ჯერუზალემ პოსტისთვის“.

ბრიტანეთის „ინდიპენდენტი“ სისხლიანი დანაშაულების ერთ საერთო მიზეზს ხედავს და წერს, რომ „ოცნება აღსრულდა“: ფაქტი, რომ თავდასხმა საკუთარ ოთხ კედელში დაიგეგმა უცხოეთიდან მითითებების გარეშე, შესაძლებელს ხდიდა, რომ ის გამოძიების ფედერალური უწყებისა და სახელმწიფო უშიშროების უწყების რადარს აღმოეჩინა. იმგვარი ექსტრემისტების გამოაშკარავება, რომლებიც საკუთარი სწრაფვით გახდნენ რადიკალური, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლითაც დაკავებულნი არიან ტერორიზმის ექსპერტები. როგორც უნდა იყოს, ის, რაც სან-ბერნარდინოში მოხდა, არ შეიძლება გამოვყოთ აშშ-ში საყოველთაო იარაღის ფსიქოზისგან. მასობრივი მკვლელები გამწარებული მარტოსულები, პარანოიკები, პოლიტიკური რადიკალები ან, როგორც ამ შემთხვევაში, რელიგიური ფანატიკოსები შეიძლება იყვნენ, მაგრამ ყველა შემთხვევას ერთი საერთო მნიშვნელი აქვს: ცეცხლსასროლი იარაღი. თუ იარაღის ქონას გავართულებთ, არის შანსი, სიცოცხლეც გადავარჩინოთ, თვლის „ინდიპენდენტი“.

„ვაშინგტონ პოსტი“ საპრეზიდენტო კანდიდატის, რესპუბლიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის, მისი ანტიმუსლიმური გამოთქმების შესახებ წერს: „რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატების უმეტესობა, რომელთაც, ტრამპისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო-სამართლებრივი, დემოკრატიული და სოციალური ნორმების შეგრძნება აქვთ, კიცხავს მის საზიზღარ მოთხოვნას, მაჰმადიანებს აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა. გამამხნევებელია, რომ ტრამპის მოწინააღმდეგეები მას, ბოლოს და ბოლოს, გმობენ ისე, როგორც მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს მოექცეოდნენ. მაგრამ ჩნდება კითხვა: თუ წამყვანი რესპუბლიკური კანდიდატის გამოთქმები მართლაც ამგვარად მიუღებელია, როგორც მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, განა მისმა თანაპარტიელებმა ცხადად არ უნდა გამოხატონ, რომ ტრამპის მართლაც ნომინირების შემთხვევაში ისინი მას წინ აღუდგებიან?"

ბრიტანეთის „გარდიანისთვის“ არ არსებობს არე ინტერპრეტაციისთვის: ტრამპი ისლამოფობია და ის ისლამოფობიას სახელმწიფო პრინციპის დონეზე აიყვანს. იმის მტკიცება, რომ ეს ამერიკის ისტორიასთან განხეთქილებაა, ისტორიული თვალსაზრისით არაა სწორი. 1882 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში შესვლას უკრძალავდა ჩინელ მუშებს. მეორე მსოფლიო ომის დროს დააპატიმრეს იაპონური წარმომავლობის ამერიკელები. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, რომ ქვეყანა, რომლის მთავარი კანონი რელიგიის თავისუფლებას ეფუძნება, ადამიანების დისკრიმინაციას მიმართავდა არა ეროვნების, არამედ რელიგიის მიხედვით, წერს „გარდიანი“.