საარსებო მინიმუმისთვის უცხოეთში - წლობით ან სეზონურად...

ქუთაისი

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 10% საზღვარგარეთ იმყოფება. როგორც კომისიის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ივანე კაპანაძე განმარტავს, რეგიონების მიხედვით მონაცემები ზუსტდება და 1 აგვისტოს გამოქვეყნდება. ივანე კაპანაძის თქმით, სიების კარდაკარ დაზუსტებისას მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრების შესახებ სპეციალური განცხადების ფორმა შეავსეს, თუმცა საზღვარგარეთ მიგრირებულთა მაჩვენებელს ნაწილობრივ ცვლის ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებთა 2%-მა “კარდაკარის” გამოკითხვაზე საერთოდ უარი განაცხადა და მოსახლეობის 3-4%-თან კი კონტაქტი შიდა მიგრაციის გამო ვერ დამყარდა.

“მთელი საქართველოს მასშტაბით 300 ათასი განცხადება დაიწერა, რომლებიც საზღვარგარეთ წასულთა ოჯახის წევრებმა შეავსეს. იყვნენ ისეთი საზღვარგარეთ წასული ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებმაც განცხადება არ დაწერეს გარკვეული შიშის გამო, რომ თითქოსდა არალეგალურად წასულებს იქ პრობლემები არ შეექმნათ. ამას გარდა, არის ოჯახები, რომელთა ბინები დაკეტილი იყო და მათთან კონტაქტი ვერ დამყარდა. იგულისხმება, რომ იქიდანაც იქნებიან მიგრაციაში წასულები”, - აცხადებს ივანე კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის კარდაკარ აღწერაც ვერ დადებს ზუსტ სტატისტიკას მოქალაქეთა მიგრაციის შესახებ, რადგან ადამიანების ნაწილი საზღვარგარეთ რამდენიმე წლით მიდის, ნაწილი კი - სეზონურად. რადიო თავისუფლების რესპონდენტის ციალა მზარეულიშვილის თქმით, უკვე 5 წელიწადია შვილიშვილს ზრდის. რა თქმა უნდა, ურჩევნია მისი ქალიშვილი ადგილზე იყოს დასაქმებული.

“ჩემი შვილი იძულებული იყო წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი ვარ და პენსიონერი, დატოვებული მყავს მისი შვილი, პატარა ბავშვი მოსავლელად. ჩემი სიძე სეზონურად გადის სამუშაოდ, მეტი შემოსავალი ჩვენ არა გვაქვს. საზღვარგარეთი რომ არ იყოს, რა გვევშელებოდა, არ ვიცი!. მირჩევნია ჩემი შვილი თავის სახლში იყოს, ანაზღაურება ჰქონდეს და დასაქმდეს, მაგრამ რომ არაა და იმედიც არა გვაქვს!?” - ამბობს ციალა მზარეულიშვლი.

იუზა ასათიანის თქმით, მისი ექვსსსულიანი ოჯახის ორი წევრია საზღვარგარეთ - ქალიშვილი თურქეთში მომვლელად მუშაობს, სიძე კი – ყაზახეთში, ავტომობილების შემკეთებელ საამქროში. იუზა ასათიანიც ოჯახის წევრების მიგრირებას საარსებო მინიმუმის აუცილებლობით ხსნის.

“ორი შვილიშვილი მყავს. ერთი კოლეჯში სწავლობს, მეორე სკოლაში. ბავშვებს ყოველდღიურად ბევრი სჭირდებათ, კომუნალური გადასახადები ძვირია, მე საოპერაციო ვარ და ამიტომ გოგო წასულია თურქეთში, სიძე - ყაზახეთში. ჩემი ქალიშვილი მედიცინის მუშაკია, მაგრამ ხელფასი არ ჰქონდა შესაბამისი და ახლა მომვლელად მუშაობს. ასე გაგვაქვს თავი”, - ამბობს იუზა ასათიანი და დასძენს, რომ თუ მთავრობის ახლახან ინიციირებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამა ადამიანებს სტაბილური სამსახურითა და შრომის შესაფერისი ანაზღაურებით უზრუნველყოფს, მიგრირებულები სამშობლოში დაბრუნდებიან. - ”თუ უკეთეს პირობებს შეუქმნის მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩამოვლენ, დედას და მამას შვილებთან ყოფნა ურჩევნიათ. შვილების გულისთვის არიან წასულები, რომ მათ უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნან.”

როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივ ოფისში განმარტავენ, მიგრირებულთა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობა საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება. მიუხედავდ იმისა, რომ ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი ქვეყანაში ისევ რუსეთიდან შემოდის, მეზობელ სახელმწიფოში წამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით კი, საქართველოდან წასული მოქალაქეების რაოდენობა ევროპის ქვეყნების თავშესაფრებში შემდეგნაირად ნაწილდება: თურქეთი, საბერძნეთი, იტალია. ბოლო დროს კი იმატა საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნით ჩამსვლელთა რიცხვმა.