ეგვიპტეში კრიზისი მწვავდება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამად მურსის მოუწოდებს, ყური დაუგდოს ოპონენტებს. ამ მოწოდების ფონია მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ეგვიპტეში, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამად მურსის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი კრიზისის მოგვარების საკუთარი გეგმის განხორციელებას აპირებს, მიუხედავად არმიის ულტიმატუმისა, რომ, თუ ხელისუფლება და მისი ოპონენტები 48 საათში ვერ მიაღწევენ კომპრომისს, სამხედრობი მათ საკუთარ გეგმას, „გზამკვლევს“ შესთავაზებენ.

ულტიმატუმი ორშაბათს, საღამო ხანს გამოაცხადა ეგვიპტის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-სისიმ:

„შეიარაღებული ძალები კვლავ გამოდიან პოლიტიკური პარტიებისადმი მოწოდებით, შეასრულონ ხალხის მოთხოვნა, და უყენებენ ულტიმატუმს - აძლევენ 48 საათს საიმისოდ, რომ თავი გაართვან ისტორიულ ვითარებას, რომელშიც ახლა იმყოფება ეგვიპტელი ხალხი. არ ეპატიება ხელისუფლებას, რომელიც თავს ვერ გაართმევს თავის პასუხისმგებლობას“.

გენერალმა ალ-სისიმ დასძინა, რომ ხალხმა მასშტაბურ დემონსტრაციებზე გამოხატა თავისი ნება, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს.

მოგვიანებით ეგვიპტელმა სამხედროებმა უარყვეს ულტიმატუმის წამოყენებით გამოწვეული ვარაუდი, რომ ისინი სამხედრო გადატრიალებას ამზადებენ. არმია ირწმუნება, რომ მიზანია მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების მიღწევა.

შეუძლებელია სამხედროებმა ოდესმე აიღონ ხელი ეგვიპტელი ხალხის დაცვაზე. მათი განცხადება ხაზს უსვამს, რომ თავს შეიკავებენ პოლიტიკური კონკურენციისაგან და არ აპირებენ ძალაუფლებისათვის ბრძოლას...
სამეჰ აშური
ოპოზიცია პრეზიდენტ მურსის ადანაშაულებს თავისი პოლიტიკურ-რელიგიური ორგანიზაციის, „მუსლიმთა საძმოსათვის“ მეტისმეტად ძლიერი პოზიციების მინიჭებასა და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობაში. კვირას საპროტესტო აქციებისა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად დაიღუპა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 16 ადამიანი. იმავე კვირას, 30 ივნისს, პრეზიდენტობის პირველი წელი შეუსრულდა მურსის.

ახლაც ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი ტაჰრირის მოედანზე კაიროში, აქციები გრძელდება ეგვიპტის სხვა ქალაქებშიც.

კრიზისთან დაკავშირებით ეგვიპტეში ამ კვირაში რამდენიმე მინისტრი გადადგა, მათ შორის, საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

როგორც იუწყებიან, წამყვანმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ „ეროვნული ხსნის ფრონტმა“ გამორიცხა პრეზიდენტ მურსისთან მოლაპარაკება და განაცხადა, რომ მოლაპარაკებას გამართავს გენერალ ალ-სისისთან ულტიმატუმით განსაზღვრული 48-საათის ამოწურვის შემდეგ.

„ეროვნული ხსნის ფრონტის“ პრესმდივნის სამეჰ აშურის განცხადება ცხადყოფს, რომ ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებს ეგვიპტის არმიაზე:

„შეუძლებელია სამხედროებმა ოდესმე აიღონ ხელი ეგვიპტელი ხალხის დაცვაზე. მათი განცხადება ხაზს უსვამს, რომ თავს შეიკავებენ პოლიტიკური კონკურენციისაგან და არ აპირებენ ძალაუფლებისათვის ბრძოლას. განცხადება ხაზს უსვამს იმასაც, რომ სამხედროები პატივს სცემენ დემოკრატიის პრინციპებსა და ხალხის ნებას“.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ეგვიპტელებს მოუწოდებს, მოძებნონ გზა უთანხმოების დემოკრატიულად მოსაგვარებლად. ამ მოწოდებას სამშაბათს დაემატა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებაც. ობამა ტანზანიაში ვიზიტისას შეეხო ეგვიპტეში კრიზისის საკითხს და პრეზიდენტ მურსის მოუწოდა, ყური დაუგდოს თანამემამულეების მოთხოვნებს.

ობამას განცხადებით, ვაშინგტონი „მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესს ეგვიპტეში და არა ერთ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს“.