უსახლკაროები თბილისის საკრებულოს პასუხს სთხოვენ

უსახლკაროების აქცია თბილისის საკრებულოსთან

10 თებერვალს თბილისის საკრებულოსთან უსახლკაროების აქცია გაიმართა. ასამდე ადამიანი ქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან მათი საქმეების შესწავლას და ქმედითი ზომების მიღებას ითხოვდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე თითქმის წელია შეტანილი აქვთ საბუთები შესაბამის კომისიაში თავშესაფრით, ბინით დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ დღემდე არავითარი პასუხი არ მიუღიათ.

Your browser doesn’t support HTML5

უსახლკაროები თბილისის საკრებულოს პასუხს სთხოვენ

„თბილისელი უსახლკაროები ვართ და გვინდა, თავშესაფარი მოგვცენ. საბუთები შეტანილი გვაქვს, მაგრამ, უბრალოდ, მოგვივიდა პასუხი, რომ კომისიას გადაეცა განსახილველად, მეტი არაფერი“, - ამბობს ნათელა მერმანიშვილი. ის სახლ-კარის გარეშე 1992 წელს დარჩა, როცა შვილი ავად გაუხდა და სამკურნალოდ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სახლი გაყიდა. ახლა სხვასთან არის შეკედლებული, მაგრამ ამბობს, რომ დიდხანს მასთანაც ვერ გაჩერდება.

თამარ იოვაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“, აცხადებს, რომ ერთი წლის წინ თბილისის საკრებულომ გასცა განკარგულება უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ. განკარგულებას საკრებულოს ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი აწერს ხელს, კომისიას კი თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ხელმძღვანელობს. იოვაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა.

„ამ ხალხმა ყველამ შეიტანა განცხადება. რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ რვა-ცხრა თვე გავიდა და არ მიუღიათ პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება იყო, ყველას გაცნობებთ პასუხსო“.

მისივე თქმით, ამ აქციით სწორედ კომისიის ამოქმედებას მოითხოვენ.

„რა გააკეთეს? რას აკეთებენ? მე ვთვლი, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა ნამდვილად სავალალოა და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.

თამარ იოვაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ მათი ორგანიზაციის ბაზაში ოთხი ათას ხუთასი უსახლკარო ადამიანი ირიცხება, რეალური რიცხვი კი გაცილებით დიდია. ის უსახლკაროებს რამდენიმე კატეგორიად ყოფს: ისინი, ვინც ქუჩაში ცხოვრობს, ისინი, ვინც მიტოვებულ შენობაშია შესახლებული და, ასევე, ის ადამიანები, რომელთაც სახელმწიფო უხდის ქირას.

Your browser doesn’t support HTML5

უსახლკაროები თბილისის საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ნარგიზ თვაური, ამბობს, რომ ამჯერად ქირით ცხოვრობს, რისი გადახდაც ძალიან უჭირს.

„რატომ ვდგავარ და არსად სახლი არა მაქვს... თბილისს ვინ ჩივის, გორიდან ვარ და იქ შინაურმა სახლი გამიყიდა. დავრჩი უსახლკაროდ. სახლს კი არ ვითხოვ, თავშესაფარი მინდა. მნიშვნელობა არა აქვს, სად წავალ.150 ლარს ვიხდი ქირას და ძლივს ვიხდი“.

ლილი ჩოგოვაძე კი ჰყვება, რომ ოჯახში ყველანი უმუშევრები არიან, ამიტომ ძალიან უჭირთ.

„ვართ შესახლებული ახლობლის ბინაში. ახლობელი საზღვარგარეთ არის წასული და გვათხოვა ბინა, სანამ დასჭირდება“.

დალი დორეულს ბინა ბანკში ჰქონდა ჩადებული და ასე დაკარგა.

„ქირის ფულს ვერ ვიხდი. ახლა ველოდები, იქნებ, საიდანმე ვიღაცამ რაღაც მომაწოდოს, რომ ქირა გადავიხადო, სახლიდან არ გამომაგდონ“.

კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციისა „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“, დავით ხვადაგიანი, ამბობს, რომ ხელისუფლება პრობლემის აღიარებას თავს არიდებს.

„ჩვენ არ მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, არც მერიისგან და არც ხელისუფლებისგან იმას, რომ ოქროს სასახლეები შესთავაზონ თქვენს კატეგორიაში შემავალ ადამიანებს, მაგრამ პრობლემა რომ მოითხოვს გადაწყვეტას, ამაზე საუბარიც კი აღარ შეიძლება. რამდენი ხანი უნდა იყვნენ სირაქლემის პოზიციაში? ვითომ პრობლემა არ დგას“.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის საკრებულოს, დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრები კომენტარს არ აკეთებენ.