ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მონტაჟის პროცესი და ახალგორის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები გააპროტესტა. გარდა ამისა, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გოჩა რატიანის, ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. აქედან 3 ბოლო ერთი თვის განმავლობაში დააკავეს. მათ შორის არიან ძმები ბატირ და იგორ ფუხაევები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ. ისინი გარკვეული გარანტიების მიღების შემდეგ ცხინვალში დედის დასაფლავებაზე ჩავიდნენ, მაგრამ გასვენებიდან ცხინვალის იზოლატორში მოხვდნენ. ქართული მხარე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ ძმები ფუხაევები სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან და მათ მიმართ გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით მიმდინარეობს.
დღესვე ჩაიშალა შეთანხმება დუშეთის რაიონთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის აღდგენის თაობაზე. ამ საკითხზე მხარეები წინა შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სპეციალისტები უპრობლემოდ შეძლებდნენ წყალსადენთან მისვლას და მუშაობას, მაგრამ ხოხ გაგლოითიმ დღეს მოულოდნელად განაცხადა, რომ ტერიტორია გასანაღმია, და პრობლემის მოგვარება კიდევ გაურკვეველი დროით გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ პრობლემატურ საკითხებზე მუშაობა მომავალ შეხვედრებზეც გაგრძელდება.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელს საქართველოს მთავრობის ინიციატივის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან სავაჭრო ეკონომიკური ზონების შექმნის თაობაზეც ვკითხეთ. ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ ამ საკითხის პოლიტიზება ხდება და ოსურ საზოგადოებაში ეს მხოლოდ ირონიას იწვევს, რადგან საზღვარი ჩაკეტილია და ერგნეთის ბაზრობის მსგავსი სავაჭრო ცენტრის გახსნას არანაირი ბიზნესინტერესი არ უდევს საფუძვლად.
ერგნეთის უშედეგო შეხვედრის მონაწილეები აგვისტოში ერთმანეთს აღარ შეხვდებიან, რადგან ბევრი მათგანი ზაფხულის შვებულებით ისარგებლებს და მომდევნო შეხვედრა უკვე 19 სექტემბერს გაიმართება.