რატომ არიან კავკასიელები ასეთი წარმატებულნი UFC-ში?

ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გამარჯვებას აღნიშნავს.

ამ ეტაპისთვის წლის ყველაზე დიდ საერთაშორისო საბრძოლო ღონისძიებაზე, მსოფლიო ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხივე სპორტსმენი კავკასიიდანაა.

UFC 311-ზე, რომელიც თბილისის დროით 19 იანვარს დილით ჩატარდება კალიფორნიაში, წარმოდგენილი იქნება ერთი ქართველი, ერთი საქართველოში დაბადებული, რუსეთში გაზრდილი, ეთნიკურად სომეხი მებრძოლი და ორი მებრძოლი რუსეთის დაღესტნის რეგიონიდან.

მათგან ერთ-ერთს, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს, თავისი თეორია აქვს იმის შესახებ, თუ რატომ არიან კავკასიელები, განსაკუთრებით კი მისი თანამემამულე ქართველები, ასე მრავლად წარმოდგენილნი შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში.

მერაბ დვალიშვილი (მარჯვნივ) ურტყამს ჰენრი სეხუდოს

„ძლიერი ხალხი ვართ, სულ ომი გვიწევდა“, - უთხრა 34 წლის დვალიშვილმა რადიო თავისუფლებას.

„იმის გამო, რომ ასეთი კარგი ტერიტორია გვაქვს, მტრები სულ მოიწევდნენ ჩვენი ქვეყნისკენ და სულ გვიწევდა საკუთარი თავის, ოჯახებისა და ქვეყნის დაცვა“.

მისი თქმით, ამის შედეგად, ბრძოლა „ჩვენი დნმ“ არისო.

დვალიშვილი დასავლეთ საქართველოში, იმერეთში გაიზარდა, სადაც სოფლის ბევრი მცხოვრები წვრილი ფერმერია. 1991-93 წლებში საქართველოში მიმდინარე ომებისას, ახალგაზრდა დვალიშვილმა ღრმა გაჭირვება გამოცადა და ზოგჯერ, მის ოჯახს მხოლოდ მჭადი თუ ჰქონდა საჭმელად. ის ცხრა წლის რომ იყო, ოჯახი თბილისში გადმოვიდა.

UFC-სკენ მისი მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა თბილისის ქუჩებში შერეული საბრძოლო ხელოვნების ბრძოლის რეკლამა ნახა. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებაში ფულს არ იხდიდნენ, მაინც მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელმაც მას მაყურებლის წინაშე ბრძოლის აღტაცება აჩვენა.

„სპორტის ყველა სხვა სახეობას იმდენი წესი აქვს, თავს ვერ ავლენ, - ამბობს ის, - ჩხუბი საუკეთესოა, თავისუფალი ვიყავი, ხომ ხვდებით? როცა ვჩხუბობდი, შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი საუკეთესო მომენტები ეს იყო“.

დვალიშვილმა იფიქრა, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში კარიერის გაკეთებას შეძლებდა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ამას როცა ვაკეთებდი, ბედნიერი ვიყავიო.

მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე აშშ-ში

2010-იანების დასაწყისში დვალიშვილი ნიუ-იორკში გადავიდა და მშენებლობებზე დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი სავარჯიშო დარბაზს ეძებდა, რომელიც მოჩხუბრად ჩამოყალიბებისთვის საჭირო გამოცდილებას მისცემდა.

ქართველის ჩხუბის სტილს გამოარჩევს მისი მომზადება ძიუდოსა და სამბოში, რომელიც, თავის დროზე. წითელი არმიისთვის შექმნილი ჭიდაობის ნაირსახეობის საბრძოლო ხელოვნებაა, და ჟინი, ჯიუტად უტევდეს ოპონენტს.

სწორედ ამ მუდმივმა წნეხმა, რასაც მისი თითქოსდა უშრეტი ენერგია ემატება, მოუტანა ზედმეტსახელი „მანქანა“ (The Machine). ქართველმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ლას-ვეგასის სფეროს დარბაზში 2024 წლის სექტემბერში მოიგო.

არმან ცარუკიანი გულშემატკივრებთან ერთად ბრძოლაში გამარჯვებას აღნიშნავს

კალიფორნიაში გასამართ მომდევნო ბრძოლაში დვალიშვილი დაუმარცხებელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება, შერეული საბრძოლო ხელოვნების ლეგენდარული დინასტიის წარმომადგენელს დაღესტნიდან, რომელსაც მისი ბიძაშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი უძღვება. ცნობილია ამ უკანასკნელის ბავშვობის ვიდეო, სადაც დათვის ბელს ეჩხუბება. ხაბიბმა კარიერა 2020 წელს დაუმარცხებელმა დაასრულა და ბევრი მიიჩნევს, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველა დროის საუკეთესო მოჩხუბარია.

ფოტოჟურნალისტი სერგეი პონომარევი, რომელიც „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ აშუქებდა დაღესტნის საჭიდაო კულტურას, მიუთითებს რეგიონის კლიმატსა და ლანდშაფტზე, როგორც დაღესტნელების გასაოცარო რაოდენობის ფაქტორებზე შერეული საბრძოლო ხელოვნების უმაღლეს დონეზე ასასვლელად.

„მთებისა და ველურ ბუნებაში რთული პირობების გამოა ასე. წარსულში ძირითადად მწყემსები იყვნენ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

პონომარევის თქმით, ადგილობრივ კულტურაში ეს სპორტი ისეთი პოპულარულია, რომ ახალგაზრდა დაღესტნელებს „ფეხბურთის ყურებას ჭიდაობის ყურება ურჩევნიათ“.

ჭიდაობა დაღესტნის ფესტივალზე, რუსეთი, 1996 წელი

მთის ღატაკ სოფლებში, ჭიდაობის უპირატესობა ისაა, რომ თავის საბაზისო ფორმაში მხოლოდ დაბალი ბალახი და ადამიანის სხეული სჭირდება. დაღესტანში მებრძოლები ხშირად ვარჯიშობენ რთულ გარე პირობებში - ჩემპიონებს იღებენ, როგორ ცურავენ რეგიონის ყინულივით ცივ მდინარეებში, ან გამძლეობისთვის მთებში დარბიან.

18 იანვარს ტიტულისთვის იბრძოლებს არმან ცარუკიანიც, ეთნიკურად სომეხი, რომელიც საქართველოში დაიბადა და ძირითადად რუსეთში გაიზარდა. ის დაღესტნელ რუს ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება. თუ დაღესტნელებმა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში დიდი ხნის წინ დაიმკვიდრეს ადგილი, სომხები ამბობენ, რომ ცარუკიანი ახლა აღვივებს მათ ინტერესს ამ სპორტის მიმართ.

„ცარუკიანის სცენაზე გამოსვლასთან ერთად ვხედავ დიდ გავლენას და მეტ მოჩხუბარს, მეტ ახალგაზრდას, რომელიც შერეულ ხელოვნებაში ცდის ბედს“, - ამბობს კიმ ბარსეგიანი, რომელიც სამოყვარულო საბრძოლო კლუბს უძღვებოდა ერევანში.

არმან ცარუკიანი გულშემატკივრებთან ერთად ბრძოლაში გამარჯვებას აღნიშნავს

რეგიონში მებრძოლების ჩამოყალიბებაში კავკასიის მკაცრი კლიმატის მნიშვნელობას ბარსეგიანიც უსვამს ხაზს, ისევე, როგორც გავრცელებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს.

„თუ ძალიან კომფორტულ პირობებში ცხოვრობ, კარგი მებრძოლი ვერ გახდები“, - ამბობს ის.

თუმცა, UFC-ის მებრძოლი ცარუკიანის შემთხვევა განსხვავდება შერეული საბრძოლო ხელოვნების ბევრი მოჩხუბრის ამბიდან, რომლებმაც სიღარიბიდან დაიწყეს. ეთნიკურად სომეხი მდიდარ ოჯახში გაიზარდა და თავის წარმატებას წმინდა დისციპლინას მიაწერს. ამას წინათ პოდკასტში ლაპარაკისას ცარუკიანმა გაიხსენა, როგორ ჩამოთვალა ერთმა ახალგაზრდა მებრძოლმა ყველა სავარჯიშო ბანაკი, სადაც წავიდოდა, ცარუკიანივით შეძლებული რომ ყოფილიყო. ცარუკიანს უპასუხია: „შენ რომ იმდენი ფული გქონოდა, რამდენიც მე, დარბაზში არასდროს მოხვიდოდი“.

მერაბ დვალიშვილი

ქართველი მებრძოლი დვალიშვილის შემთხვევაში, რომელსაც სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულს, როგორც გმირს დახვდნენ, ქვეყნის მასშტაბით სავარჯიშო დარბაზებში უკვე ჩანს მისი გავლენა ახალგაზრდა ქართველებზე.

„ყოველ ჯერზე, როცა ვჩხუბობ, მეუბნებიან, რომ დარბაზები უფრო და უფრო ივსება ბავშვებით“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „მეტი ბავშვი არიდებს თავს სიგარეტის მოწევას და ქუჩაში დგომას“ და დასძენს, რომ „საქართველოში ამის კეთება ძალიან ადვილია“.

დვალიშვილი ფიქრობს, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას აქვს ძალა, ახალგაზრდებს გარდამტეხ ასაკში მიზანი მისცეს.

„სპორტი საუკეთესოა, რადგან მიზნად დაისახავენ, რომ ჯანმრთელები იყვნენ და ნომერ პირველები გახდნენ, მთელი დანარჩენი ცხოვრება კი ორგანიზებულები და დისციპლინირებულები იქნებიან“, - ამბობს დვალიშვილი და დასძენს, - „ძალიან ვამაყობ, რომ ბავშვებს კარგ მაგალითს ვაძლევ“.