უთანხმოება „ოდიშსა“ და ზუგდიდის გამგეობას შორის

ზუგდიდი

ტელეკომპანია „ოდიში“ ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ზეწოლასა და შერჩევით დამოკიდებულებაში, თავად გამგეობის თანამშრომელი მაია ღურწკაია კი ტელევიზიას არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ქობალია ამბობს, ჩვენს ჟურნალისტებზე ვრცელდება ისეთი შეზღუდვები, როგორიც არ წესდება სხვა მედიასაშუალებების მიმართო.

ნანა ქობალიას განმარტებით, მსგავსი დამოკიდებულება „ოდიშის“ მიმართ მიმდინარე წლის ორ სექტემბერს ანაკლიელთა პრობლემების შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ შენიშნა, როცა გამგეობამ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ეს იყო სიუჟეტი იმაზე, რომ ანაკლიელებმა გვთხოვეს გაგვეშუქებინა მათი პრობლემები და გამგეობამ ამ თემაზე არ ისურვა კომენტარის გაკეთება. ეს ტექსტშიც იყო აღნიშნული ”, - განაცხადა ნანა ქობალიამ.

ტელეკომპანია „ოდიშისგან“ განსხვავებით, სხვა ადგილობრივი მედიასაშუალებებისა თუ ცენტრალური ტელევიზიის კორესპონდენტებს მსგავსი პრობლემები არ აქვთ.

მაგალითად, ტელეკომპანია „მესამე არხის“ კორესპონდენტი სამეგრელოში პაატა ლაგვილავა აცხადებს:

„მაია ღურწკაია ჩვენთან ჩვეულებრივ თანამშრომლობს და ოპერატიულად ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც გვჭირდება“.

ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ინფორმაციისა თუ კომენტარის მიღებაზე პრობლემა არ შეჰქმნია ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“.

გამოცემის ჟურნალისტი ნინო თოლორაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ამ მხრივ შეზღუდვები არც ზუგდიდის გამგეობაში არსებობს:

„თუმცა ის, რომ ერთ კონკრეტულ მედიასაშუალებას არ ეძლევა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა, მაფიქრებინებს, რომ მიკერძოება ან შერჩევითი დამოკიდებულება მაინც არსებობს. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმაც დაიცვან ეთიკის სტანდარტები მასალის მომზადებისას. ხელისუფლების ცვლილება არ უნდა აისახოს არც ჟურნალისტის და არც საჯარო სამსახურის საქმიანობაზე“.

სამეგრელოს მედიაორგანიზაციის რედაქტორი მალხაზ ბასილაია კი „ოდიშსა“ და გამგეობას შორის არსებულ უთანხმოებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, ალექსანდრე ქობალიას უკავშირებს, რომლის დედა, ემა გრიგოლია, ტელეკომპანია „ოდიშის“ ასპროცენტიანი წილის მფლობელია:

„ეს არის ფარული ომი. ალექსანდრე ქობალიას გამგებლობის დროს ბევრი რაღაც ხდებოდა. რატომ მაშინ არ აშუქებდა „ოდიში“ ბევრ რამეს, რომელიც გამგეობას და, მათ შორის, ალექსანდრე ქობალიას შეეხებოდა?“

თავის მხრივ, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია ადასტურებს, რომ მხოლოდ „ოდიშის“ ჟურნალისტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არაობიექტურად და კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევაში ეხმარებიან ალექსანდრე ქობალიას, უკრძალავს გამგეობის ორგანიზებულ შეხვედრებზე დასწრებას:

„ადამიანთან, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ტყუილი ინფორმაციები გაავრცელოს, - შესაბამისად, მერე საზოგადოებაში მიხდება მისი გასწორება ან სიტყვიერად ახსნა, - მივიღე გადაწყვეტილება, გამგებელთან შეთანხმებით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი გართულებები და სიცრუე, არ ვითანამშრომლოთ“.

ადგილობრივ ტელეკომპანიას და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს შორის არსებულ უთანხმოებას ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სახალხო დამცველი გამოეხმაურა.

ისინი მოუწოდებენ გამგეობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მედიასაშუალებებს თანაბარ პირობებში მიიღონ და გაავრცელონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.