საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ე. წ. ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა კანონპროექტზე ვეტოს დადების შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საპარლამენტო უმრავლესობა ღიად აცხადებს, რომ აპირებს დაჩქარებული წესით დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.
Your browser doesn’t support HTML5
„მხოლოდ ორი მომხრე, დანარჩენი წინააღმდეგი“ - ასე შეაჯამა ეკა ბესელიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის სხდომა, რომელშიც მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. ანა დოლიძის თქმით, 1 მარტს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვერ პასუხობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“ არ არის დამოუკიდებელი ორგანო და კვლავ რჩება უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში:
„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ის ორგანო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას და ის ორგანო, რომელიც მოიპოვებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაცაის ამა თუ იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას (ან არ იქნას) მტკიცებულებად, არის ერთი და იგივე ორგანო, ეს წარმოშობს სისტემურ საფრთხეს, რომ მოხდეს კანონის ზღვრების გადაცილება და იმაზე მეტი ინფორმაციის მოპოვება პირთა ცხოვრების შესახებ, ვიდრე ეს გამოძიების ინტერესებს სჭირდება“.
ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სააგენტო უნდა ექვემდებარებოდეს უშუალოდ პრემიერ-მინისტრს და არა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, კანონპროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია საკუთრების უფლების ხელყოფა. მისი თქმით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს მეწარმეობისა და კონკურენციის მხარდაჭერას, მაშინ როცა, ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის მიხედვით, მეწარმე ვალდებულია ხარჯი გასწიოს სააგენტოსათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისის შექმნაზე. ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ერთ-ერთი შენიშვნის მიხედვით, ოპტიმალური გამოსავალი იქნება სამართლიანი ანაზღაურების სისტემის შემოღება:
„სახელმწიფოს აუცილებელი ფუნქციაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება. რომ არა ეს, სახელმწიფო არც იარსებებდა როგორც ფენომენი, მაგრამ არ შეიძლება ამით გავამართლოთ კერძო სუბიექტების ქონების გამოყენება შესაბამისი ანაზღაურების გარეშე. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, როცა კერძო საკუთრება დაცულია და თუ სახელმწიფოს სჭირდება (მაგალითად, გაყავს გზა), სწორედ იმიტომ სთავაზობს შესაბამის ანაზღაურებას, რატომ არ შეიძლება სახელმწიფომ გადაწყვიტოს და ვინმეს ჩამოართვას ფაბრიკა სახელმწიფო საჭიროებისთვის? იმიტომ, რომ სხვა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა, სადაც უსაფრთხოებით ყველაფერი მართლდება“.
დღეს, როცა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ამკაცრებს რეგულაციებს მომეტებული რისკებისა და საფრთხეების გამო, დღეს, როცა ნომერ პირველ თემად დადგა უსაფრთხოების თემა, ძალიან გაუგებარია ამდენი სრულიად გაუგებარი შეტევა და კრიტიკა, როდესაც ჩვენ, აი, ამ სტანდარტების ფონზე კიდევ უფრო ვაძლიერებთ ინსპექტორის მანდატს...ეკა ბესელია
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები მხოლოდ კომიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაიზიარეს, უმრავლესობამ კი პრეზიდენტის შენიშვნებში დაინახა ბალანსის დარღვევის ნიშნები საკუთრების უფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. გედევან ფოფხაძის კომენტარი:
„კერძო პირებსაც, რომლებზეც ასეთი აქცენტი კეთდება და მათ უფლებებსა და ინტერესებზე ვსაუბრობთ, მათაც ხომ აქვთ უსაფრთხოებასთან მიმართებით ვალდებულებები? თუ ქარხანას გამონაბოლქვზე აქვს ვალდებულება და არ უნდა დააბინძუროს გარემო, უსაფრთხოების მიმართაც უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტი რას ფიქრობს, რომ დაიცვას კომპანიები რის ხარჯზე - სახელმწიფო უსაფრთხოების კითხვის ქვეშ დაყენების ხარჯზე? სახელმწიფო უნდა დაავალდებულოს, რომ გამოყოს ბიუჯეტიდან ფული, მოაკლოს სოციალურად დაუცველებს, ჯანდაცვის პროგრამებს, პენსიონერებს და დაეხმაროს იმ სფეროს, რომელშიც ფული ისედაც კეთდება?“
საპარლამენტო უმრავლესობა ასევე ვერ ხედავს იმის მიზეზს, თუ რატომ უნდა გადავიდეს „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, თქმით, კანონით აკრძალულია სააგენტოს საქმიანობაში ჩარევა. გასათვალისწინებელია, ასევე, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებომისილების გაზრდაც:
„დღეს, როცა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ამკაცრებს რეგულაციებს მომეტებული რისკებისა და საფრთხეების გამო, დღეს, როცა ნომერ პირველ თემად დადგა უსაფრთხოების თემა, ძალიან გაუგებარია ამდენი სრულიად გაუგებარი შეტევა და კრიტიკა, როდესაც ჩვენ, აი, ამ სტანდარტების ფონზე კიდევ უფრო ვაძლიერებთ ინსპექტორის მანდატს. ალბათ, იცით, რომ ამ ცვლილებებით ჩვენ ინსპექტორს მივეცით ინსპექტირების უფლება ყველა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე“.
საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის შენიშვნებს. საპარლამენტო უმცირესობამ გამოთქვა ვარაუდი, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. უმცირესობას ამის თქმის საუშალება მისცა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის, შემდეგმა განცხადებამ:
„ჩემს კოლეგებს მივმართავ, ამ ვეტოს მაინცდამაინც გულისყურით ნუ მოეკიდებით, იმიტომ რომ ეს ვეტო დაადო ჩვენმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ეს ის პრეზიდენტია, რომელიც წარადგენს უზენაესი სასამართლოს წევრებს, მაგრამ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და მოკლებულია შინაარსს. ამიტომ მშვიდად მივყვეთ პროცედურას და დავძლიოთ ვეტო და პრეზიდენტს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება“.
უმრავლესობა მართლაც აპირებს დაჩქარებული წესით ვეტოს დაძლევას, თუმცა, პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ე. წ. ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის არსებული რედაქციით მიღებას ეწინააღმდეგება სამოქალაქო სექტორიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ეკა გიგაურის, თქმით, კანონი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას ფარული მიყურადება პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქციოს.
„მოიპოვონ უკონტროლოდ ინფორმაცია თავიანთ ოპონენტებზე და ფაქტიურად ასე მართონ ეს ქვეყანა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა გიგაურმა, რომლის თქმით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან კამპანიაში „ეს შენ გეხება“, აპირებენ კანონი გაასაჩივრონ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.