ოთხი ფოტოგრაფი, რომელმაც ჰოლოდომორის ფირზე აღბეჭდვა გარისკა

ბოლშევიკებს რომ თავისი გაეტანათ, ჰოლოდომორის ნამდვილი ისტორია შეიძლება დღემდე უცნობი დარჩენილიყო.

საბჭოთა კავშირი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მიეჩქმალა ინფორმაცია სტალინის მიერ უკრაინაში მოწყობილი კოლოსალური მასშტაბის შიმშილობის შესახებ, რომელსაც 4 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 1932-1933 წლებში. კომუნისტურ რეჟიმს იძულებით შეჰყავდა უკრაინელი გლეხები კოლმეურნეობებში და მათ ხორბალსა და სხვა სასურსათო პროდუქტებს ართმევდა. ეს ტრაგედია „ჰოლოდომორის“ სახელით შევიდა ისტორიაში.

მაშინაც კი, როცა მსოფლიომ შეიტყო, რა ხდებოდა უკრაინაში, მოსკოვმა მოახერხა დაემალა რეალური ვითარება. ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთი, მათ შორის ფოტოები, ნადგურდებოდა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე ფოტოგრაფმა მოახერხა საბჭოთა ხელისუფლებისთვის თვალის ახვევა და ჰოლოდომორის ფოტოფირზე აღბეჭდვა.

ფოტოების ნაწილი გადაიღეს უცხოელებმა - ალექსანდერ ვინერბერგერმა, ჯეიმს ებემ და უიტინგ უილიამსმა. მოგვიანებით მათი ნამუშევრები დასავლეთში გამოქვეყნდა და მნიშვნელოვან საბუთად იქცა სტალინური ეპოქის დანაშაულებების სამხელად.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ჰოლოდომორის საიდუმლოდ გადაღებული ფოტოები

სურათების ნაწილი გადაიღო უკრაინელმა ფოტოგრაფმა მიკოლა ბოკანმა. მისი ნამუშევრები უცნობი რჩებოდა მრავალი წლის განმავლობაში.

დღეს ეს ერთ დროს აკრძალული ფოტოები მკვლევართა წყალობით ერთადაა თავმოყრილი ინტერნეტში.

ტორონტოს „ჰოლოდომორის კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრის“ სპეციალისტმა ლანა ბაბიმ და მისმა კოლეგებმა, დარია გლაზკოვამ და ანასტასია ლეშჩიშინმა, უკრაინის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის ამსახველი 100-მდე ფოტოსგან შემდგარ კოლექციას მოუყარეს თავი.

ადრე სხვადასხვა ადგილას გაბნეული ფოტოები, რომლებიც ახლა ერთადაა თავმოყრილი, იმ ტრაგედიის ნათელ სურათს ქმნის, რომელიც 1930-იანი წლების დამდეგს გადაიტანა უკრაინის სოფლის მოსახლეობამ.

მკვლევრებმა შეისწავლეს ყოველი ფოტოს ავთენტურობა და ამბები, რომლებსაც ისინი ასახავს.

მუშაობის პროცესში მათ აღმოაჩინეს ახალი ფოტოებიც, რომლებიც მანამდე ათწლეულების განმავლობაში იყო დაკარგული. ზოგი მათგანი ამ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა პირველად.

პროექტი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ფოტოგრაფების შესახებაც.

ალექსანდერ ვინერბერგერი (1891–1955)

ალექსანდერ ვინერბერგერი

ალექსანდერ ვინერბერგერის ფოტოკოლექცია შესაძლოა ყველაზე უფრო ხელშესახებად ასახავს ჰოლოდომორთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებსაც საბჭოთა ხელისფლება საგულდაგულოდ მალავდა.

ვინერბერგერი ავსტრიელი ინჟინერ-ქიმიკოსი იყო, რომელიც სსრკ-ში მუშაობდა და 1932 წელს ხარკოვში გაამწესეს საწარმოში სამუშაოდ.

ქალაქში მისი ჩასვლიდან მალევე ქუჩებში შესამჩნევი გახდა ჰოლოდომორის დამანგრეველი ეფექტი.

პატარა მარტივი ფოტოკამერით აღჭურვილი ინჟინერი თვეების განმავლობაში ფარულად იღებდა შიმშილობის მსხვერპლთა ფოტოებს.

კოლექტივიზაციის შედეგად განადგურებული სოფლის მოსახლეობა მასობრივად მიაწყდა ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, რომელიც იმხანად უკრაინის დედაქალაქი იყო.

ისინი იქ საკვებისა და სამუშაოს იმედით ჩავიდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად სიკვდილი პოვეს.

ვინერბერგერის ამ ფოტოს, რომელიც ხარკოვშია გადაღებული, აწერია: „შიმშილობის მსხვერპლის გვამი ქუჩაში“.

მართალია, ვინერბერგერი შორს იყო უკრაინაში მძვინვარე შიმშილობის ეპიცენტრიდან, მაგრამ მისი მრავლისმეტყველი ფოტოებიდან შეიძლება იმ აპოკალიფსური სურათის ამოკითხვა, რაც ქვეყანაში სუფევდა.

შიმშილით გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ხარკოვის ქუჩაში 1933 წელს.

მის სურათებს, რომლებსაც ზოგჯერ სულისშემძვრელი წარწერები ახლავს, ასახულია გლეხობის მასობრივი მიგრაცია საჭმლის მოსაპოვებლად, უპატრონოდ მოხეტიალე უსახლკარო ბაშვები და გახრწნილი გვამები გზების პირას.

ვინერბერგერმა ამ ფოტოს გაუკეთა წარწერა: „შიმშილით სიკვდილის ყველა სტადია“.

ვინერბერგერის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ის ღრმად შეძრა უკრაინაში ნანახმა.

ეს ფოტო ვინერბერგერმა 1933 წლის ზაფხულში გადაიღო ხარკოვში. ფოტოს მისი ხელით აწერია: „დედა დამშეული შვილებით“.

ვინერბერგერის ფოტოებზე ასახულია, როგორ აბსურდულობამდე გაუფასურებულია ადამიანის სიცოცხლე 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში და კერძოდ უკრაინაში. თავის ნაწერებში ის ხშირად გამოხატავს საბჭოთა სისტემისადმი რისხვას. მისი თქმით, ეს იყო „ჯოჯოხეთური ძალა“, რომელმაც „დაასამარა აყვავებული ქვეყანა, სადაც უხვად მოიპოვებოდა სხვადასხვა სახის საკვები.“

წარწერა ვინერბერგერის მიერ გადაღებულ ფოტოზე: „მუშის საცხოვრებელი ხარკოვში“.

„იმას, რაც ვინერბერგერმა დაიჭირა თავის ფოტოებში - და რასაც დღეს ხშირად ვერ ამჩნევენ, - არის არა მხოლოდ მომაკვდავი ადამიანების აგონია, არამედ იმ პერიოდში ცხოვრების შემზარავი დონე,“ წერს ბაბი.

ვინერბერგერის კიდევ ერთი უცნობი ფოტო, რომელზეც გამოსახულია მოხუცი მათხოვარი. ფოტოს აწერია: „ესეც საპენსიო ფონდია“.

ხარკოვში ყოველდღიური ცხოვრების შემზარავი ყოფით შეძრული ვინერბერგერი 1934 წელს ავსტრიაში დაბრუნდა, მაგრამ მანამდე იმაზე იზრუნა, რომ მის მიერ გადაღებული ფოტომასალა დიპლომატიური ფოსტით უსაფრთხოდ ჩასულიყო ვენაში.

შინ დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ სხვებსაც შეეტყოთ, რა მოხდა უკრაინაში. თითქმის მაშინვე დაიწყო საბჭოთა კავშირის შესახებ ლექციების კითხვა. ამ ლექციებზე ის დროდადრო თავის მიერ გადაღებულ ფოტოებს აჩვენებდა დამსწრეთ. მოგვიანებით ის დათანხმდა, მისი ფოტოები ანტიბოლშევიკური პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ.

ამის შემდეგ ვინერბერგერის ფოტოები ათწლეულების განმავლობაში იყო დავიწყებას მიცემული, მაგრამ უკანასკნელ წლებში კვლავ მიიპყრო ყურადღება.

ბაბის თქმით, ვინერბერგერის ფოტოები არის „მნიშვნელოვანი საჩუქარი შთამომავლობისთვის“.

ჯეიმს ებე (1883-1973)

ჯეიმს ებე

ვინერბერგერისგან განსხვავებით, ამერიკელი ჯეიმს ებე იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელმაც სახელი გაითქვა 1920-იანი წლების კინოსა და თეატრის ვარსკვლავების ფოტოებით.

მოგვიანებით ფოტოჟურნალიზმით დაინტერესდა და აღიარება პოვა ისეთი პიროვნებების ფოტოებით, როგორებიც იყვნენ ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი და ფრანსისკო ფრანკო.

1932 წელს მან მოახერხა უფლება მოეპოვებინა, ფოტო გადაეღო მოღიმარი სტალინისთვის.

ფოტოსესია ბევრად დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, ვინაიდან საბჭოთა დიქტატორს მოეწონა ებე.

ამ სესიაზე გადაღებული ერთი ფოტო კრემლმა გამოიყენა საბჭოთა დიქტატორის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ჭორების უარსაყოფად.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო, რომ ებეს ბევრის უფლებას აძლევდა საბჭოთა ხელისუფლება.

იოსებ სტალინის ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ჯეიმს ებემ გადაიღო.

მას ქვეყანაში შედარებით დაუფარავად შეეძლო გადაადგილება და ფარულად მოახერხა ზოგი აკრძალული თემის გადაღება, როგორებიცაა სურსათზე რიგები, ეკლესიების დარბევა და სტალინის მეორე ცოლის დაკრძალვა, რომელმაც თავი მოიკლა.

მოზარდები უკრაინის ზაპოროჟიეს მხარეში 1932 წელს. ამ ბარაკებში დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი მუშები ცხოვრობდნენ.

ებემ საბჭოთა კავშირში შვიდი თვე დაყო. ჰოლოდომორთან შეხება პირველად 1932 წლის ზაფხულში ჰქონდა და ის შეაძრწუნა დიდი რაოდენობით მოშიმშილე ხალხის ნახვამ, რომელიც ქალაქს მიაწყდა სამუშაოსა და საკვების ძიებაში. „და ეს იყო უკრაინა - ყველაზე ნაყოფიერი მხარე მთელ საბჭოთა კავშირში!“

როგორც ებე წერს, მას ეკრძალებოდა „რიგების გადაღება, განსაკუთრებით - სურსათზე რიგების“. მაგრამ მან მაინც მოახერხა 1932 წელს ამ მუშების გადაღება საკვების გამანაწილებელი პუნქტის რიგში.

ერთხელ ებე დააპატიმრეს, როცა ის შიმშილით გათანგულ გლეხებს იღებდა რკინიგზის მახლობლად.

მშიერი და ძალაგამოცლილი გლეხები ხარკოვის რკინიგზის სადგურზე 1932 წელს.

ის, რომ ებეს კავშირები ჰქონდა კომუნისტურ ელიტასთანაც, მას ბევრ რამეს უადვილებდა. ამასთან მას ხელი მიუწვდებოდა რიგით მოქალაქეებზეც. ეს მას საშუალებას აძლევდა წარმოეჩინა დიდი კონტრასტები ქვეყანაში, რომელიც თავს უკლასო საზოგადოებად აცხადებდა.

დღისით ის მეშახტეთა გაპარტახებულ ქალაქებში ხედავდა დამშეულ გლეხებს, რომლებიც საკვების ძიებაში იყვნენ და „ერჩივნათ მომკვდარიყვნენ, ვიდრე კოლექტიურ მეურნეობაში ემუშავათ“ კომპარტიის ხელმძღვანელობით.

საღამოობით კი ის ხშირად ესწრებოდა მმართველი ელიტის წვეულებებს, სადაც სუფრა სავსე იყო საჭმელ-სასმელით და არც ძვირფასი თევზი და ხიზილალა აკლდათ.

წვეულება, რომელზეც ებეს ფოტოს გადაღების უფლება მისცეს. მოგვიანებით ის წერდა, რომ მაშინ, როცა გლეხები შიმშილობდნენ, თავად მას არაფერი აკლდა, თუკი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, რომ დონბასში არავითარი შიმშილობა არ ყოფილა.

ბოლოს და ბოლოს ებეს ცნობისმოყვარეობამ მოთმინების ფიალა აუვსო საბჭოთა ხელისუფლებას და, მას შემდეგ, რაც მორიგი აკრძალული ფოტო გადაიღო, მოსთხოვეს, გუდა-ნაბადი აეკრა და ქვეყანა დაეტოვებინა.

მაგრამ მან მოახერხა მალულად გადაღებული ამ ფოტოების გაპარება საზღვარგარეთ. ისინი მან თავისი უმცროსი ვაჟის შარვალში დამალა.

1934 წელს მან გამოსცა წიგნი „მე ფოტოზე ვიღებ რუსეთს“, რომლითაც გააცნო მსოფლიოს საბჭოთა სინამდვილე.

მიუხედავად იმისა, რომ მის სურათებზე შემზარავი სცენები იყო აღბეჭდილი, ისინი მაინც ვერ გადმოსცემდა ტრაგედიის სრულ მასშტაბს.

თავად ებე აღიარებდა, რომ საშუალება არ მისცემია გადაეღო სხვა საშინელებები, მაგალითად, გლეხების მასობრივი დეპორტაცია შრომის ბანაკებში ან გვამები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში შეხვედრია.

უიტინგ უილიამსი (1878–1975)

უიტინგ უილიამსი

ალბათ გარდაუვალი იყო, რომ როგორც ჟურნალისტი და შრომითი ურთიერთობების სპეციალისტი უიტინგ უილიამსი თავის პროფესიულ საქმიანობას სსრკ-ში არ ჩაეყვანა.

უილიამსმა სახელი გაითქვა იმით, რომ უბრალო მუშად გაასაღა თავი და მალულად აგზავნიდა რეპორტაჟებს აშშ-ის მაღაროებიდან და ფოლადის ქარხნებიდან, 1928 წელს მან საბჭოთა უკრაინაშიც იმოგზაურა მუშათა მდგომარეობაზე დასაკვირვებლად.

თავდაპირველი იმედგაცრუება და ილუზიების მსხვრევა ნამდვილ კოშმარად ექცა 1933 წელს, როცა ცნობისმოყვარეობამ ის კვლავ ჩაიყვანა სსრკ-ში და ნახა, რა დღეში იყო ის ხალხი, რომელსაც ხუთი წლით ადრე შეხვდა.

„კაცი თუ ქალი ყველგან ერთსა და იმავე რაღაცაზე ფიქრობდა და ეს რაღაც იყო პური,“ წერს ის თავისი მოგზაურობის შესახებ ჩანაწერებში.

გამოფიტული ქალი უკრაინის ერთ-ერთი ქარხნის წინ. ეს ფოტო უიტინგ უილიამსმა 1933 წლის აგვისტოში გადაიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გიდი დაჰყვებოდა თან, უილიამსმა მაინც მოახერხა ამ საშინელებების ჩუმად გადაღება.

ის განსაკუთრებით შეაძრწუნა უამრავი უსახლკარო ბავშვის ხილვამ, რომლებიც ყველგან იყვნენ უკრაინაში და რომლებიც, მისი თქმით, „ველური ცხოველებივით ცხოვრობდნენ და იხოცებოდნენ“.

1933 წლის აგვისტოში გადაღებული ეს ფოტო ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნდა ერთი წლის შემდეგ, მაგრამ შემდეგ დიდხანს იყო მივიწყებული. თავდაპირველად ფოტოს ჰქონდა წარწერა: „ქარხნის მუშა ქალები ქუჩაში მწოლიარე მკვდარ ბავშვს დაჰყურებენ [ხარკოვში]“.

ხელისუფლება ათასობით ამ ბავშვს აგროვებდა და უიტინგმა მოახერხა ხარკოვში ერთ-ერთი ასეთი რეიდის ფირზე აღბეჭდვა.

უიტინგ უილიამსის კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ხარკოვშია გადაღებული 1933 წელს. მასზე გამოსახულია ე.წ. ბიჭების მაძებარი, რომელიც მშობლების მიერ მიტოვებულ ბავშვებს აგროვებდა.

„მინიმუმ ერთხელ მაინც მოზარდებით სავსე სამი ვაგონი სათადარიგო ხაზზე დააყენეს და სამი დღე არ გახსენებიათ. როცა ამ ხნის გასვლის შემდეგ ვიღაცამ იპოვა ისინი, არცერთი ბავშვი აღარ იყო ცოცხალი,“ წერს უილიამსი.

უკრაინაში ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მან მყარად გადაწყვიტა, რომ უნდა მოეთხრო იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა.

ამ ფოტოს გადასაღებად უილიამსმა ნებართვა მიიღო. ის გადაღებულია 1933 წლის აგვისტოში, როცა სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქიდან ჩაჰყავდათ მოსახლეობა უკრაინის სოფლებში მოსავლის აღებაში დასახმარებლად, ვინაიდან ადგილობრივი გლეხობა ან შიმშილით იხოცებოდა, ან ძალზე დასუსტებული იყო სამუშაოს შესასრულებლად.

მისი სტატია, რომელშიც მისი ფოტოებიც იყო ჩართული, არ მიიღო აშშ-ის პრესამ, რომელიც ადრე სიამოვნებით უქვეყნებდა მასალებს. იმ დროისთვის ვაშინგტონი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ფიქრობდა და, როგორც ერთმა რედაქტორმა უთხრა, თავს იკავებდნენ საბჭოთა კავშირზე ზედმეტად ბევრი „არასასურველი“ პუბლიკაციისგან.

ჯეიმს ებეს წყალობით უიტინგმა ბოლოს და ბოლოს მოახერხა ბრიტანული ყოველკვირეულის დარწმუნება. ამ სტატიას მკვლევრები მიიჩნევენ პირველ ფოტოგრაფიულ მტკიცებულებად, რომელიც უკრაინის შიმშილობის შესახებ გამოქვეყნდა საერთაშორისო პრესაში.

მაგრამ მან ვერ მოიპოვა სასურველი ყურადღება.

უიტინგ უილიამსის ერთ-ერთი სტატია, რომელიც ბრიტანულ ჟურნალ Answers-ში გამოქვეყნდა 1934 წელს.

ბაბის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უილიამსის ანგარიშს „სენსაციონალისტური“ უწოდეს. ეს ის დროა, როცა The New York Times-ის გავლენიანი კორესპონდენტი უოლტერ დურანტი მოსკოვიდან გამოგზავნილ რეპორტაჟებში ფაქტობრივად იმეორებდა საბჭოთა პროპაგანდას და „50 წლის განმავლობაში საუკეთესო მოსავალზე“ წერდა, როცა ხალხი ქუჩებში კვდებოდა შიმშილით.

ჰოლოდომორისთვის ნათელის მოფენაში უილიამსის წვლილს არასათანადო ყურადღებას აქცევდნენ მომდევნო ათწლეულებშიც. პროექტის მკვლევრები ამ დანაკლისის შევსებას ცდილობენ.

მიკოლა ბოკანი (1881–1942)

მიკოლა ბოკანი (უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივი).

ვინერბერგერი, ებე და უილიამსი უცხოელები იყვნენ და გარეშე თვალით აფასებდნენ უკრაინაში დიდი შიმშილობის დროს მიმდინარე მოვლენებს. მიკოლა ბოკანი კი იყო ადამიანი, რომლის ოჯახსაც პირდაპირ შეეხო შიმშილობა.

ის პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო და საკუთარი პროფესიით თავს ვეღარ ირჩენდა, მაგრამ თავისი ხელობა მან იმ საშინელების დოკუმენტირებისთვის გამოიყენა, რაც მისმა ოჯახმა გამოიარა.

მიკოლა ბოკანი (მარჯვნივ) და მისი ოჯახი. სურათს აწერია: „300 დღე სადილზე პურის გარეშე“ (უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივი).

ბოკანი დღიურს აწარმოებდა ფოტოილუსტრაციებით და მისი ჩანაწერები კარგად ასახავს იმ გამანადგურებელ შედეგს, რაც მოუტანა რიგით უკრაინულ ოჯახს ჰოლოდომორმა.​

ბოკანის ფოტოჟურნალი, რომელშიც ის შიმშილობის პერიოდში საკუთარ გამოცდილებას აღწერს (უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივი).

როცა შიმშილი აუტანელი შეიქნა, ბოკანმა თავისი უფროსი ვაჟი ვოლოდიმირი აიძულა, სახლი დაეტოვებინა და თავად ეცადა თავის რჩენა.

ოჯახთან შვილის განშორების უმძიმესი სცენის აღწერის შემდეგ ბოკანი ახსენებს, რომ ვოლოდიმირი „მათხოვარი, გამომძალველი და ხულიგანი“ გახდა.

ვოლოდიმირ ბოკანი (მარცხნიდან მესამე) ოჯახს ტოვებს 1932 წლის ივნისში (უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივი).

მოგვიანებით, 1933 წლის ზაფხულში, მას მერე, რაც ბოკანების ოჯახს ათი თვის განმავლობაში არ ჰქონდა ნანახი პური, მათი ვაჟი კონსტანტინი კოლმეურნეობაში მუშაობით გამოფიტვისგან გარდაიცვალა. ის 22 წლის იყო.

ბოკანმა შვილის გარდაცვალების ადგილიც აღბეჭდა ფოტოზე.

მიკოლა ბოკანის ერთ-ერთი ვაჟი ზის იმ ადგილას, სადაც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა მისი ძმა კონსტანტინი (უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივი).

„კოლმეურნეობაში ორი თვე მუშაობის შემდეგ ჩემმა ვაჟმა მიიღო საფლავი, ორმო და ურემი სასაფლაომდე მისატანად - ესაა ყველაფერი, რაც მიიღო მუშაობისთვის,“ წერს ბოკანი.

სურათს აწერია: „კუბოში“. ფოტოზე გამოსახულია კონსტანტინ ბოკანი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ (უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივი).

ჰოლოდომორის ტრაგედიის შესახებ ბოკანის ჩანაწერები 2007 წელს აღმოჩნდა, როცა მკვლევრები მის ფოტოებს გადააწყდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივში.

მიკოლა ბოკანი თავისი ვაჟის, კონსტანტინის საფლავზე (უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივი).

ეს სურათები ფოტოგრაფზე შედგენილი დოსიესთვის იყო დართული. როგორც რელიგიური სექტის წევრები, ის და მისი ვაჟი ბორისი 1938 წელს დააპატიმრეს. მოგვიანებით შრომის ბანაკში გაგზავნეს „კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის“. ბოკანი 1942 გარდაიცვალა, სანამ ბოლომდე მოიხდიდა რვაწლიან პატიმრობას. მანამდე სამი წლით ადრე კი ბორისი გარდაიცვალა.

დეზინფორმაციის სიბნელე

ბოკანის ფოტოების მსგავსად, ტორონტოელმა მკვლევრებმა მრავალ სხვა ფოტოს მოუყარეს თავი და იმედოვნებენ, რომ ეს კოლექცია ჰოლოდომორის შესახებ მნიშვნელოვან წყაროდ იქცევა.

წლების განმავლობაში სხვა შიმშილობების დროს გადაღებულ ფოტოებს შეცდომით იყენებდნენ ხოლმე ჰოლოდომორის შესახებ სტატიებში. ეს სურათი უკრაინაშია გადაღებული 1921-22 წლებში.

კოლექციაში შეტანილია ასევე ის ფოტოებიც, რომლებიც სხვა პერიოდს განეკუთვნება და მათ არასწორად უკავშირებდნენ ხოლმე ჰოლოდომორს.

ბაბი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ რეგულარულად განაახლებენ ჰოლოდომორის კოლექციას.