ამერიკის საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

თეთრი სახლი

2015 წელი ამერიკისთვის ბევრი დაუსრულებელი საქმით დაიწყო, მათ შორის არის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხები - კონფლიქტი უკრაინაში, სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე, ბირთვული მოლაპარაკებები ირანთან, ისლამური სახელმწიფო და კავშირების აღდგენა კუბასთან.

„13 წლის შემდეგ, ავღანეთში ჩვენი საბრძოლო მისია დასრულდა “ - ამ სიტყვებით დეკემბერში პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასასრული გამოაცხადა. მაგრამ საბრძოლო მისიის დასრულება ამერიკის დახმარების დასრულებას არ ნიშნავს.

საჰაერო მხარდაჭერა, ტრენინგი და კონტრტერორიზმი ავღანეთში დარჩენილი 10 ათასი ჯარისკაცის დღისწესრიგში რჩება.

სირცხვილია რომ ახლა ამერიკას ადამიანის უფლებებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე წინ "ისლამური სახელმწიფოს" დაყენება უწევს“
მარკ ლოგანი, ფრიდომ ჰაუსის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები ტერორიზმთან ბრძოლას ამჯერად "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლით გააგრძელებს. 2014 წელს აღმოცენებულმა ჯგუფმა სწრაფად მოიპოვა კონტროლი ერაყის და სირიის ტერიტორიებზე და დასავლეთის მოქალაქეებზე ნადირობა გამოაცხადა.

„ახლა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა აუცილებლობაა, ამას გარკვეულ წილად ხელი იმანაც შეუწყო, რომ წარსულში ობამამ სირიის მიმართ სათანადო პოლიტიკა არ გაატარა. სირცხვილია რომ ახლა ამერიკას ადამიანის უფლებებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე წინ "ისლამური სახელმწიფოს" დაყენება უწევს,“ ამბობს ფრიდომ ჰაუსის პრეზიდენტი მარკ ლოგანი.

ასევე პრიორიტეტულია ბირთვული მოლაპარაკებები ირანთან. ამერიკის, ირანის და მსოფლიოს 5 ლიდერი სახელმწიფოს მოლაპარაკებები 2015-ში გაგრძელდება, აქამდე დათქმულ ვადებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

„ეს მოლაპარაკებები მხოლოდ იმიტომ რომ ვადები გადავწიეთ უფრო ადვილი არ გახდება. ეს რთული პროცესია. რთული იყო და რთული იქნება,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ენტონი არენდი ამბობს, რომ მოლაპარაკებების წარმატებაზე საუბარი ნაადრევია:

„ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება. ირანთან მოლაპარაკებებს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ისრაელი, მას ეშინია ირანის ბირთვული პროგრამის. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს მოლაპარაკებებზე და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. ასე რომ წარმატებაზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვით.“

რამდენადაც უნცაურად არ უნდა ჟღერდეს, კუბისთვის კარების გაღება შეიძლება იყოს მესიჯი, რომ ამერიკა მზად არის ითანამშრომლოს მათთან, ვინც წარსულში „პერსონან ნონ-გრატა“ იყო”
ენტონი არენდი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი

ამერიკის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი დაძაბული ნაწილი რუსეთია. ამერიკა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მოიხსნება თუ ის უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანს.

ფრიდომ ჰაუსის პრეზიდენტის თქმით მთავარია დასავლეთმა ერთიანი პოზიცია შეინარჩუნოს:

“სანქციებმა შედეგი გამოიღო, მაგრამ ამ ბრძოლაშიც ინიციატორი პუტინი იყო, ამერიკის პოლიტიკა კი მასზე ახდენდა რეაგირებას. დასავლური ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა, ბევრი დიპლომატისგან მსმენია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამაზე ღელავენ”

50 წლიანი ემბარგოს შემდეგ ამერიკა დიპლომატიური კავშირების აღდგენას იწყებს კუბასთან. ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს 21 იანვარს ჰავანაში შეხვდებიან.

“რამდენადაც უნცაურად არ უნდა ჟღერდეს, კუბისთვის კარების გაღება შეიძლება იყოს მესიჯი, რომ ამერიკა მზად არის ითანამშრომლოს მათთან, ვინც წარსულში „პერსონან ნონ-გრატა“ იყო” ამბობს არენდი.

ექსპერტების თქმით ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ობამას მკაფიო საგარეო პოლიტიკა დასჭირდება, რაც რესპუბლიკური კონგრესის პირობებში უფრო რთული მისია იქნება ვიდრე მაგალითად შარშან იყო.