14 ივნისის სტიქიიდან რამდენიმე დღეში ზოოპარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული პარკის მშენებლობის იდეით გამოდის პრემიერ-მინისტრი. ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მშენებლობის ინიციატივით გამოდის საზოგადოების ნაწილიც. ინტერნეტსივრცეში ამ მიზნით შექმნილ პეტიციას 17-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. უსაფრთხოა თუ არა ხეობაში ტყე-პარკის მშენებლობა და რა ნორმები უნდა იქნეს დაცული რეკრეაციული ზონის შექმნისას?
ვერეს ხეობაში, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომელიც 14 ივნისის ღამეს სტიქიური უბედურების ზონად იქცა, კვლავაც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. იქ ისევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, ასუფთავებენ ტერიტორიას შლამისა და დამტვრეული ხეებისგან. სტიქიიდან ორი დღის შემდეგ კი აქტუალური გახდა ფიქრი და ლაპარაკი იმაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მომავალში თბილისის ზოოპარკი, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში - 1927 წელს - დაარსდა, და, ასევე, რა უნდა გაკეთდეს გათავისუფლებულ ადგილას. ვერეს ხეობის ტერიტორიაზე სარეკრეაციო პარკის შექმნის იდეით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 ივნისს გამოვიდა. ის ფიქრობს, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც საზოგადოების სამაგალითო სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა, სწორედ სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს:
„ზოოპარკის ადგილზე უნდა გაკეთდეს რეკრეაციული პარკი, რომელსაც პირობით შეიძლება ეწოდოს „სოლიდარობის პარკი“. ქალაქის ცენტრში უნდა გაკეთდეს კარგი დასასვენებელი პარკი. ამ იდეას ჩვენ დავამუშავებთ პროექტის დონეზე“.
მეცნიერებაში არსებობს ცნობილი მეთოდები, ხეების სპეციალური ჯიშები, რომლის შესაბამისი მეთოდით დარგვის შემთხვევაში, ამ ხეებს შეუძლიათ სტიქიის პრევენციის ფუნქცია შეასრულონ...ლევან ლორთქიფანიძე
ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნის იდეით გამოდის გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე მუშტიც“. მათ ამ მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 17 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს უკვე. თუმცა მათი ინიციატივა მხოლოდ რეკრეაციული პარკის შექმნის იდეით არ შემოიფარგლება. ორგანიზაციის აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ახალი ცენტრალური ტყე-პარკის შემადგენლობაში სტიქიით დაზარალებული ვერეს ხეობის გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთებიც უნდა შევიდეს. მისი თქმით, ტყე-პარკს არა მხოლოდ რეკრეაციული, არამედ სტიქიის პრევენციის ფუქნციაც უნდა ჰქონდეს:
„მეცნიერებაში არსებობს ცნობილი მეთოდები, ხეების სპეციალური ჯიშები, რომლის შესაბამისი მეთოდით დარგვის შემთხვევაში, ამ ხეებს შეუძლიათ სტიქიის პრევენციის ფუნქცია შეასრულონ“.
ამასთანავე, „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ვერეს ხეობაში 2010 წელს გაჭრილი ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის ნაწილიც დღეს განადგურებულია, უნდა გაუქმდეს და ეს ტერიტორიაც ცენტრალურ პარკს შეუერთდეს. ასე ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძეც. მისი სიტყვებით, კარგი იქნება, თუკი მაგისტრალი ძველი სახით არ აღდგება და ეს ტერიტორია მთლიანად სარეკრეაციო ზონად იქცევა. თუმცა ერეკლე ურუშაძე ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ აუცილებელ უსაფრთხოების ნორმებზე, რომლებიც ცენტრალური პარკის გაშენებისას უნდა დაუცვან. ის ფიქრობს, რომ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ურბანისტები, გეოლოგები და ჰიდროლოგები, რათა ზუსტად გათვლილი რისკების საფუძველზე დაიწყოს პარკის მშენებლობა:
„მთავარია, რომ რაც გაკეთდება, ისე გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მოქალაქეების უსაფრთხოების ზომები და საფრთხე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ცხადია, სტიქიას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ პრევენციული ზომები უნდა იყოს გათვალისწინებული. სასურველია, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნას რეკრეაციული ზონა. მეც და ის ურბანისტებიც, ვისთანაც მისაუბრია, ფიქრობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იმთავითვე გაუმართლებელი იყო. თანამედროვე ქალაქგეგმარების ნებისმიერი სპეციალისტი ეტყოდა ხელისუფლებას, რომ შესაბამისი კვლევებით დიდი ხნის დადგენილია, რომ საავტომობილო ნაკადების ზრდასთან ბრძოლა შეუძლებელია დამატებითი გზების მშენებლობით. პირიქით, ყოველი ახალი გზა ახალ საავტომობილო ნაკადებს ქმნის და ხელს უწყობს მანქანების რიცხვის ზრდას. ამ ახალმა გზამაც თავის დროზე ხელი შეუწყო ავტომობილების რაოდენობის ზრდას. ქალაქში იმდენი ავტომობილი იქნება, რამდენ ახალ გზასაც ავაშენებთ. შესაბამისად, გზის შემცირება საპირისპიროს გამოიწვევს.
ამ მაგისტრალის მშენებლობა იყო შეცდომა. არც ერთ თანამედროვე ქალაქში აღარ ცდილობენ ავტომობილების ნაკადის შესამცირებლად ახალი გზის მშენებლობებს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ქალაქგეგმარებაზე, რომელიც იქნება ორიენტირებული, პირველ რიგში, ადამიანზე, წაახალისებს ფეხით სიარულსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას და ამის შემდეგ იქნება უკვე ორიენტირებული ინდივიდუალურ ავტოტრანსპორტზე“.
ქალაქის ხერგილებისაგან ნაწილობრივ განსატვირთად რომ ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის არსებობა აუცილებელია, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე. მისთვის საერთოდ მიუღებელია მაგისტრალის გაუქმებაზე ლაპარაკი. რაც შეეხება ვერეს ხეობაში რეკრეაციული პარკის მშენებლობას, ერეკლე ურუშაძის მსგავსად, ისიც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მაქსიმალურად გაითვლება რისკები, სტიქიის პრევენციისა და ევაკუაციისთვის შეიქმნება სათანადო სისტემა, ვერეს ხეობაში რეკრეაციული პარკის მშენებლობა უსაფრთხო იქნება. მისი თქმით, ამისათვის სწორი მენეჯმენტის განხორციელებაა საჭირო:
„როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ასეთი სახიფათო მახასიათებლების მდინარეა, რომელსაც აქვს უზარმაზარი წყლის შემკრები აუზი, ამას სჭირდება დაკვირვება. მილიონნახევრიანი ქალაქი ვალდებულია, რომ ამ ყველაფრის დაკვირვებისთვის ორი-სამი კაცი გამოყოს, რომელიც ამ მიმართულებით გახდება ქალაქის დარაჯი. დარაჯობს ქალაქს, რომ თუ რაღაც ხდება, - იქ თუ მეწყერი ჩამოწვა, იქ თუ წყალი მოვარდა, -უნდა შემოკრას განგაშის ზარი. თუ ვიცით, რომ გვაქვს საშიშროება ვერეს მხრიდან, ეს გათვლილი უნდა იყოს, რომ, მაგალითად, გამგეობაში დავალებული უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი საფრთხის შემცველ ადგილებში დაუყოვნებლივ მოახდინონ მოსახლეობის ევაკუაცია. ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაუშვებელია, მაგრამ თუკი უსაფრთხოებისა და პრევენციის ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული, მაშინ რეკრეაციული პარკის, ღია კინოს, კაფეს, სპორტული მოედნებისა და მსგავსი ობიექტების მშენებლობა, ცხადია, შეიძლება და ხალხმაც უნდა იაროს. მაგრამ უხვი ნალექი რომ წამოვა, იქ ვიღაცამ უნდა დააჭიროს განგაშის ღილაკს ხელი. ამას ჰქვია სწორი მენეჯმენტი. აბა, სხვანაირად როგორ უნდა იყოს? წვიმა რომ მოვა, დაიხოცოს ხალხი? დიახ, იქ უნდა აშენდეს პარკი, მაგრამ ჩვენ სიტუაციის მართვა უნდა შეგვეძლოს“.
არსებობს თუ არა სამსახური, რომელიც უხვი ნალექის, მოსალოდნელი მეწყრის შემთხვევაში ირაკლი როსტომაშვილის ნახსენებ ე. წ. განგაშის ზარს შემოკრავს? დავით კერესელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიდროლოგი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი სამსახური არ არსებობს. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში სწორედ ამ ფუნქციით შექმნილი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები დღეს გაუქმებულია:
„თუ გვინდა, რომ მოვახდინოთ სწორი პროგნოზირება მოვლენების, ეს სადგურები უნდა აღდგეს. იაპონიის მაგალითს მოვიყვან, სადაც ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ მომენტალურად აფასებენ სიტუაციას და ხდება დაუყოვნებელი მობილიზაცია. თუ ასეთი სისტემა და ქსელი გაკეთდება, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილებთ უბედურებას. ბეთანიის გზაზე მეწყერი რომ ჩამოწვა, თბილისში წყლის მოვარდნა ორი საათის მერე მოხდა. ჩვენ რომ ეს სისტემა აწყობილი გვქონოდა, ამ ორ საათში გამოვიყვანდით მოსახლეობას და მსხვერპლი არ იქნებოდა. სახლებს ვერ გადავარჩენდით, მაგრამ ადამიანები ხომ გადარჩებოდნენ, ახალგაზრდების სიცოცხლე ხომ არ მოისპობოდა?! აი, ამაშია საქმე. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც იმ თვალსაზრისით, რომ იცოდეს, რა ბედი ეწევა მას, თუკი არ დაემორჩილება იმ მოთხოვნებს, რომელთაც წაუყენებენ, მაგალითად, ევაკუაციის პროცესში. დიახ, უნდა არსებობდეს სამსახურები, რომლებიც ასეთ სიტუაციაში ივლიან მოსახლეობაში და ევაკუაციას გამოაცხადებენ“.
კიდევ ერთი გზა, რომელიც, დავით კერესელიძის აზრით, ვერეს ხეობას განმეორებითი დატბორვისგან დაიცავს და, თუკი იქ მომავალში ცენტრალური ტყე-პარკი გაშენდება, მოქალაქეების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, ეს ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, კაშხლის მშენებლობაა.