საქართველოში პირველი კინემატოგრაფიული სეანსი ჩატარდა სათავადაზნაურო თეატრში 1897 წლის 16 ნოემბერს, 1904 წლისთვის კი თბილისში რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციობდა, მათ შორის„ილუზიონი”, „სკიფი” და „ურანი”. დღემდე შემორჩენილი უძველესი კინოთეატრი 1909 წელს აშენებული „აპოლოა“, რომელიც კერძო კომპანიის საკუთრებაა და პირვანდელი დანიშნულება დაკარგული აქვს. „აპოლოს“ ბედი გაიზიარა ათობით სხვა კინოთეატრმა, რომლებსაც ჯერ სს „ქართული ფილმი“, ხოლო შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო განკარგავდა. დღეს საქართველოში, დაახლოებით, იმდენივე კინოთეატრია, რამდენიც გასული საუკუნის დასაწყისში იყო.
Your browser doesn’t support HTML5
საბჭოთა საქართველოში 150-მდე კინოთეატრი მუშაობდა. თბილისში მდებარეობდა ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი „აპოლო“, რომელიც 2001 წელს, გახსნიდან ლამის ასი წლისთავზე, საქართველოს მთავრობამ გაყიდა. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კინოთეატრები გააერთიანეს და დაუქვემდებარეს სააქციო საზოგადოებად გადაკეთებულ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“, მაგრამ მალე სააქციო საზოგადოებას სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა და „ქართული ფილმიც“ გაკოტრების პირას მივიდა. გადაწყდა კინოთეატრების გაყიდვა და მიღებული თანხებით კინოსტუდიის განახლება, მაგრამ მარკეტინგულმა სვლამ არ გაამართლა. მოგვიანებით, შემდგომი პრივატიზების მიზნით, კინოთეატრები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. თბილისში 25 კინოთეატრიდან მხოლოდ ორიღა შემორჩა. როგორც ქართული ფილმის განვითარების ფონდის წარმომადგენელი, გაგა ჩხეიძე ამბობს, კიდევ უფრო რთული ვითარებაა რეგიონებში:
„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ კინოთეატრები გაიყიდა როგორც უძრავი ქონება. ზოგში შევიდა ბანკი, ზოგში -კერძო ფირმები. ვისაც საშუალება ჰქონდა, იყიდა რაიონების კინოთეატრები. სხვა ნაბიჯები რომ გადადგმულიყო, რომ ეცადა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ შეექმნა რაღაც, თუნდაც შპს, რომელიც გააერთიანებდა კინოთეატრებს და აღდგებოდა დისტრიბუცია, კიდევ ეშველებოდა რამე, მაგრამ გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, როგორც უძრავი ქონება. ერთ-ერთ კინოთეატრს, მაგალითად, ეკლესია დაეპატრონა. დმანისში მშვენიერი კინოთეატრი არსებობდა და დღეს ის საპატრიარქოს მფლობელობაშია და ეპისკოპოსის რეზიდენციას წარმოადგენს. ფაქტიურად, კულტურამ - ამ შემთხვევაში კინომ -დაკარგა ის ადგილები, ის სივრცე, სადაც მას კულტურული ცხოვრება უნდა ეწარმოებინა. ეს ძალიან დიდი დანაკლისია, ზოგადად, განათლებისთვის, ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის, იმიტომ რომ კინოთეატრები (მსოფლიოში ასეა) დღეს წარმოადგენენ კულტურისა და განათლების კერებს“.
ეკლესიას აშენებენ რუსთავში კინოთეატრ „მერცხლის“ ადგილზე. არადა, 1959 წელს გახსნილი 400-ადგილიანი კინოთეატრი, იაფი, ათკაპიკიანი ბილეთებითა და 12- მეტრიანი ფართo ეკრანით, რუსთაველი ბავშვების უსაყვარლესი ადგილი იყო. თამაზ ფაფაკერაშვილმა „მერცხალში“ 25 წელი იმუშავა:
„თავიდან ერქვა კინოთეატრი „კომკავშირელი“ და ისიც მახსოვს, რომ თავიდან გაზეთები წერდნენ, „სოცრუსთავი“ გამოდიოდა, კინოთეატრი მუშაობს უკონტროლიოროდო. ბილეთს შეიძენდი სალაროში, შენ თვითონ მოუხევდი ყუას და დაჯდებოდი შენს ადგილზე. ჩვენი კინოთეატრი ძირითადად ემსახურებოდა სკოლებს. გვყავდა პედაგოგი, რომელიც დადიოდა სკოლებში, სთავაზობდა მოსწავლეებსა და დირექციას, რა ფილმები გინდათო, და იმის მიხედვით მოგვქონდა ფილმები“.
Your browser doesn’t support HTML5
კინოთეატრ „მერცხალთან“ ტკბილი მოგონებები აკავშირებს მარიკა ფიროსმანაშვილს - რუსთავის კულტურის სამსახურების ხელმძღვანელს:
„მერცხლის“ გარშემო იყო რამდენიმე სკოლა: N12, N15, N17, N7 სკოლები. გახსოვთ, ალბათ, ჩვენ დროს შატალოები როგორ იყო მოდაში... პირველი ჩვენების დროს სავსე იყო დარბაზი ბავშვებით და უცბად აინთებოდა ხოლმე შუქი დარბაზში, შეწყდებოდა კინოჩვენება და გამოაცხადებდნენ, ამა და ამ სკოლის მოსწავლეებმა სასწრაფოდ დატოვონ დარბაზიო და იყო ერთი ამბავი“.
თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც შატალოზე წასული რუსთაველი მოსწავლეები კინოში ვერ დადიან. „მერცხალივით“ 90-იან წლებში დაშალეს და დაანგრიეს სხვა კინოთეატრებიც, მათ შორის უდიდესი „ივერია“, ყოფილი „ოქტომბერი“. ერთადერთი, რომელიც ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა, კინო „რუსთაველია“, რომლის შენობაში ახლა სამორინეა გახსნილი.
„კინო „რუსთაველი“ იყო აქ ადრე... არსად ქალაქში კინოთეატრი აღარ არის. ადრე „ქიმიკოსთა კლუბი“ იყო, „კტმ“ - მეტალურგების კინოთეატრი, ბოლოს კინო „ოქტომბერი“ ააშენეს და ისიც დაშალეს და დაანგრიეს. ამხელა ქალაქია და ერთი კინოთეატრი არ არის. ფილმის სანახავად თბილისში უნდა წახვიდე. ადრე იმდენი მსურველი იყო, რომ ბილეთების შოვნა ჭირდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას 71 წლის ლოთი ხვინგიამ.
კინოს ბილეთს დიდი სიამოვნებით შეიძენდა 16 წლის მიშკა ქიმაძე, რომელმაც რუსთავში კინოთეატრის გახსნის მოთხოვნით სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და თანამოაზრეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა:
„გვინდა, რომ გაიხსნას ქალაქში კინოთეატრი, რათა იყოს ქალაქში მეტი გასართობი, ფილმის ნახვა შეგვეძლოს არა ტელევიზორში, არამედ ვნახოთ დიდ ეკრანზე, კინოთეატრში და უფრო ხარისხიანად“.
კინოდარბაზში მაყურებლის მისვლა და ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა მნიშვნელოვანია რეჟისორებისთვისაც. ლევან კიტიას თქმით, მაყურებელმა ფილმი უნდა ნახოს იმ მასშტაბში, რა მასშტაბშიც გადაიღო რეჟისორმა.
„სატელევიზიო ფილმი დიდ ეკრანზე, დიდი ფილმი კინოთეატრში, დიდ ეკრანზე. გარდა იმისა, რომ ეს გამოსახულების ზემოქმედების ხარისხს ცვლის, ამის გარდა, აქვს სხვა მნიშვნელობაც. ეს არის ბნელი დარბაზის მაგია, იმ ადამიანის გვერდით ჯდომა, ვისთან ერთადაც შენ ამას უყურებ, დარბაზის განწყობა და ატმოსფერო... - ეს ყველაფერი ერთიანად მოქმედებს, როცა კინოდარბაზში უყურებ კინოს, მაგრამ როცა ტელეეკრანზე ნახულობ, ეს ყველაფერი უკვე არის ინფორმაცია კინოს შესახებ“.
თუმცა დიდ ეკრანზე ფილმების ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ თბილისსა და ერთ-ორ დიდ ქალაქში აქვთ. კინოთეატრების ქსელი ვერ შეინარჩუნა „ქართულმა ფილმმა“, რომელსაც სამართავად გადაეცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეკონომიკის სამინისტროსთვის კი კინოთეატრები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაა, რომლისგანაც დროთა განმავლობაში გათავისუფლდა. გაგა ჩხეიძის თქმით, შექმნილი ვითარებიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა მუნიციპალური კინოთეატრების გახსნა:
„მუნიციპალური გულისხმობს იმას, რომ ქალაქი ან სხვა სახის დასახლება აფინანსებს ერთ კინოთეატრს - ამას მეორენაირად პროგრამულ კინოს ეძახიან, სადაც არა მარტო ახალ ფილმებს აჩვენებენ, არამედ მიმდინარეობს რეტროსპექტივები. შეიძლება აჩვენო ძველი ქართული კინო ან მსოფლიო კინოს შედევრები, უხმო ფილმები აკომპანიმენტის თანხლებით და ა.შ. კომერციული კინოთეატრები აჩვენებენ მხოლოდ ახალ ფილმებს. ფილმი ერთხელ გამოვა ეკრანზე, ჩაივლის, - ან ექნება შემოსავალი, ან არ ექნება, - შემდეგ გაქრება, ხოლო არტჰაუსის ტიპის კინოთეატრებს, მუნიციპალურ კინოთეატრებს აქვთ საშუალება, თუ ქალაქი ჩადებს ფულს, აწარმოოს გარკვეული საგანმანათლებლო სამუშაო. ასეთ კინოთეატრებში შეიძლება გაკეთდეს საგამოფენო სივრცეც, სადაც ხალხი შეხვდება ერთმანეთს, გაიმართება დისკუსიები. არსებობს ამის ტრადიცია, ახალს არაფერს ვამბობ. ევროპამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა ამ მხრივ. დღესდღეობით კი არ იხურება, პირიქით, იხსნება კინოთეატრები. ნორვეგიაში, სკანდინავიაში საერთოდ ბუმია კინომაყურებლების, ყოველ წელს ემატება მაყურებელი კინოთეატრებს, ხოლო რუმინეთმა ახლად მიღებული კანონის საფუძველზე განაახლა მთელი თავისი კინოთეატრების ქსელი, თვიდან თვემდე მატულობს მაყურებელი, მატულობს იმ ფილმების რაოდენობა, რომლებიც ეკრანზე გამოდის. ფილმი უნდა მივიდეს მაყურებლამდე ყველა ნებისმიერი ფორმით - იქნება ეს კინოთეატრი, DVD-ის ფორმა თუ ინტერნეტპლატფორმა და ა.შ. ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ ის ხიბლი, რაც კინოთეატრს ყოველთვის ჰქონდა, როცა ერთად იკრიბება ხალხი და უყურებს ფილმს და შემდეგ მასზე მსჯელობს, არსად გამქრალა. ამას კიდევ აქვს ხიბლი და მგონია, ამის აღდგენა საქართველოში შესაძლებელია“.
მუნიციპალური კინოთეატრების გასახსნელად ძლიერი მუნიციპალიტეტებია საჭირო. იდეა სავსებით მისაღებია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა შავაძისთვის, თუმცა გადაულახავი პრობლემა მწირი ფინანსური შესაძლებლობებია.
„ჩვენი ბიუჯეტი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ შენობა გამოვისყიდოთ და კინოთეატრი გავხსნათ. რომც გამოვისყიდოთ, რასაც დიდძალი თანხა დასჭირდება, სხვა მნიშვნელოვანი ხარჯიც იქნება: იქ პერსონალის ხელფასია, უნდა აღდგეს კომუნიკაციები, ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯი და ა.შ. - ეს ყველაფერი სათანადო ცივილიზებულ ფორმაში რომ მოაქციო, დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ ჯერჯერობით ქალაქი მოკლებულია ამის შესაძლებლობას“, უთხრა გოჩა შავაძემ რადიო თავისუფლებას.
შესაბამისად, დიდ ეკრანზე კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას მოკლებული არიან რუსთავსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში მცხოვრები მოქალაქეები. ასე რომ, ლამის მთელ საქართველოს სამუშაოდ, სასწავლებლად თუ სხვა კულტურულ გარემოსთან საზიარებლად დედაქალაქში უწევს წასვლა.