უკრაინის ამბიციური გეგმები 2016 წლისთვის

პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 2016 წლის ამოცანებად აცხადებს აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას და უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებას. პოროშენკომ ამ ამბიციურ გეგმებსა და 2015 წელს გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა 14 იანვარს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

პოროშენკოს 14 იანვრის პრესკონფერენციის ფონია უკრაინის ეკონომიკური პრობლემებით მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება, რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან კიევის უკვე წელიწად-ნახევარზე მეტხანს ბრძოლა და დაპირისპირება იმავე რუსეთთან, 2014 წელს უკანონოდ მიერთებული ყირიმის ნახევარკუნძულის გამო.

„2016 წელს უნდა აღდგეს უკრაინის სუვერენობა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღის წესრიგში პირველ პრიორიტეტად რჩება ყირიმის დასაბრუნებლად ბრძოლაც. გამოვდივართ წინადადებით, შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი ნახევარკუნძულის დეოკუპაციისათვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ჟენევა პლუსის“ ფორმატი ოპტიმალურია ასეთი მექანიზმის ასამოქმედებლად, ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და, შესაძლოა, ბუდაპეშტის - მემორანდუმზე ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით“.

ბუდაპეშტის მემორანდუმით, რომელიც პოროშენკომ ახსენა, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტია მიიღო ჯერ კიდევ 1994 წელს, როცა ამ მემორანდუმზე ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის მქონე სამმა სახელმწიფომ - შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და რუსეთმა. არადა, როგორც ცნობილია, მემორანდუმმა ვერ უშველა უკრაინას ვერც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების, ვერც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დროს.

სამაგიეროდ, უკრაინამ მიაღწია იმას, რასაც, პოროშენკოს თქმით, ათწლეულების განმავლობაში ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა.

„გასული წლის შეჯამებისას, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბოლოს და ბოლოს მიღწეული და, თანაც, მძიმე ბრძოლის შედეგად მიღწეული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციისგან - დამოუკიდებლობა, რომელიც, როგორც იქნა, რეალობად ვაქციეთ. გაზის ნემსი, რომელზეც ათწლეულები - შეიძლება ითქვას, მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში - წამოცმული ვიყავით, რომელიც ჩვენი არსებობის წყევლა იყო, ბოლოს და ბოლოს გატყდა. ვინ წარმოიდგენდა თუნდაც ყველაზე თამამ ოცნებებში, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვიცილებდით რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას. ამჟამად უკრაინის ენერგოსისტემა განაგრძობს ინტეგრაციას ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან“, - განაცხადა პოროშენკომ.

ბედის ირონიით, ახლა რუსეთის მიერ გაკონტროლებული ყირიმია დამოკიდებული უკრაინიდან ენერგომომარაგებაზე, კერძოდ, ელექტროენერგიით მომარაგებაზე.

„მზად ვართ ელექტროენერგიის მისაწოდებლად, მაგრამ უკრაინულ ყირიმში. თუ გსურთ, მოგაწვდით, თუ არა, მოვიცდით, სანამ აღდგება უკრაინის სუვერენიტეტი ყირიმზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან დაპირისპირებას, პოროშენკომ დაადასტურა, რომ კიევი მტკიცედ ემხრობა მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის შესრულებას ყველა მხარის მიერ და რომ კიევი ეწინააღმდეგება შეთანხმებებში ნებისმიერი ცვლილების შეტანას. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ყოვნდება მინსკის შეთანხმებების ზოგი პუნქტის შესრულება. მაგალითად, უკრაინას, წესით, 2015 წლის ბოლომდე უნდა აღედგინა კონტროლი საზღვარზე უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის, რაც დღემდე არ მომხდარა.

მაგრამ, პოროშენკოს განცხადებით, 2015 წელს იყო მიღწევებიც: უკრაინამ შეძლო განეხორციელებინა მრავალი რეფორმა, რასაც მოწმობს ევროკომისიის გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.

„დღეს საქმე იმგვარადაა, რომ ბოლოს შემიძლია გამოვაცხადო: ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ქვეყნის დღის წესრიგი. 2015 წლის იანვარში ჩვენი დღის წესრიგის მთავარი ამოცანა იყო თავის გადარჩენა, მაშინ როცა 2016 წლის მთავარი ამოცანაა, როგორ გავხდეთ წარმატებული ქვეყანა“, ამბობს პოროშენკო. ის პირობას დებს, რომ რეფორმები გაგრძელდება და ჩამოყალიბდება ახალი, კორუფციისაგან თავისუფალი, სამართალდამცავი სტრუქტურები და მართლმსაჯულების სისტემა.