ობამას საპრეზიდენტო მმართველობა ფოტოებში
ბარაკ ობამა თავის მეუღლესთან, მიშელთან, და ქალიშვილებთან, მალიასთან და საშასთან ერთად უახლოვდება ტრიბუნას, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტად ფიცის დასადებად. ცერემონია გაიმართა ვაშინგტონში, 2009 წლის 20 იანვარს.
2009 წლის 21 იანვარს გადაღებულ ამ ფოტოზე ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ემზადება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შესასვლელად. მმართველობის პირველივე დღეებში ობამამ გამოსცა განკარგულება კუბაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის ციხეში, დამსჯელი ღონისძიებების 120 დღით შეწყვეტისა და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ციხის დახურვის შესახებ. ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადა დასასრულს მიუახლოვდა, საპატიმრო კი ჯერაც მოქმედებს.
2009 წლის 27 თებერვალს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ ერაყში აშშ-ის საბრძლო მოქმედებების შეწყვეტის ოფიციალურ თარიღად დაასახელა 2010 წლის 31 აგვისტო. მისი მემკვიდრის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ერაყიდან სამხედრო ძალის გაყვანამ შექმნა ვაკუუმი, რომელმაც სათავე დაუდო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებას.
2009 წლის 5 აპრილს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტუმრობისას, ობამამ სიტყვა წარმოთქვა ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის, ტომაშ გარიგ მასარიკის ძეგლთან და პირობა დადო, რომ აშშ იქნებოდა მოწინავე „მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მთელს მსოფლიოში, სადაც აღარ იარსებებდა ბირთვული იარაღი.“
2009 წლის 25 სექტემბერს, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გაიმართა დიდი ოცეულის სამიტი. ფოტოზე ობამას გვერდით არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (შუაში) და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. ლიდერებმა ისაუბრეს ირანის ერთ დროს საიდუმლო ბირთვული ობიექტის შესახებ და თეირანს მოსთხოვეს საერთაშორისო ინსპექტორებთან თანამშრომლობა.
2009 წლის 9 ოქტომბერს, ოვალურ კაბინეტში გადაღებულ ამ სურათზე ობამა ტელეფონით ლაპარაკობს. მან ახლახან შეიტყო, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ეს პატივი ობამას პირველი ვადით პრეზიდენტობის ცხრა თვის თავზე ერგო.
პრეზიდენტი ესალმება ერთ-ერთ მხარდამჭერსა და მის შვილს ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში, 2010 წლის 30 მარტს, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც შესაძლებელი გახადა „ხელმისაწვდომი უზრუნველყოფის აქტის“ ამოქმედება. „ობამაკერის“ სახელით ცნობილმა ამ აქტმა სამედიცინო დაზღვევის არმქონე 20 მილიონამდე ამერიკელი უზრუნველყო ამ მომსახურებით.
2010 წლის 28 მაისს ობამა ესტუმრა ლუიზიანის შტატში მდებარე ფურშონის პორტს, რომლის მახლობლად, ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ კუთვნილ საბურღ პლატფორმაზე მომხდარმა აფეთქებამ ნავთობით წყლის უმძიმესი დაბინძურება გამოიწვია აშშ-ის ისტორიაში.
2011 წლის 1 მაისს, თეთრი სახლის საგანგებო ვითარებათა ოთახში შეიკრიბნენ პრეზიდენტი და მისი სახელმწიფო უსაფრთხოების გუნდი. ამასობაში აშშ-ის სპეცრაზმელები პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ახორციელებენ ოპერაციას ალ-ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის გასანადგურებლად. ოპერაციის შედეგად მოკლეს ბინ ლადენი და მისი ექსტრემისტული დაჯგუფების ოთხი წევრი.
ეს ფოტო გადაღებულია 2012 წლის 1 იანვარს, ჰავაის კუნძულებთან მდებარე კანიოეს ყურეში. ბარაკ ობამა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც ჰავაის კუნძულებზე დაიბადა.
ობამა სიტყვას წარმოთქვამს ჩიკაგოში, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გამარჯვების შემდეგ (2012 წლის 6 ნოემბერი).
ობამამ ღრმა მწუხარება გამოხატა 2012 წლის 14 დეკემბერს, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუტონის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. იქ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს, რის შედეგადაც დაიღუპა 18 ბავშვი და რვა მოზრდილი.
ობამა უკრაინაში შექმნილ კრიზისზე ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ეს სატელეფონო საუბარი შედგა 2014 წლის 1 მარტს, 18 მარტს კი რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია მოახდინა.
2014 წლის 15 დეკემბერს გადაღებულ ამ ფოტოზე ასახულია მომენტი, როცა პრეზიდენტი მადლობას უხდის ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ რაიტსტაუნის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ ჯარისკაცებს. ამ ვიზიტიდან სულ ცოტა ხანში, 28 დეკემბერს, ობამამ დამთავრებულად გამოაცხადა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესაუბრება ობამას დიდი შვიდეულის სამიტის სამუშაო სესიის შემდეგ, რომელიც გაიმართა 2015 წლის 8 ივნისს გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენის მახლობლად.
2015 წლის 15 ივლისს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბარაკ ობამამა უპასუხა კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა წინა დღეებში ირანთან გაფორმებულ უმნიშნელოვანეს შეთანხმებას. ირანი და მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები შეთანხმდნენ თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
2016 წლის 18 თებერვალს, თეთრ სახლში, მიშელ და ბარკ ობამებმა იცეკვეს 106 წლის ვირჯინია მაკლორინთან ერთად. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ უმასპინძლეს მიღებას აფრო-ამერიკული ისტორიის ერთთთვიურის ფარგლებში.
ობამა და კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო 2016 წლის 21 მარტს, ჰავანის რევოლუციის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. ეს იყო კუბაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 1959 წლის რევოლუციის შემდეგ. ობამასა და რაულ კასტროს შეხვედრა ორი ქვეყნის ურთიერთობის დათბობის მაუწყებლად იქცა.
პრეზიდენტი და პირველი ლედი ცალ-ცალკე, პარტნიორებთან ერთად ასრულებენ ტანგოს ოფიციალურ ვახშამზე, რომელსაც 2016 წლის 23 მარტს ბუენოს-აირესში უმასპინძლა არგენტინის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ.
ობამას პრესმდივნის ჯოშ ერნესტის ვაჟი უოკერი კუნთების დაჭიმვაში ეჯიბრება პრეზიდენტს ჰელოუინის აღსანიშნავად, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე (2016 წლის 31 ოქტომბერი).
2016 წლის 10 ნოემბერს ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, ობამა ესაუბრება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს დონალდ ტრამპს ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადაბარების საკითხებზე.