ევრომაიდნის ხელოვნება: პორტრეტები ბარიკადებიდან

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ევრომაიდანზე შეკრებილი ხალხი ტერორისტებად შერაცხა, პრიმაჩენკომ და კომიახოვმა გადაწყვიტეს, ამ "ტერორისტების" პორტრეტები შეექმნათ. ეს ის ხალხია, ვინც დემონსტრანტებს ეხმარება - მათთვის საჭმელი, წამლები მიაქვს, ბარიკადების აღმართვაში მონაწილეობს.

პირველ ნახატს ჰქვია „შეყვარებული ტერორისტი“: ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მანამდე, მეტროს სადგურთან, გულის სწორს დაემშვიდობა, მაიდანზე ყინულით სავსე ტომარა მოაქვს, რათა მონაწილეობა მიიღოს ბარიკადების აგებაში; „დეიდა ვალია“, რომელსაც ორი დღის წინ რეზინის ტყვია მოხვდა, მოედანზე ბრუნდება; ახალგაზრდა კაცი, მეტსახელად „კალატოზი“, ბარიკადებისთვის ქვაფენილის ქვებს აგროვებს და თან კეთილი სიტყვით მოიხსენიებს კიევის ყოფილ მერს ალექსანდრ ომელჩენკოს, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს თავისი ვაჟის კუთვნილ ფირმას უკვეთავდა.

შინ მიმავალი მუსიკოსი ქალი გზად მოედანზე ჩერდება და დემონსტრანტებს ტომრებში თოვლის მოგროვებაში ეხმარება - ამ ტომრებს ბარიკადების ასაშენებლად იყენებენ; მღვდელი ღმერთს შესთხოვს, მფარველობა არ მოაკლოს დემონსტრანტებს; ახალგაზრდა გოგოს პლედი მოუხურავს და ისე ადევნებს თვალს ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებს.