უკრაინაში ოპოზიცია მეტ დათმობას მოითხოვს პრეზიდენტისაგან

უკრაინაში ოპოზიცია, ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოსაღებად, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისაგან მეტ დათმობას მოითხოვს. მოთხოვნებს შორის არის პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაზღუდად.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ვიქტორ იანუკოვიჩი ორშაბათს დაბრუნდა სამუშაოდ მას შემდეგ, რაც ბიულეტენზე იყო გასული რესპირატორული დაავადების გამო.

მანამდე, იანვარში, იანუკოვიჩმა მთავრობის გადადგომა მიიღო, ხოლო პარლამენტმა, რომელშიც იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ დომინირებს, გააუქმა დემონსტრაციების შემზღუდველი კანონი და ასევე დაამტკიცა გარკვეულ პირობებთან დაკავშირებული ამნისტია დაკავებული დემონსტრანტებისათვის. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ოპოზიცია მეტ დათმობას მოითხოვს. ის მოითხოვს იანუკოვიჩის გადადგომას, ვადამდელ არჩევნებს, უპირობო ამნისტიას და უკრაინაში 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას, პრეზიდენტის ძალაუფლების შესაზღუდად.

ოპოზიციონერებმა დემონსტრანტებს მოუწოდეს, გააგრძელონ საპროტესტო აქცია კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე.

თუ რას მოელიან დემონსტრანტები, ეს აქციის მონაწილე მიხაილმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტს: „ახალი ხელისუფლება უნდა ავირჩიოთ! სულ ეს არის! შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელია. ამბობენ, რომ პრეზიდენტი დღეს საავადმყოფოდან გამოდის და ყველაფერი შეიცვლება. არაფერიც არ შეიცვლება“.

მასავით ევრომაიდანზე მყოფი იური კი დარწმუნებულია, რომ აქციები უკვალოდ არ ჩაივლის: „ძნელი სათქმელია, რა მთავრობა მოვა, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ ვინც უნდა მოვიდეს, ამ მაიდნის შემდეგ კარგად დაუფიქრდება თავის ქმედებებს. ჩემი აზრით, მაიდანი უკვე აღარ დაავიწყდებათ“...

მაიდანი, უკრაინა არ ავიწყდებათ არც უცხოეთში. ორშაბათს რუსეთის საგარეო უწყებამ გამოხატა მოსკოვის შეშფოთება უკრაინელი ოპოზიციონერების სურვილის გამო, “კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება ქვეყანაში“. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ოპოზიციას მოუწოდებენ, უარი თქვას მუქარასა და ულტიმატუმებზე და, კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, ხელისუფლებასთან დიალოგი განაახლოს.

ამასობაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების ხელშესაწყობად, საფინანსო დახმარების გეგმაზე მსჯელობენ.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა, რომელიც ამ კვირაში ჩავა კიევში მხარეებს შორის საშუამავლოდ, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მცირე არ იქნება“ უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი თანხა. მიზანია უკრაინის დახმარება გარდამავალ პერიოდში, როცა გარდამავალ მთავრობას დასჭირდება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების დამტკიცება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს არჩევნები, გეგმით, მომავალ წელს უნდა გაიმართოს.

უკრაინის შესახებ იუწყებიან აგრეთვე, რომ ოპოზიციონერი დმიტრი ბულატოვი, რომელიც იანვარში გაიტაცეს და, მისი თქმით, რამდენიმე დღე აწამეს, ორშაბათს ლიტვაში ჩავიდა სამკურნალოდ. 35 წლის ბულატოვი უკრაინაში მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ბრალდებული. უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, კიევში სასამართლომ კვირას მისცა ბულატოვს უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების უფლება, მაგრამ არ დაუხურავს მის წინააღმდეგ აღძრული საქმე.

ბულატოვი 22 იანვარს გაუჩინარდა და 30 იანვარს ისევ დაუკავშირდა ახლობლებს, სხეულზე მძიმე დაზიანებებით.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ამ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის სამედიცინო დახმარებით და რეაბილიტაციით უზრუნველყოს პირები, ვინც უკრაინაში დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ბულატოვი ევრომაიდნის მესამე აქტივისტია, რომელიც ვილნიუსის კლინიკებში სამკურნალოდ მიიღეს.