ადვოკატი: ტეხასში დაღუპული ბიჭუნას სხეულზე სისხლჩაქცევები სხვების ჩარევას არ გამოუწვევია

მოსკოვში ტეხასში რუსეთიდან შვილად აყვანილი პატარა ბიჭის დაღუპვას აპროტსტებენ.

ტეხასში დაღუპული, რუსეთიდან შვილად აყვანილი პატარა ბიჭის, მაქს შატოს მშობლების ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვის სხეულზე აღმოჩენილი სისხლჩაქცევები გარეშე პირის ჩარევას არ გამოუწვევია. გთავაზობთ ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტის, რიჩარდ სოლაშის რეპორტაჟს.

გასულ თვეში ტეხასის შტატში რუსეთიდან შვილად აყვანილი პატარა ბიჭის, მაქს შატოს სიკვდილს მოსკოვში სკანდალი, მწვავე განცხადებები და მკვლელობაში ბრალდებები მოჰყვა.

ბიჭის ამერიკელი მშობლების ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვის გვამზე აღმოჩენილი სისხლჩაქცევები სხვების ჩარევით არ უნდა იყოს გამოწვეული.
აი რა უთხრა ადვოკატმა მაიკლ ბრაუნმა რადიო თავისუფლებას: „რთული საკითხია. ბავშვი თავად იყო მსხვერპლი მის მიერვე მიყენებული სისხლჩაქცევებისა. აღმოჩენილ დალურჯებებს გრძელი ისტორია აქვს, რომელიც არ ესადაგება [რუსების] ამ პატარა ფორმულას. ისინი ბავშვის სხეულზე დალურჯებას თუ აღმოაჩენენ, მაშინვე ამბობენ, ეს მშობელმა გააკეთაო. მაგრამ რუსეთიდან შვილად აყვანის პროცესს და საკუთრივ ამ ბავშვს გრძელი ისტორია აქვს“.

შეკითხვას, ხომ არ გულისხმობს, რომ ბავშვს ემოციური პრობლემები ჰქონდა, ბრაუნმა უპასუხა, დიახო. თუმცა ეს თემა არ განუვრცია.

სამი წლის მაქს შატო, რომელსაც რუსეთში მაქსიმ კუზმინი ერქვა, 21 იანვარს ტეხასის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, პატარა ქალაქ გარდენდეილში, შატოების სახლში, იმ დღეს, უფრო ადრე, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ეზოში თამაშისას ცოტა ხნით ზედამხედველობის გარეშე დარჩა და ამ მომენტში კოლაფსი დაემართა.

ექტორის საგრაფოს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მთავარმა გამომძიებელმა, შირლი სტენდეფერმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბავშვის გვამი გაკვეთამდე დაათვალიერა და დიდ ფართობზე აღმოაჩინა სისხლჩაქცევები და სილურჯე.

გამოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბავშვის სიკვდილის მიზეზების შესახებ დასკვნა შესაძლოა უკვე რამდენიმე დღეში გამოქვეყნდეს.
არ მოველი ბრალის წაყენებას. ეს არ ნიშნავს, რომ ამას გამოვრიცხავ, მაგრამ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ნანახი მაქვს, და იმ საუბრების გათვალისწინებით, რომლებიც ხალხთან მქონდა, არ მოველი ასეთ შესაძლებლობას...
მაიკლ ბრაუნი

ეს საქმე საერთაშორისო მასშტაბის სკანდალში გადაიზარდა რამდენიმე კვირის წინ, როცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა, პაველ ასტახოვმა, განაცხადა, ბავშვი სიკვდილამდე სასტიკად იყო ნაცემი და ფსიქოტროპული მედიკამენტები ჰქონდა მიღებულიო. რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო მედიამ ბიჭის შვილად ამყვან დედას, ლორა შატოს, მკვლელობაში დასდეს ბრალი.

რუსეთის ოფიციალური პირები ამ საქმეს იყენებენ იმ ახლახან მიღებული კანონის გასამართლებლად, რომელიც კრძალავს ბავშვების აშშ-ის მოქალაქეებზე გაშვილებას. ეს კანონი ბევრმა აღიქვა პოლიტიკურ პასუხად აშშ-ში შემოღებული კანონისა, რომელსაც სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების სახელით იცნობენ. ეს კანონი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ხელი დეკემბერში მოაწერა, სანქციებს უწესებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში დამნაშავე რუს ოფიციალურ პირებს.

შატოების ადვოკატი, რომელიც, რადიო თავისუფლების ცნობით, ოჯახმა ბავშვის სიკვდილის შემდეგ დაიქირავა, რუსი ოფიციალური პირების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„ასტახოვისთვის ფაქტები ხელმისაწვდომი არ არის. ამ ბრალდებებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით გამოთქვამსო“, - ამბობს ბრაუნი.

ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მის კლიენტებს ბრალს არ წაუყენებენ:
„არ მოველი ბრალის წაყენებას. ეს არ ნიშნავს, რომ ამას გამოვრიცხავ, მაგრამ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ნანახი მაქვს, და იმ საუბრების გათვალისწინებით, რომლებიც ხალხთან მქონდა, არ მოველი ასეთ შესაძლებლობას. მე არ ვთვლი, რომ მაქს შატოს სიკვდილში რაიმე ფორმით ერია ლორა შატოს ხელი“.

სამედიცინო დასკვნა უკვე მალე გახდება ცნობილი. მანამდე, როგორც იუწყებიან, ლორა შატოს შეზღუდული აქვს მეორე აყვანილი შვილის, მაქსის ბიოლოგიური ნახევარძმის, ორი წლის კრისტოფერის, იმავე კირილის, მონახულების საათები. ბავშვი მამასთან, ალან შატოსთან ერთადაა, დედა კი, ლორა, დროებით სხვაგან ცხოვრობს.