ვასილ ციბენკო სააკაშვილის დანიშვნაზე: „ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა“

უკრაინაში რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებისათვის უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო დაიბარა. საქართველოს საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლებაც აპირებს უკრაინის შესაბამისი უწყებებისგან მოისმინოს განმარტებები, თუ რატომ დაინიშნა თანამდებობაზე სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსულმა ვასილ ციბენკომ განაცხადა, რომ შეხვედრის მსვლელობისას გაარკვია, რომ საგარეო უწყებაში კი არ დაიბარეს, არამედ მიიწვიეს, რათა განეხილათ საქართველო-უკრაინის ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი, თუმცა, მისივე თქმით, ცხადია, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხსაც:

„იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ, თუ რა ხდება უკრაინაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო - მას აქვს უფლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის უშტატო მრჩევლად დანიშვნისას მოქმედებდა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ითვალისწინებდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის დიდ გამოცდილებას რეფორმების გატარების, ჯარის რეორგანიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება არაა მიმართული საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ხელს არ შეუშლის ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რომელსაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი და დროში გამოცდილი მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის“.

მიხეილ სააკაშვილზეც, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანზე, ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, ესწრება ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებს და ხვდება ქვეყნების ლიდერებს...
ვასილ ციბენკო

ვასილ ციბენკოს თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი და ძალაში შესული განაჩენი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა:

„მიხეილ სააკაშვილზეც, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანზე, ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, ესწრება ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებს და ხვდება ქვეყნების ლიდერებს. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარე ყურადღებით შეისწავლის აღნიშნულ საკითხს, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი განწყობილნი არიან საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ურთიერთქმედება სჭირდებათ არა მარტო ჩვენს მთავრობებს, არამედ ასეთი თანამშრომლობა და ურთიერთობა სჭირდებათ ჩვენს ხალხებს“.

უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს მისვლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა დავით კერესელიძემ, სამინისტროს სპიკერმა, რომელმაც ასევე ილაპარაკა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობის უალტერნატივობაზე:

„უპირველეს ყოვლისა, აქ საუბარია ბოლო დანიშვნაზე, რაც უკრაინის მთავრობამ განახორციელა. ჩვენთვის ერთგვარად გასაკვირი იყო... თუ რა მიზეზების გამო, ალბათ, გასაგებია. რაც შეეხება ელჩის დაბარებას... ამას დაბარებას არ დავარქმევდი. ჩვენ მოვიწვიეთ ელჩი, რადგანაც ელჩი გახლავთ თავისი ქვეყნის წარმომადგენელი სხვა სახელმწიფოში“.

რა თქმა უნდა, ნოტის გაგზავნა და დიპლომატიურ ურთიერთობებში რამე სახით შეფერხება არის სრულიად ზედმეტი და ამას არ ექნება ადგილი, მაგრამ გვაქვს ბუნებრივი რეაქცია...
ზვიად ძიძიგური

საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობაშიც მიიჩნევენ, რომმიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თუმცა, როგორც დეპუტატი ზვიად ძიძიგური ამბობს, ამის გამო ორი ქვეყნის მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება:

„რა თქმა უნდა, ნოტის გაგზავნა და დიპლომატიურ ურთიერთობებში რამე სახით შეფერხება არის სრულიად ზედმეტი და ამას არ ექნება ადგილი, მაგრამ გვაქვს ბუნებრივი რეაქცია. ალბათ, ასეთივე რეაქცია ექნება უკრაინის მთავრობასაც, ჩვენ რომ დავნიშნოთ მაღალ თანამდებობაზე უკრაინის პროკურატურის მიერ ბრალდებული პირი. მათ ექნებოდათ რეაქცია და ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის რეაქცია“.

საქართველოს ხელისუფლების ეს რეაქცია არაადეკვატურად და დაგვიანებულად მიაჩნია საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, რომლის თქმითაც, სააკაშვილის დანიშვნასა და უკრაინის ელჩის დაბარებას წინ უძღოდა უკრაინის მხარესთან არასაკმარისი კომუნიკაცია და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მოუზომავი განცხადებები:

„სამწუხაროდ, იმ განცხადებებმა, რომლებიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და დეპუტატების მიერ, არ იქონია კარგი გავლენა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ვფიქრობ, რომ ამის გამოხატულება ისიც არის, რომ ვერა და ვერ შედგა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიევში“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაადეკვატურად აფასებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

უკრაინის ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს ყველაფერ ამაზე და არ აკეთებს საპასუხო განცხადებებს, მშვიდად უყურებს, რადგანაც ისინი ხვდებიან, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს საშინაო პოლიტიკის მძევლად. იმის გამო, რომ სააკაშვილზე გამოაცხადეს ძებნა, იძულებული არიან დაიბარონ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში...
თორნიკე შარაშენიძე

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის ჩვენი უსაფრთხოების ნაწილი. ეს არ არის ჩვენგან იზოლირებული პროცესი და ეს არ არის რაღაც გარკვეული შარი, რომელსაც საქართველო უნდა მოერიდოს, რადგანაც ეს არის ის კერა პრობლემების, რომლებიც ჩვენზეც ვრცელდება. თუ რუსეთი დღეს არ დამარცხდება უკრაინაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობა იქნება ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ, როგორშიც დღეს არის უკრაინა. ცალსახად ჩანს ამის გაუაზრებლობა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ხოშტარიამ, რომლის თქმითაც, ასევე პრობლემაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნას ანაცვალებს სახელმწიფო ინტერესებს, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს ნდობა იმ სასამართლო პროცესებისადმი, რომლებიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე შიდაპოლიტიკური პროცესების ნეგატიურ გავლენაზე ლაპარაკობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძეც, თუმცა ის მიიჩნევს, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება:

„უკრაინის ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს ყველაფერ ამაზე და არ აკეთებს საპასუხო განცხადებებს, მშვიდად უყურებს, რადგანაც ისინი ხვდებიან, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს საშინაო პოლიტიკის მძევლად. იმის გამო, რომ სააკაშვილზე გამოაცხადეს ძებნა, იძულებული არიან დაიბარონ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში... იძულებული არიან რაღაც გააკეთონ და ამას კარგად ხვდებიან კიევში. საქართველოსა და უკრაინას ძალიან ბევრი საერთო ინტერესი აქვს და ეს არ უნდა დაზიანდეს. ეს ესმით უკრაინაში და ამიტომ არ პასუხობენ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს“.

საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ კი განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ოფიციალურად მიიწვია კიევში ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 21-22 თებერვალს და მიეძღვნება ზეციური ასეულის ხსოვნას. გარდა ამისა, აპრილში კიევი უმასპინძლებს დონორთა კონფერენციას, სადაც, ციბენკოს თქმით, ასევე ელიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.