ბორჯომში 16 ოჯახი დახმარებას ითხოვს

ბორჯომი

ბორჯომში ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს შენობაში შეჭრილი 16 ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახები შენობაში, დაახლოებით, ორი წლის წინ შევიდნენ. ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გარეშე მყოფი ადამიანები შენობიდან გამოსახლების საფრთხის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ხელისუფლებამ მიტოვებული შენობების რეაბილიტაცია და დევნილების საკუთრებაში მათი გადაცემა გადაწყვიტა.

ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობას ამორტიზებული სახურავი და დამსხვრეული ფანჯრები აქვს. იმისათვის, რომ ზამთრის მკაცრ კლიმატს გაუძლონ, შენობაში უნებართვოდ შეჭრილმა ოჯახებმა მინების ადგილას პოლიეთილენის პარკები გააკრეს. დახმარებისათვის მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. 50-ზე მეტი ადამიანი შენობიდან გამოსახლების შემთხვევაში გამოსავლის ერთადერთ გზას პირადობის მოწმობის გაუქმებასა და დევნილის სტატუსის მოთხოვნაში ხედავს.

კითხვაზე, რა ბედი ელით ინფექციურ საავადმყოფოში შესახლებულებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს პასუხი არა აქვს. დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რის გამოც იგი ოჯახებს ვერ დაეხმარება. 16 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად ალტერნეტიული ფართია საჭირო, რომელიც, მისივე მტკიცებით, მუნიციპალიტეტში არ არსებობს.

ბორჯომში მცხოვრები უსახლკაროების ბედით მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც დაინტერესდა. გედევან ფოფხაძემ ინფორმაცია 16 ოჯახის გაუსაძლისი პირობების შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტებისგან შეიტყო. ირწმუნება, რომ, მათი გამოსახლების შემთხვევაში, თავად იზრუნებს მოსახლეობა უსახლკაროდ არ დარჩეს.

შენობაში სოციალურად დაუცველი ის ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც ძირითადად ხანძრის, მეწყრის ან იპოთეკური ვალის გამო დაზარალდნენ. აღნიშნული შენობა დევნილთა საცხოვრებელ ბინად უნდა გადაკეთდეს. დევნილის სტატუსის უქონლობის გამო მათ შენობიდან გამოსახლება ემუქრებათ. როგორ დაეხმარება ხელისუფლება შენობაში უკანონოდ შეჭრილ ოჯახებს, ჯერ გარკვეული არ არის.