უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა ბევრს წერდა თურქეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაიმარჯვა. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ერდოანის წარმატება, უწინარეს ყოვლისა, თურქეთის მიერ ბოლო წლებში განცდილმა ეკონომიკურმა აღმავლობამ განაპირობა. ასევე გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ ეს კონსერვატორი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მკაცრი ხელით შეუდგება ქვეყნის მართვას. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ 11 აგვისტოს წერდა: „პრეზიდენტის ფუნქციები, როგორც კონსტიტუცია განსაზღვრავს, საერთოდ ხელს არ აძლევს პოპულისტ და პოლარიზაციის მომტან ერდოანს. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც სურს მას თურქეთის სისტემის რესტრუქტურიზაცია, რაც მან უკვე გააკეთა სტამბოლში, ქვეყნის საიდუმლო დედაქალაქში. თურქეთი უნდა გახდეს საპრეზიდენტო დემოკრატია, როგორიც ამერიკაა, რაც თავისთავად არ არის ცუდი რამ. მაგრამ ამერიკული სისტემის ანგარიშვალდებულებისა და დაბალანსების პრინციპები სრულიად უცხოა თურქული ცენტრალიზმისთვის. ანკარაში ორპალატიანი პარლამენტი არ არის და სხვაგანაც ყველგან ძალაუფლება დაბალანსებული კი არა, კონცენტრირებულია მწვერვალში, პრეზიდენტის ხელში. ... პრემიერ-მინისტრობის თერთმეტწლიან პერიოდში ერდოანმა ბევრს მიაღწია და ახლა ბევრი თურქი ამაყობს თავისი ქვეყნით, მაგრამ აბსოლუტური ძალაუფლებისადმი მისმა ლტოლვამ და პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართულმა რისხვამ ბევრის გულში გააჩინა შიში“.

პრესის ყურადღების ცენტრში იყო ებოლის ეპიდემიაც, რომელიც დასავლეთ აფრიკაში მძვინვარებს. კერძოდ, გამოცემები წერდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე, რომ წამლები, რომელთა ადამიანზე ზემოქმედება ჯერ არ არის სათანადოდ შესწავლილი, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იქნება გამოყენებული. ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „პაისი“ ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, წერდა: „სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეთიკის საბჭომ ჩათვალა - არა მხოლოდ ეთიკური, არამედ მორალური აუცილებლობაა ადამიანებზე გამოიცადოს მკურნალობის ნებისმიერი მეთოდი, რომელმაც ცხოველებზე ცდებში რაიმე შედეგი მაინც აჩვენა. საერთაშორისო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ასე სასიცოცხლოდ აუცილებელი დასავლეთ აფრიკაში ეპიდემიის გავრცელების აღსაკვეთად. ამ ძალიან საშიშ ვირუსს მისსავე წარმოშობის ადგილას უნდა ებრძოლონ“.

პრესის ყურადღების ცენტრში იყო ერაყში მიმდინარე პროცესებიც - ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური სახელმწიფოს ქმედებები და მასთან დაპირისპირებული ქურთი მებრძოლებისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობა. ირლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „აირიშ ეგზამინერი“ 11 აგვისტოს ნომერში წერდა: „აშშ-ის მხრიდან სწორი ინტერვენცია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს პრობლემის დამაკმაყოფილებლად გადაჭრას, მაგრამ შესაძლოა შეზღუდოს ისლამური სახელმწიფოს შეშლილი ძალების ქმედებები და ზოგიერთ იეზიდს საშუალება მისცეს თავი ნაკლებად სახიფათო გარემოს შეაფაროს. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე იქნება. მაგრამ ეს ნამდვილად არ გადაწყვეტს ერთ ძველ პრობლემას: რატომ ხდება, რომ რელიგია - იდეა, რომელიც სიყვარულის განდიდებით საზრდოობს - ასე ხშირად გვევლინება შეუწყნარებელი, ქსენოფობი და შეშლილი ძალების მხრიდან გამოყენების საგნად და ყველაზე მომაკვდინებელი სიძულვილის გამოხატვის იარაღად?“