„ირანზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმა ფართომასშტაბიანი ომის რისკს შეიცავს“

აშშ-ის მთავრობის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლები, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები, ყოფილი სამხედრო ოფიცრები - მათი რიცხვი სულ 30-ია - თავიანთ ანგარიშში ერთხმად აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმა შეიცავს რისკს ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს ის ახლო აღმოსავლეთში. ანგარიშის ავტორების აზრით, ასეთი თავდასხმა ირანის რეჟიმს უთუოდ შეარყევს, მაგრამ თეირანი შეეცდება შური იძიოს, პირდაპირ თუ ირიბად. დოკუმენტის ავტორების ერთობლივი ნაფიქრი ისაა, რომ ატომური ბომბის შექმნა, ასეთი თავდასხმის შედეგად, ირანისთვის რამდენიმე წლით გადაიდება. ამავე დროს, ირანის საზოგადოებრიობა მხარში დაუდგება რელიგიურ ხელისუფლებას და ასეთი კონსოლიდაცია რეჟიმს კიდევ უფრო გაამყარებს. ამ ანგარიშში რეკომენდაციებს და კატეგორიულ დასკვნებს ვერ ამოიკითხავთ. ირანზე თავდასხმის თემა ამოტივტივდება ხოლმე თეირანის ბირთვული პროგრამის კონტექსტში, რამდენადაც დასავლეთში არსებობს ვარაუდი, რომ ის სამხედრო ნაწილსაც, ანუ ბომბის შექმნის მცდელობასაც, შეიცავს. თუმცა ირანი ამას კატეგორიულად უარყოფს და იცავს თავის უფლებას განავითაროს ბირთვული ენერგეტიკა. ანგარიშში წერია, რომ ბირთვული პროგრამის დროებით შეჩერების მისაღწევად საჭირო იქნება ხმელეთზე სამხედრო მოქმედება, ტერიტორიის ოკუპაცია, რაც მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ეს ერაყსა და ავღანეთის ომებში იყო საჭირო. ანგარიშში გარკვევით წაიკითხავთ, რომ ბირთვული იარაღის შექმნის პოტენცია ირანს ასეთი ომით - სამხედრო და ბირთვული ობიექტების განადგურებით - მხოლოდ დროებით წაერთმევა. თუ აშშ მარტო ან ისრაელთან ერთად განახორციელებს გაფართოებულ სამხედრო დარტყმებს, ირანის შესაძლებლობა შექმნას ბირთვული ბომბი, ორი ან ოთხი წლით გადაიდება, ხოლო თუ მხოლოდ ისრაელი დაესხა თავს, პროცესი ორი წლით შეფერხდება, გამოთვალეს ამერიკელმა სპეციალისტებმა. ინტელექტუალურ პოტენციალს ვერ მოკლავთ, ამბობს არმიის გადამდგარი გენერალი ფრენკ კიერნი, რომელიც ანგარიშის პოზიციას ეთანხმება. კიერნი აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე იყო და აშშ-ის საგანგებო ოპერაციების სამეთაურო ცენტრის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
სამხედრო დარტყმა სიგნალი იქნებოდა სხვებისთვისაც ახლო აღმოსავლეთში და სხვაგან, ვინც გავრცელებაზე ფიქრობს. ანუ, თუ ისინიც გაბედავენ მსგავსს, ეცოდინებათ, რომ იგივე დაემართებათ ...
ჯეიმს უოლში

ანგარიშის თანაავტორი ჯეიმს უოლში, საერთაშორისო უშიშროების ექსპერტი, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უსაფრთხოების ინსტიტუტის პროგრამაშია ჩართული მეცნიერ-თანამშრომლად, ფიქრობს, რომ ირანზე თავდასხმა წაადგებოდა ბირთვული ტექნოლოგიის გაუვრცელებლობის საქმეს.

„სამხედრო დარტყმა სიგნალი იქნებოდა სხვებისთვისაც ახლო აღმოსავლეთში და სხვაგან, ვინც გავრცელებაზე ფიქრობს. ანუ, თუ ისინიც გაბედავენ მსგავსს, ეცოდინებათ, რომ იგივე დაემართებათ. ეს იქნებოდა სასარგებლო გაუვრცელებლობის საქმისთვის - იქნებოდა, ასე ვთქვათ, შემაკავებელი სიგნალი. ამასთან, აშშ-ის მოკავშირეებს - მათ შორის, საუდის არაბეთს - დაარწმუნებდით, რომ არ დაუშვებთ მოწინააღმდეგე ძალებმა იქონიონ ბირთვული იარაღი და მათ დაემუქრონ“, - ასე განსჯის ბირთვული ტექნოლოგიის გაუვრცელებლობის სასარგებლოდ გადამდგარი ამერიკელი გენერალი.

თომას პიკერინგი, რომელიც ამავე ქვეყნის ელჩად მუშაობდა ადრე გაეროში, ფიქრობს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა მნიშვნელოვან და ხანგრძლივ გავლენას იქონიებდა რეგიონალური და გლობალური თვალსაზრისით:

„შესაძლებელია და, ალბათ, ასეც იქნება: მოხდება აშშ-ის მიმართ სოლიდარობის შესუსტება ამ რეგიონში და მის გარეთაც, კერძოდ, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საქმეში.“

პიკერინგი ამატებს, რომ ირანისთვის, ამასთან, გაიზრდება მოტივაცია, შექმნას ბირთვული იარაღი, რადგან ეს დაშინების საშუალება იქნება სამომავლო დარტყმების წინააღმდეგ.