კვირის დასაწყისში უცხოეთის პრესა ბევრს წერდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. დასავლეთი შიშობს, რომ ეს პროგრამა შესაძლოა ატომური იარაღის შემუშავებას ისახავდეს მიზნად. ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევის ახალ ვადად 2015 წლის 1 ივლისის დაწესება გადაწყვიტეს, ნაცვლად მანამდე დანიშნული 24 ნოემბრისა. ჰოლანდიაში გამომავალი „ტელეგრაფი“ 24 ნოემბრის ნომერში წერდა: „შეთანხმებას ფასი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუკი დარჩება ატომური იარაღის საიდუმლოდ შექმნის შესაძლებლობა. მაგალითად, რატომაა, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლებს კვლავაც არ ექნებათ საშუალება შეაღწიონ სამხედრო კომპლექსში, სადაც შესაძლოა საეჭვო ბირთვული აქტივობა იყოს? ... შეთანხმებამ უნდა გაითვალისწინოს მყარი მექანიზმები კონტროლის, შემოწმების და ცენტრიფუგების ძალიან მაღალი რიცხვის შემცირების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, ეს შეთანხმება დასავლეთს კარგს არაფერს მოუტანს. ცუდ შეთანხმებას აჯობებს ის საერთოდ არ გაფორმდეს“.
ამ კვირაში პრესა გამოეხმაურა უკრაინაში მომხდარი „ევრომაიდნის ამბოხების“ წლისთავს. ესტონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „პოსტიმესი“ 22 ნოემბერს წერდა: „რუსეთის პროპაგანდა შეეცადა გაევრცელებინა თვალსაზრისი, რომ ყირიმის დაკარგვა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები „მაიდნის ამბოხების“ შედეგია. ... რუსეთის შიში, რომ ეს გამოსვლები შესაძლოა სხვაგანაც განმეორდეს, გასაგებია, მაგრამ „მაიდნის ამბოხება“ და მისი შედეგები ორი სხვადასხვა რამაა, მათ შორის ნაწილობრივი კავშირი რომც არსებობდეს. „მაიდნის რევოლუცია“ წარმოადგენდა წინააღმდეგობის გაბედულ დემონსტრირებას კორუმპირებული და მზარდად ავტორიტარული რეჟიმის მიმართ. დემონსტრანტები ევროპული ღირებულებებისთვის იბრძოდნენ. ამისაგან განსხვავებით, ყირიმის ანექსირება და აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი მოვლენები აგრესიის აქტები იყო რუსეთის მხრიდან“.
ამ კვირაში პრესა ბევრს წერდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელის გადადგომის თაობაზე. ეს ცნობა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს გამოაცხადა ისე, რომ მიზეზები არ დაუკონკრეტებია. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, მიზეზი ექსტრემისტულ ჯგუფთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ბრძოლის სტრატეგიაზე აზრთა სხვადასხვაობა გახდაო. სხვები ამბობდნენ, ჩაკ ჰეიგელი აღარ მოიაზრებოდა ფიგურად, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მასშტაბურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებდაო. იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ბიზნესგამოცემა „ილ სოლე ვენტიკვატრო ორე“ 25 ნოემბრის ნომერში წერდა, ჰეიგელის გადადგომა ობამას მზარდი სისუსტის მაჩვენებელიაო, განსაკუთრებით, ახლახან ჩატარებული შუალედური არჩევნების კონტექსტში: „ჰეიგელის განტევების ვაცად წარმოდგენა მოსახერხებელია იმ კრიზისში, რომელიც თეთრ სახლს შეექმნა [ახლო] აღმოსავლეთის ფრონტზე. ისმის მნიშვნელოვანი შეკითხვა: ობამამ უნდა თქვას, ვისთან სურს მშვიდობის დამყარება და ვის წინააღმდეგ - ბრძოლა. აშშ-ის და დასავლეთის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით ურთიერთგამომრიცხავია. შესაძლოა ეს იყოს ნაწილობრივი მიზეზი იმისა, რატომაც არჩია მინისტრის პოსტიდან გადადგომა ომის ვეტერანმა ჰეიგელმა, რომელიც მომსწრეა აშშ-ის არაერთი მარცხისა, იქნება ეს ვიეტნამის ომი თუ ჯორჯ ბუშ-უმცროსის პერიოდი“.
პრესის ყურადღება ასევე მიიქცია რომის პაპის, ფრანცისკეს მიმართვამ სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრებისადმი. ფართოდ გავრცელებული სიღარიბის, უმუშევრობისა და ლტოლვილთა ტანჯვის ფონზე, პაპმა ევროპას მოუწოდა გაიხსენოს თავისი ფუნდამენტური ღირებულებები. იტალიაში გამომავალი ლიბერალური ყოველდღიური გამოცემა „სტამპა“ 26 ნოემბერს წერდა: „ევროპა, რომლის 500 მილიონზე მეტი მოქალაქის წარმომადგენელთა წინაშეც ისაუბრა რომის პაპმა, აღარ წარმოადგენს მსოფლიოს ცენტრს. ეს დაქანცული კონტინენტია, რომელიც „დედა-ევროპიდან“ უკვე „ბებია-ევროპად“ იქცა, კონტინენტი, რომელმაც არა მხოლოდ თავისი იდენტობა და ქრისტიანული ფესვები დაკარგა, არამედ, როგორც ჩანს, თავისი ერთიანობის მიზეზებიც დაივიწყა - ზუსტად იგივე მიზეზები, რომლებმაც წარსულში ერთმანეთთან საუკუნეების განმავლობაში მეომარ ერებსა და ხალხს მშვიდობის ასეთი ხანგრძლივი პერიოდი მოუტანა. საერთაშორისო ასპარეზზე ევროპის პასუხისმგებლობა იკლებს, მას არ შეუძლია ერთიანი პოზიციით ლაპარაკი და დიპლომატიური ‘იარაღის’ გამოყენება იქ, სადაც საჭიროა. ... ევროპა შესაძლოა აღარ იყოს მსოფლიოს ცენტრი, მაგრამ მსოფლიოს ახლა ევროპა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. სწორედ ეს შეგვახსენა პაპმა, რომელიც თავად არგენტინიდან არის“.