რადიო თავისუფლებამ თხოვნით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, კომენტარი გაეკეთებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ გულდასმით ადევნებს თვალყურს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებსა და მათი საქმეების გამოძიებას. მისი სიტყვებით, აშშ-მა საქართველოს მთავრობას მკაფიოდ უთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი გამოძიებებისა და სასამართლოს წესით დევნის განხორციელება პროცედურის სრული დაცვით და რომ დაუშვებელია პოლიტიკური ანგარიშსწორება. „ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ - საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - მიმავალ გზაზე“, განუცხადა რადიო თავისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.