„გერანიუმები“: კამიკაძე დრონები ტერორს უწყობენ უკრაინის ქალაქებს

ექსპერტების აზრით, და როგორც უკრაინასა და დასავლეთში მიიჩნევენ, რუსეთის მიერ ირანული წარმოების „თვითმკვლელი დრონების“ გამოყენება იმის ნიშანია, რომ შეიძლება რუსეთს გამოელია საკუთარი წარმოების იარაღი.

კიევის ცენტრში ჩამოვარდნილი „კამიკაძე (თვითმკვლელი) დრონების“ გამოყენების ამსახველმა დრამატულმა ფოტოებმა საბოლოოდ გაბათილა თეირანის მხრიდან უარყოფა, რომ ის რუსეთს იარაღს უკრაინაში ომისთვის არ აწვდის.

რუსეთის უპილოტო დრონი "შაჰიდ-136" გადაღებულია კიევის ცენტრში ჩამოვარდნის დროს. 17 ოქტომბერი

სურათებზე ჩანს ადვილად ამოსაცნობი უპილოტო საფრენი აპარატის, „შაჰიდ-136“-ის სამკუთხა პროფილი. რუსეთმა მათ, ალბათ, შენიღბვის მიზნით, ფრთებზე სხვა დასახელება, „გერან-4" დააწერა.

ამ უპილოტო საფრენ აპარატებს მოპედის მსგავსი ხმაურიანი ძრავა საშუალებას აძლევს გაიფრინოს რამდენიმე ასეული კილომეტრი, სანამ მიზანს მიაღწევდეს შედარებითი სიზუსტით და აფეთქდებოდეს.

უკრაინაში დრონების გამოყენება პირველად დადასტურდა აგვისტოში, მაგრამ ამ კვირაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, როცა მსოფლიო მასმედიის თვალწინ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დრონები საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა.

პოლიციელი ესვრის უპილოტო საფრენ აპარატს კიევის ცენტრში. 17 ოქტომბერი

მაიკლ ჯ. ბოილი ავტორია წიგნისა უპილოტო თვითმფრინავებით ომის შესახებ. მან ჩვენს რადიოს უთხრა, რომ დრონების გამოჩენა უკრაინის წინააღმდეგ მთავარ იარაღად შეიძლება იმის დასტური იყო, რომ რუსეთს გამოელია საკუთარი წარმოების რაკეტები.

რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების - „შაჰიდებისთვის“ სახელის გადაკეთება, „გარკვეულად მიზნად ისახავს იმას, რომ რუსეთმა დამალოს ირანის დრონებზე თავისი დამოკიდებულება, რაც, თუ რუსეთის, როგორც იარაღის ექსპორტიორის ისტორიას გავითვალისწინებთ, უხერხული უნდა იყოს“, - თვლის ბოილი.

სამხედრო დრონების ექსპერტი დასძენს, რომ თეირანის მიერ საჯაროდ უარყოფა, რომ ის რუსეთს არ აწვდის დრონებს უკრაინაში საბრძოლველად, შესაძლებელია უკავშირდებოდეს „რუსეთის შეშფოთებას, თუ როგორ გამოიყურება შექმნილი ვითარება“.

„შაჰიდ-136-ის“ ტიპის დრონები ირანში საჩვენებელი გაფრენის დროს სასტარტო კონტეინერში.

ირანის თავდაცვის სამინისტრომ ახლახან გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ფრინდებიან „შაჰიდები“ მსუბუქ, სატვირთო მანქანაზე დამაგრებული სასტარტო დანადგარიდან.

დრონები აღჭურვილია ერთჯერადი რეაქტიული გამტყორცნი ძრავით, რომელსაც დრონი აგდებს სტარტიდან რამდენიმე წამში და მართვას „იბარებს“ „მიმწოლი“ პროპელერი. დრონების ფრთების სიგანე ორ-ნახევარ მეტრს უდრის. ისინი აღჭურვილია 40-კილოგრამიანი ასაფეთქებელი ქობინით.

შესაძლებელია დრონების ჯგუფურად გაშვება, სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით. ამის ხარჯზე დრონების საიმედოობის ხარისხი რეგულირდება - თუ რომელიმემ ვერ იმუშავა სათანადოდ, სხვები მაინც მიაღწევს მიზანს.

ეს „ჯგუფურობა“ იმასაც ემსახურება, რომ დრონებს შეუძლიათ გვერდი აუქციონ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს. თვით საჰაერო თავდაცვის რთულ სისტემებსაც უჭირთ გადატვირთვის გამო თითქმის ერთდროულად გატყორცნილი რამდენიმე „კამიკაძე დრონის“ აღმოჩენა.

ითვლება, რომ ერთი „შაჰიდის“ ფასი მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი დოლარია. რუსეთის ბევრად უფრო სწრაფი და გამანადგურებელი ფრთოსანი რაკეტების, „კალიბრის“ სავარაუდო ფასი 1 მილიონ დოლარს უდრის.

პოლიციელი ხარკოვში საწვავის საწყობებზე თავდასხმის ადგილზე, რუსული უპილოტო საფრენი აპარატის "შაჰიდ-136"-ის ფრაგმენტებს ათვალიერებს. 6 ოქტომბერი

ზოგიერთი მედიასაშუალების ვარაუდით, რუსეთმა დრონები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად განაახლა ირანული მოდელის დიაპაზონისა და სიზუსტის გაზრდის მიზნით, მაგრამ Calibre Obscura-ს, იარაღის მეთვალყურეობის ვებსაიტისა და Twitter-ის ანგარიშის ადმინისტრატორმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, ჯერჯერობით ვერანაირ ცვლილებას ვხედავ, სახელის შეცვლის გარდაო.

ბოილი ეთანხმება და ამბობს, რომ ფრთებზე დატანილი სახელის გარდა, "მცირე მტკიცებულება მოიპოვება იმისა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად შეცვალა ირანული საბაზისო მოდელი, გარდა იმისა, რომ აშკარად უზრუნველყო საკუთარ სისტემებთან თავსებადობა".

უპილოტო საფრენი აპარატის, "შაჰიდ-136"-ის ძრავა და დამტვრეული ხის პროპელერი იპოვეს ხარკოვში საწვავის საწყობებზე დარტყმის შემდეგ. 6 ოქტომბერი

სამოქალაქო ცენტრებში ირანული წარმოების იარაღის უაღრესად თვალსაჩინო გამოყენება ხდება მას შემდეგ, რაც კრემლმა გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. სუროვიკინი, მეტსახელად "გენერალი არმაგედონი", ომში დაუნდობელი ქმედებითაა ცნობილი.

კიევში საცხოვრებელ სახლზე „კამიკაძე დრონით“ თავდასხმის შედეგები. 17 ოქტომბერი

ბოილი ამბობს, რომ „კამიკაძე დრონებით“ ბოლოდროინდელი თავდასხმები, როგორც ჩანს, „დასჯის სტრატეგიაზე გადასვლას“ გვაუწყებს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ კვლავ და კვლავ თავდასხმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე, დრონების განმეორებითი თავდასხმებით იერიშები იმისთვის, რომ დასაჯონ მოსახლეობა და მოახდინონ მათი დემორალიზება ელექტროენერგიის გათიშვით, შიშითა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებით.

„დრონების დიდი რაოდენობაც რომ ჩამოაგდონ, არა უშავს, რადგან მიზანი ისაა, რომ უბრალოდ შენარჩუნებულ იქნეს ზეწოლა და იმედი, რომ ისინი დროთა განმავლობაში დაიქანცებიან და დათანხმდებიან ან დანებებას, ან რუსეთთან შეთანხმებას“, თქვა მან.

ბოილი თვლის, რომ ეს სტრატეგია შეიძლება თვითგამანადგურებელი იყოს, როგორც აჩვენა უახლესმა ისტორიამ ყოფილ იუგოსლავიასა და სხვა ქვეყნებში.

„პრობლემა ისაა, რომ დასჯის სტრატეგია ხშირად უკუშედეგს იძლევა და იწვევს ხალხის ერთგულებას თავისი მთავრობისადმი“, - თქვა მან.