ამერიკის პრეზიდენტობის მსურველთა რიგები თანდათან ივსება. დღეს მათი რაოდენობა დემოკრატებში უკვე 4 პრეტენდენტს, რესპუბლიკელებში კი ბევრად მეტს 7 კანდიდატს აღწევს.
ჰილარი კლინტონის სახით დემოკრატთა საპრეზიდენტო კამპანიას საკმაოდ გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს. რასაც ვერ ვიტყვით რესპუბლიკელ კანდიდატებზე. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მინიმალურ უპირატესობას ფლობს ფლორიდის ახალგაზრდა სენატორი მარკო რუბიო.
რესპუბლიკელ პრეტენდენტთა მთავარ სამიზნედ ისევ ჰილარი კლინტონი რჩება. სენატორი რენდ პოლი ყოფილ სახელმწიფო მდივანს ყველაზე მეტად საგარეო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს, კერძოდ - ბენღაზიში მომხდარი ტერორისტული იერიშის ფაქტზე. 2012 წელს ლიბიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმაში შეერთებული შტატების ელჩი და ამერიკის 3 მოქალაქე დაიღუპა.
„სამსახურისდმი აგდებულმა დამოკიდებულებამ და მოვალეობის შეუსრულებლობამ, ჩვენი ძალების და დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფამ მას სამუდამოდ უნდა გადაუკეტოს გზა უმაღლესი პოსტის დაკავებისკენ“ - აცხადებს ის ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.
გასულ კვირას გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ოფისს თავის მართლება სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის ბრალდებებზეც უწევს. საუბარია „კლინტონის ფონდისთვის“ უცხოეთიდან გადარიცხულ თანხებზე, რაც მისი სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ხორციელდებოდა.
ამ ეტაპზე ჰილარი კლინტონს კამპანიის წარმოება უმეტესად თავდაცვით პოზიციაში ყოფნის ფონზე უწევს. თუმცა, არკანზასის შტატში გამართულ შეხვედრაზე ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ის მსგავსი თავდასხმებისთვის მზად იყო.
„მე მზად ვარ ამისთვის. სამწუხაროდ ეს თან ახლავს ჩვენს საქმეს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რესპუბლიკელები, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემზე ლაპარაკობენ. არ ვიცი, რაზე გაამახვილებდნენ ყურადღებას, მე რომ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებდე. მაგრამ აქ ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ მალე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადავალთ. ამას სულმოუთქმელად ველოდებიი“ - აცხადებს ჰილარი კლინტონი.
რესპუბლიკელთა 19 ოფიციალური, თუ არაოფიციალური კანდიდატი ცოტა ხნის წინ ნიუ ჰემფშირის შტატში შეიკრიბა. რეგისტრირებულ რესპუბლიკელთა შორის ჩატარებულ გამოკითხვებში სენატორ მარკო რუბიოს პოპულარობით სულ 2 პროცენტით ჩამორჩება ჯებ ბუში, ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ძმა.
პოლიტოლოგები მოელიან, რომ გამოკვეთილი ლიდერის არარსებობის პირობებში რესპუბლიკელ პრეტენდენტთა რაოდენობა სულ ცოტა, გაორმაგდება. შესაბამისად, ნომინაციისთვის ბრძოლის პროცესი შეიძლება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
„სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ ვხედავ კანდიდატს, რომელიც საკმარის სტანდარტს აღწევს. - რომლის მიერ წამოწეული საკითხები დაგაფიქრებს და გათქმევინებს: ღმერთო ჩემო, სწორედ ეს არის ის, რადაც ამერიკა, ან მსოფლიო უნდა იქცეს“ - აღნიშნავს სკოტ ფოლკნერი, რესპუბლიკელთა სტრატეგი.
დანარჩენი დემოკრატი თუ რესპუბლიკელი კანდიდატების ვინაობას მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავიგებთ.