თბილისის საბჭოთა მიწისქვეშეთი

თბილისის ქუჩების ქვეშ მდებარეობს გვირაბების, ბომბსაფრებისა და საბჭოთა პერიოდის საკნების ქსელი, რომელთა შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ არაფერი იცის. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფოტოგრაფი დავით თაბაგარი გაეცნო ამ მდუმარე მიწისქვეშეთს და ამას გასაოცარი შედეგები მოჰყვა.

ფოტოგრაფი დავით თაბაგარი

2021 წლის გაზაფხულიდან პროფესიონალი ფოტოგრაფი დაინტერესდა შესასვლელებით, რომლებსაც გამვლელთა უმრავლესობა ვერც ამჩნევს. ამ ერთი შეხედვით უინტერესო შესასვლელებიდან ბევრს შევყავართ საიდუმლოებით მოცული და ბნელი წარსულის სამყაროში.

რკინიგზის რელსები თბილისის ქვეშ.

თაბაგარის თქმით, ის თბილისის მერიაში მუშაობს და ეს მას დაეხმარა იმის თაობაზე ინფორმაციის მოპოვებაში, თუ სად არის განლაგებული თბილისის ქვეშ საბჭოთა პერიოდის ობიექტები.

ბომბსაფრის შესასვლელი აფეთქებისგან დამცავი მასიური კარებით.

მაგრამ თაბაგარი ამბობს, რომ მისი ძიების უდიდესი ნაწილი ემყარება ქუჩის დონეზე მდებარე სპეციფიკური სავენტილაციო ცხაურების აღმოჩენას და მიწისქვეშეთით დაინტერესებული ადამიანების, ე.წ. „მთხრელების“ სხვადასხვა ქსელებიდან შეგროვებულ ინფორმაციას.

იოსებ სტალინის სახელწოდების არყის ბოთლი მიწისქვეშა ბომბსაფარში.

თბილისელი „მთხრელები“ არიან თავგადასავლების მოყვარულები, რომლებიც ხშირად ჩადიან მიწისქვეშ მდებარე ამ საიდუმლო ადგილებში და თავიანთი აღმოჩენების შესახებ ზოგჯერ სოციალური მედიის ჯგუფებში უზიარებენ ხოლმე ერთმანეთს ინფორმაციას.

თბილისის ქვეშ დიდ სიღრმეზე მდებარე გვირაბისკენ მიმავალი კიბე.

თბილისის მიწისქვეშეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მწირია. ჟურნალისტისა და მკვლევრის, ემილ ავდალიანის თანახმად, მიწისქვეშა ქსელის უდიდესი ნაწილი საბჭოთა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ავადსახსენებელმა ლავრენტი ბერიამ გაიყვანა.

ლავრენტი ბერია (მარჯვნივ) იოსებ სტალინის ქალიშვილთან, სვეტლანასთან ერთად. მაგიდასთან სტალინი მუშაობს.

სტალინთან ერთად ბერია პასუხისმგებელი იყო საბჭოთა პერიოდის ყველაზე სასტიკი რეპრესიებისთვის.

გვირაბი თბილისში

როგორც ამბობენ, მიწისქვეშა გზები უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინას აკავშირებდა ქალაქის რკინიგზის სადგურთან, რაც აჩენს ეჭვს, რომ გვირაბები პატიმრების ან დახოცილთა გვამების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა სტალინისა და ბერიას ხელმძღვანელობით განხორციელებული „წმენდის“ დროს.

სავარაუდოდ მიწისქვეშა საპყრობილის კარი, რომელიც თაბაგარმა აღმოაჩინა.

2021 წლის ზაფხულში თაბაგარმა ონლაინ ფორუმებში წაიკითხა, რომ თბილისის ცენტრის ქვეშ მიწისქვეშა ციხე არსებობდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ საბოლოოდ უშიშროების სამსახურის შენობის ქვეშ აღმოაჩინა საპატიმრო საკნები.

საკანი, რომელშიც სავარაუდოდ პატიმრები ჰყავდათ საბჭოთა პერიოდში.

ეს ადგილი იმდენად უცნობია, რომ როცა ეზოში მოთამაშე ბიჭებს ჰკითხა, მათ გაგონილიც არ ჰქონდათ მათ ფეხქვეშ მდებარე საკნების შესახებ.

მიწისქვეშა ციხის გისოსებიანი ფანჯარა.

თაბაგარი იხსენებს, რომ „იმ ადგილას არ სინათლე იყო. ძალიან გამიჭირდა იქ დგომა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ.“

ეს წარწერა სტალინის პერიოდში უნდა იყოს გაკეთებული მიწისქვეშა ციხის კედელზე.

„ზოგი ადამიანი ლითონს ხმარობდა საკანში საკუთარი სახელის ამოსაკაწრად,“ ამბობს ფოტოგრაფი. „ვინ იცის, მაგრამ ზოგიერთ ადგილობრივ ისტორიკოსს ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ შესაძლოა, ზოგი სახელი დახვრეტილებს ეკუთვნოდა. ამ საკნებში საბჭოთა კავშირის ჭეშმარიტი სახე შეგიძლიათ დაინახოთ.“

ძველი პლაკატები თბილისის ბომბსაფარში.

სხვა მიწისქვეშა სივრცეები ბირთვული ომისთვის მზადებისას აიგო.

ბუნკერი თბილისის ქვეშ.

„საქართველოში ყველა დიდ ქალაქს მოეპოვებოდა მიწისქვეშა ბომბსაფრები,“ ამბობს თაბაგარი. „დიდ ქარხნებს, საავადმყოფოებსა და სამთავრობო შენობებსაც კი საკუთარი ბომბსაფრები ჰქონდა.“

მიწისქვეშა ოთახი თბილისში.

ფოტოგრაფის თქმით, მიწისქვეშა ბომბსაფარი შთამბეჭდავი შეხსენებაა „ცივი ომის“ პერიოდისა, როცა მსოფლიო ახლოს იყო ბირთვულ კონფლიქტთან. „აქ გრძნობ, რამდენად სახიფათო იყო ეს,“ დასძენს თაბაგარი.

აირწინაღი A GP-5. საბჭოთა კავშირის ბომბსაფრების უმრავლესობა აირწინაღებით იყო მომარაგებული.

თაბაგარი ესაუბრა ზოგ „მთხრელს“, ვინც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალე ჩავიდა თბილისის მიწისქვეშეთში. „მთხრელებმა“ მას უთხრეს: „ქვევით ყველაფერი აწყობილი იყო. იყო წყალი, საკვები, გენერატორები და ჰაერის ტუმბოები. მიწისქვეშ თვეობით შეიძლებოდა დარჩენა.“

მზის სხივი აღწევს თბილისის გარეუბანში მდებარე საბჭოთა პერიოდის ცარიელ წყლის რეზერვუარში.

ერთ-ერთ ბომბსაფარში, რომელიც თაბაგარმა მოინახულა თბილისის ქვეშ, 150-მდე ოთახია. ფოტოგრაფის თქმით, ბომბსაფარი „ჰგავდა მინიატურულ ქალაქს ქალაქის ქვეშ“, რომელიც აფეთქებისგან დამცავი მასიური ფოლადის კარებით იკეტებოდა. „მსგავსი არაფერი მინახავს,“ ამბობს ფოტოგრაფი.

ბომბსაფარში მდებარე კომუტატორი საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელებებით.

თაბაგარის თქმით, მიწისქვეშეთით დაინტერესებულთა შორის მოქმედებს დაუწერელი კანონი, რომ არაფერს მოჰკიდონ ხელი.

ღამურები თბილისის ბომბსაფარში.

მართალია, თაბაგარმა თბილისის მიწისქვეშეთის მიმართ ინტერესი გააჩინა, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ დაფარული ობიექტების ზუსტი ადგილსამყოფელი კვლავაც მხოლოდ ვიწრო წრისთვის დარჩება ცნობილი.

თბილისის მიწისქვეშეთიდან დაბრუნებული „მთხრელი“ ქუჩაში გადის.

„ეს ადგილები თუ საქვეყნოდ ცნობილი გახდება, ისინი დაინგრევა,“ უთხრა თაბაგარმა რადიო თავისუფლებას. „იმედი მაქვს, მათ საიდუმლოდ შევინახავთ.“