გაზრდილი ფასები და უკმაყოფილო მომხმარებელი ქუთაისში

ქუთაისის აგრარული ბაზარი

ახალი წლისა და შობის დღესასწაულებისთვის სურსათის გაძვირება მომხმარებელთა განსაკუთრებული უკმაყოფილების მიზეზად რჩება. კმაყოფილებას არც გამყიდველები გამოთქვამენ. ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ საკვები პროდუქტის დიდი ნაწილი იმპორტირებულია და დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების გამო ძვირდება, ეროვნული ვალუტის მცირედით გამყარება კი ფასის შემცირებას არ იწვევს. იმპორტირებული სურსათის გაძვირების გარდა, ფასი გაზრდილია სოფლის მეურნეობის ადგილობრივ პროდუქციაზე, რომლის წარმოება ზამთარში საგრძნობლად იკლებს.

Your browser doesn’t support HTML5

გაზრდილი ფასები და უკმაყოფილო მომხმარებელი ქუთაისში

ბოლო დღეებია ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში სხვადასხვა სახეობის კილოგრამი ხორცი12-დან ოც ლარამდე ღირს, ყველი - რვა ლარიდან თორმეტ ლარამდე, ნიგოზი - 35 ლარი, 1 კილოგრამიხილის საშუალო ფასი კი სამი ლარია. მოვაჭრეთა ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში პროდუქტი, სულ მცირე, 20-30 პროცენტით გაძვირდა:

„ყველაფრის ფასი მატულობს და რა გასაკვირია, რომ გლეხიც აძვირებს საკუთარ პროდუქტს, მასაც ხომ უნდა არსებობა“.

„ფორთოხალი - ჩვენებური, ქართული - ღირს 2 ლარი, საზღვარგარეთის – 2,5. ლარი, ბროწეული - 3,5 ლარი და ყურძენი – 4“.

„ვერავინ ვეღარ ყიდულობს ვერაფერს - თუ იყო 1 ლარი, გახდა 3“.

„ფასებმა მოიმატა, ლარის გაუფასურება მოქმედებს ძალიან, თითქმის 20-30 %-ით გაზრდილია ფასი ნებისმიერ პროდუქტზე - ხილზე, მწვანილზე, ხორცზე“.

ქუთაისის აგრარული ბაზარი

„შარშან უფრო კარგი მუშაობა იყო, წელს იმდენი არ არის, ფასებიც ძალიან მომატებულია დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო და იკავებს ხალხი თავს ყიდვისგან, უჭირთ“.

„გასულ წელთან შედარებით, ფასებმა მოიმატა და მყიდველი ნაკლებადაა. პროდუქტის ფასს კითხულობენ, მაგრამ ყიდვით არ ყიდულობენ“.

„აღარ არის ისეთი მუშაობა, ხალხს აღარ აქვს საშუალება. არის შემთხვევები, ბევრი ვერც გვეკითხება ფასსაც და ისე მიდის“, – ამბობენ ქუთაისის აგრარულ ბაზარში მომუშავე გამყიდველები.

იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტისგაძვირება განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს მომხმარებლებში, რომლებიც ამბობენ, რომ საკმარისი რაოდენობით სურსათის შეძენა სულ უფრო უჭირთ:

„გაძვირებულია პროდუქტი, იაფი არაფერი არ არის, ვერაფერს ვყიდულობ და მივდივარ ისე სახლში. ჩემი პენსია წამლის ფულად არ მყოფნის, ორჯერ გადავიტანე ინსულტი“.

„გაძვირებულია ყველაფერი. არ ვმუშაობ, დამოკიდებული ვარ მეუღლეზე და რთულია“.

„წელს კიდევ უფრო იგრძნობა ფასების მომატება, ლარი გაუფასურდაო და დოლართან მიმართებით რომ დაიწია ნიშნულმა, ფასები იგივე დარჩა. ძალიან გვიჭირს, რა ვქნათ?!“

„ფასები მომატებულია, კითხვაც არ უნდა. ჩვენი პენსიით რას გავწვდებით! პენსია არ მოგვიმატეს და ვართ გაჭირვებულ დღეში“.

დეკემბრის განმავლობაში თითქმის 7 %-ით მეტი იყო ინფლაცია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ცხადია, ეს უარყოფითად აისახება მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე და, გარდა კონკრეტული ადამიანებისა, ინფლაცია უარყოფითად მოქმედებს ქვეყნაზე...
პაატა კლდიაშვილი

„საქართველოში, განსხვავებით ყველა ქვეყნისგან, საახალწლოდ ფასები მატულობს - როცა ყველგან ნახევრდება, ჩვენთან ორმაგდება“.

„ხილიდან დაწყებული, ხორცპროდუქტებით დამთავრებული, ყველა პროდუქტი ძვირი ღირს. თითქმის გაორმაგებულია ფასები“.

ქუთაისელ რესპონდენტებს იმედი აქვთ, რომ იანვრის სადღესასწაულო დღეების შემდეგ საკვები პროდუქტი მცირედით გაიაფდება, თუმცა, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, არ გამორიცხავენ, რომ მოვაჭრეები საახალწლოდ გაზრდილ ფასებს შეინარჩუნებენ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ეროვნული ვალუტის შედარებით სტაბილურობას და იანვრის დასაწყისში რამდენიმე ნიშნულით გაუფასურებას ხელოვნურ და მოკლევადიან ეფექტად მიიჩნევს ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი. მისი განცხადებით, წინასადღესასწაულო დღეებში იზრდება საზღვარგარეთიდან გზავნილების რაოდენობა და მოთხოვნა ლარზე, რაც ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას, თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია, რაც მოსახლეობასთან ერთად უარყოფითად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე:

„დეკემბრის განმავლობაში თითქმის 7 %-ით მეტი იყო ინფლაცია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ცხადია, ეს უარყოფითად აისახება მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე და, გარდა კონკრეტული ადამიანებისა, ინფლაცია უარყოფითად მოქმედებს ქვეყნაზე, ვინაიდან ქვეყნის საგარეო ვალის უმეტესი ნაწილი დაფიქსირებულია უცხოურ ვალუტაში და ლარის გაუფასურების გამო ვალის მოცულობა ლარში იზრდება. შესაბამისად იზრდება ამ ვალდებულებების დაფარვისთვის გადასახადის მოცულობა. გამომდინარე აქედან, ლარის კურსის დევალვაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ პირებზე, რიგით მოქალაქეებზე, ასევე სახელმწიფოზე, იურიდიულ პირებზე, რომლებსაც გადასახდელი აქვთ ვალი უცხოურ ვალუტაში“.

ეკონომისტ პაატა კლდიაშვილის მოკლევადიანი პროგნოზით, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით დევალვაციას იანვრისბოლოს გააგრძელებს. მისივე შეფასებით, პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის გამყარებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტის წარმოების გაზრდა.