ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს 230 ბენეფიციარი რამდენიმე დღე საკვების გარეშე დარჩა. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, სასადილოს კერძები 31 დეკემბრიდან თითქმის ერთი კვირის განმავლობაში არ მოუმზადებია. ნინო ცქირიამ, რომელიც ამ მომსახურებით უკვე მეოთხე წელია სარგებლობს, აღნიშნა, რომ სასადილომ საკვების დარიგება მხოლოდ საშობაოდ მოახერხა:
„6-7 დღე იქნება, არ მიგვიღია საკვები. ახალი თანამშრომლები არიანო, მზად არ იყოო საჭმელი და ისე ვიყავით“.
მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი 230 ბენეფიციარისთვის საკვების მიწოდება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ეფექტს“ ევალება. როგორც მისი დირექტორი ნატალია მეფარიშვილი განმარტავს, რეალურად ადგილი ჰქონდა ხუთდღიან წყვეტას, რაც ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებით თუ სხვა საჭირო პროცედურებით იყო გამოწვეული:
„წესით, ჩვენ 13-მდე არ უნდა გაგვეხსნა სასადილო, ესეც პროცედურის ნაწილია, მაგრამ შევთანხმდით, ბენეფიციარებზე ვიფიქრეთ, რომ ცოდვები იყვნენ“.
უფასო სასადილოს ბენეფიციარების პარალელურად, საკვების მოწოდების შეფერხების გამო ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის საკრებულოში მოქმედმა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ უსაყვედურა. დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი თვით ადრე იცოდა, რომ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად არაფერი იღონა:
„ვერაფრით დაგვაჯერებს მერიის შესყიდვების სამსახური, რომ უფრო ადრე არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ ეს 230 ბენეფიციარი არ დარჩენილიყო მშიერი, მით უმეტეს, რომ მათ ამ ტენდერის შესახებ იცოდნენ ერთი თვით ადრე. მათ იცოდნენ, რომ ეს პრობლემა დადგებოდა“.
ქალაქ ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას განცხადებით, ტენდერი, კანონის შესაბამისად, არ შეიძლებოდა გამოცხადებულიყო 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, საფინანსო დოკუმენტი კი მხოლოდ 22 დეკემბერს მიიღეს და ტენდერის გამოცხადების პროცედურა მომდევნო დღესვე დაიწყო:
„შესყიდვების განყოფილებამ პროცედურები დაიწყო 23 დეკემბერს, მაგრამ, სამწუხაროდ, 31 დეკემბრის ჩათვლით, ტენდერის ოფიციალურად გამოცხადება ვერ მოესწრო. დოკუმენტები შედგენილი იყო, მაგრამ შესყიდვების სააგენტოს ჩვენთვის უნდა დაედასტურებინა, როგორც კანონი და წესი ითვალისწინებს, გამოცხადებული ტენდერი, რაც იმას ითვალისწინებს, რომ გამოცხადებულ ტენდერს ენიჭება ნომერი, ენიჭება თარიღი. ეს, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო 30-მდე“, - განაცხადა მურთაზ ბოკუჩავამ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპისთვის პრობლემა მოგვარებულია. მიუხედავად ამისა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებს, შესასწავლია მიზეზები, რატომ ვერ მოხერხდა ბენეფიციართა სრულყოფილი მომსახურება:
„ჩვენ ვთხოვეთ შიდა აუდიტის სამსახურს, რომ შეესწავლა ის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, რის გამოც მოხდა ეს შეფერხება. რამდენიმე დღეში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა გავეცნოთ იმ შეფასებას, რომელსაც მოგვაწვდის აღნიშული უწყება“.
სულ კვებისთვის ზუგდიდის უფასო სასადილოში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 102 ათას 999 ლარია განსაზღვრული, რაც დღეში თითო ბენეფიციარზე, დაახლოებით, ერთ ლარსა და 32 თეთრს შეადგენს.