წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა გორსა და კასპთან ახლოს გათხრების მორიგი ეტაპი დაიწყეს 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა ნეშტების მოსაძიებლად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტ-ანთროპოლოგები გორში - ორ, კასპში კი ერთ სამარხს გახსნიან.
Your browser doesn’t support HTML5
ინფორმაცია ამ სამარხების შესახებ შეგროვდა ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ერთი მექანიზმის ქართველი და აფხაზი მონაწილეები, ხოლო მეორე მექანიზმის ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები მუშაობენ იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს. საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა. ამ პლატფორმების ერთადერთი მიზანია გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, ვინც კონფლიქტებიდან ათეული წლების შემდეგაც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციის განყოფილების უფროსი, მაია ქარდავა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მხარეთა წარმომადგენლებმა, ურთიერთშეთანხმების შედეგად, ბოლო 6 წლის განმავლობაში 249 ადამიანის ნეშტი მოძებნეს. აქედან 107 ამოცნობილია.
2017 წლის მაისიდან აგვისტომდე წითელი ჯვარი 30-ზე მეტი პოტენციური სამარხის გახსნას გეგმავს შიდა ქართლში, იმერეთში, აფხაზეთსა და თბილისის შემოგარენში, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 150 ადამიანის ნეშტი იქნება მოძიებული. მაია ქარდავა აცხადებს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ შექმნილი მექანიზმი თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან და მხარეების წარმომადგენლები ნაყოფიერად თანამშრომლობენ ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად.
ამ ეტაპზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამარხების აღმოჩენისას შეუძლებელია მათი ვინაობის დასახელება, რადგან ამოცნობის პროცესი ხანგრძლივია და მრავალი პროცედურის ჩატარებას ითვალისწინებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია თამარაშენთან ახლოს მდებარე საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების სამარხების შესახებ, რომელთა გახსნა და ნეშტების გადმოსვენება პოლიტიკური ვითარების გამო ვერ ხერხდებოდა. საქართველოს ხელისუფლება 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაკარგულ ასობით ადამიანს ეძებს. უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებაც. მაია ქარდავას თქმით, მექანიზმში შემავალი მხარეების თანამშრომლობა უკვე ნაყოფიერია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ყურადღებას არ აქცევს დაკარგულის ეთნიკურ წარმომავლობას - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დაღუპულთა ნეშტები ოჯახებს გადაეცეს.
ბოლო 6 წლის განმავლობაში ნაპოვნი და ამოცნობილი ნეშტები ოჯახებს გადაეცა და პატივით დაიკრძალა. 142 ნეშტის ამოცნობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთა აზრით, ამ პროცესში დრო ყველაზე დიდი მტერია, რადგან ბევრ ნაკვალევს შლის.