უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ ეკონომიკური კრიზისი იყო. ორშაბათს ევროპული გაზეთები ბევრს წერდნენ საბერძნეთზე. პრესის ფურცლებზე წაიკითხავდით ცნობას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აპირებს საბერძნეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს და რომ გერმანიას იმედი გადაეწურა და აღარ ცდილობს ათენისგან რეფორმების გატარების მიღწევას. ჟურნალისტების ნაწილის აზრით, საერთაშორისო გამსესხებლებს ეს ზომები დიდი ხნის წინ უნდა გაეტარებინათ, სხვები კი ბერლინს ევროს მოქმედების ზონისათვის საფლავის გათხრაში სდებდნენ ბრალს. ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „პრესე“ პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა: „რა გასაკვირია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამ მძიმე კრიზისის მქონე ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა სურდეს. ამგვარი მუქარა წარსულშიც გამოუთქვამთ, ახლა კი ეს ნამდვილად უნდა შეასრულონ. კიდევ რამდენჯერ უნდა დაჰყვნენ ამას ევროს მოქმედების ზონის ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი? კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ მათ, ბოლოს და ბოლოს, გაავლონ წითელი ხაზი? საფინანსო ბაზრებს უკვე კარგა ხანია აღარ აშინებთ ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის პერსპექტივა. საერთაშორისო ბანკებმაც დიდი ხნის წინ ჩამოწერეს ბერძნული ობლიგაციები. მხოლოდ ევროპის ცენტრალური ბანკი დარჩა, რომელიც კვლავ ინარჩუნებს ბევრ ბერძნულ ობლიგაციას, თუმცა ევროს მოქმედების ზონის ქვეყნები ამ ბანკის რეკაპიტალიზაციასაც შეძლებენ. საერთაშორისო გამსესხებლებმა თავიანთი პირობა უნდა შეასრულონ. სხვა შემთხვევაში, ისინი სანდოობას დაკარგავენ“. სრულად სტატიას ავსტრიაში გამომავალი „პრესეს“ 23 ივლისის ნომერში ნახავთ.

ფინანსური კრიზისის საკითხი ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში კვირის დანარჩენ დღეებშიც დარჩა. ორშაბათს ევრო ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, ესპანეთისთვის დაწესებულმა საპროცენტო განაკვეთმა კი სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ესპანეთში გამომავალი კონსერვატორული ორიენტაციის „მუნდო“ სამშაბათს, 24 ივლისს, წერდა, ფინანსური ბაზრები ესპანეთზე ასეთ მძლავრ ზეწოლას აღარ უნდა მიმართავდნენ მას შემდეგ, რაც მთავრობამ ახლახან ხელმომჭირნეობის პაკეტი დანერგაო. გამოცემა ევროპის ცენტრალურ ბანკს ჩარევისკან მოუწოდებდა და დასძენდა, რომ ფინანსური ბაზრების მხრიდან „ირაციონალური საქციელია ესპანეთის მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების უგულებელყოფა. ყურადღება უნდა გადავიტანოთ გერმანიაზე და ევროპის ცენტრალურ ბანკზე. სწორედ მათზეა დამოკიდებული იმ ზეწოლის დასრულება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიცდის“.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ამ კვირაშიც დარჩა დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში, სირია და იქ მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი იყო. სირიაში სისხლისღვრის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ოთხშაბათს სარაევოდან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას. ბრძოლის ეპიცენტრი ამ ბოლო დღეებში ქალაქი ალეპოა. სირიიდან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გარბის და მეზობელ ქვეყნებში გადადის. გაზეთებში წაიკითხავდით, რომ ეს კონფლიქტი წარმოადგენს რელიგიურ ჯგუფებს შორის ომს, რომელიც შესაძლოა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. სირიის სამოქალაქო ომი კატასტროფაა, რუსეთის ქცევა კი საქმეს კიდევ უფრო აუარესებსო, წერდა ლიტვაში გამომავალი „ლიეტუვოს რიტასი“ ხუთშაბათს, 26 ივლისს, და დასძენდა: „ამ კვირაში სირიამ დაუდევრად აღიარა, რომ ქიმიურ იარაღს ფლობს და მზად არის ის გამოიყენოს, მოსკოვი კი მზად არის ასეთ სახელმწიფოს გაუმაგროს ზურგი, თუმცა სადამდე, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამასობაში ევროკავშირმა გაამკაცრა სირიის წინააღმდეგ სანქციები. საეჭვო გემების იძულებითი შემოწმების წესი შეიძლება რუსეთის იმ გემებზეც გავრცელდეს, რომლებითაც სირიის რეჟიმისთვის იარაღის ექსპორტს აწარმოებენ. ... იქნებ არ იყოს უბრალო დამთხვევა ის, რომ ზოგიერთი ექსპერტი, სირიაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას, შესაძლო დომინოს ეფექტზეც ლაპარაკობს“.

პარასკევს, 27 ივლისს, ლონდონში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. ბრიტანული „გარდიანი“ თავის ვებსაიტზე რეალურ დროში აქვეყნებდა რეპორტაჟებს და ბლოგს. ოლიმპიური თამაშების მიმომხილველი ოუენ გიბსონი რეჟისორ დენი ბოილის მიერ დადგმულ საზეიმო ცერემონიას საქებარი სიტყვებით აღწერდა. „საცქერად საამური სოფლის მწვანე მდელოებიდან ინდუსტრიული რევოლუციის მბოლავ საკვამურებამდე და შემდეგ უკვე ინტერნეტის ეპოქამდე - დენი ბოილის მცდელობა, ოლიმპიადის გახსნის ჟამს განსაზღვრება მოეძებნა იმისთვის, თუ რას ნიშნავს „ბრიტანელობა“, გიჟური სიურრეალისტური, ემოციური და ხშირად დამაბნეველი სანახაობა იყო“, - წერდა „გარდიანის“ ჟურნალისტი ოუენ გიბსონი გამოცემის ვებგვერდზე.