უცხოელი ჟურნალისტები მავთულხლართებთან

ჟურნალისტებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილი მოინახულეს

სახლი ერგნეთში, ნახანძრალი კედლები, ომის სუნი, ჭურვებისა და ბომბების ნამსხვრევები, ფერფლიდან ამოღებული პატარა ჭიქა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამ სახლისგან ნასახლარი დარჩა, მაგრამ მოგვიანებით აღადგინეს, თუმცა ომის კვალი სარდაფში მაინც შეინიშნება. ერთ თვეში ამ სარდაფში აგვისტოს მოვლენების მუზეუმი გაიხსნება. ლია ჩლაჩიძემ ექსპონატების შეგროვება უკვე დაიწყო, ჯერარგახსნილ მუზეუმს კი პირველი სტუმრებიც ჰყავს. 6 ქვეყნის 17 ჟურნალისტი სახლის სარდაფში ომის ნაკვალევს ხედავს. მეპატრონესთან ერთად ისინი ამჩნევენ, რომ სარდაფის ჭერში მერცხალს ბუდე გაუკეთებია. ყველა ამბობს, რომ ეს კარგის ნიშანია. ლია ჩლაჩიძე სტუმრებს საკუთარი ომის ისტორიას უამბობს, ამბის თხრობას ცრემლიც ერევა. ცრემლი ზოგიერთი ჟურნალისტის თვალზეც ჩნდება. უკრაინელები განსაკუთრებით განიცდიან. ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ ეს არ იქნება აგრესიის მუზეუმი, ეს იქნება მუზეუმი ომის საშინელებისა და ადამიანების შესახებ.

Your browser doesn’t support HTML5

უცხოელი ჟურნალისტები მავთულხლართებთან

ხურვალეთი, ერგნეთი, დიცი, ნიქოზი, მავთულხლართები, ღობეები, მწვანე გამაფრთხილებელი ბანერები და ადამიანური ისტორიები. ხურვალეთში უცხოელი ჟურნალისტები 83 წლის დავით ვანიშვილს ესტუმრნენ, თუმცა სტუმრობა ამ შემთხვევაში პირობითია. მათ შორის მავთულხლართია. ჟურნალისტები ბევრ კითხვებს სვამენ. ყველაფერი აინტერესებთ საქართველოს მოქალაქის შესახებ, რომელიც გამყოფ ხაზს მიღმა აღმოჩნდა. ვანიშვილმა მთელი ცხოვრება იცოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღეს ღობე გაუვლეს და უთხრეს, რომ ცდებოდა. აინტერესებთ, როგორ ექცევიან რუსეთის მესაზღვრეები. მოხუცი პასუხობს, რომ ორჯერ იყო დაჭერილი იმის გამო, რომ საკუთარ სოფელში პენსიის ასაღებად გადავიდა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და 2 000 რუბლით დააჯარიმეს. ეკითხებიან, აქ როგორ ძლებს და რატომ დევნილად არ გადმოდის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. პასუხობს, რომ სახლს და საფლავებს ვერ ტოვებს, მაგრამ არ იცის, გარდაცვალების შემდეგ მას ვინ დამარხავს.

კონფლიქტი სიტყვით იწყება და ამ სიტყვის გამტარი ხშირ შემთხვევაში მედიაა. ჟურნალისტიკას სიძულვილის ენით, მტრის ხატის შექმნით, სტერეოტიპების გაღრმავებით კონფლიქტის გამწვავება შეუძლია, მაგრამ ეთიკური, სამართლიანი, მრავალმხრივი, მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა კონფლიქტის დეესკალაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ემოციების გვერდით გადადება - ეს სიტყვები ყველაზე ხშირად ისმოდა მედიატრენინგზე, რომელსაც 6 ქვეყნის 17 ჟურნალისტი ესწრებოდა. თეორიული კურსის გარდა, მათ პრაქტიკული სავარჯიშოებიც გააკეთეს - გავიდნენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონებში და რეპორტაჟები ერთად მოამზადეს. უკრაინული გაზეთის ჟურნალისტი რომანია გორბაჩი კონფლიქტებზე ხშირად წერს, მაგრამ, მისი აზრით, შეუძლებელია ბოლომდე ობიექტური დარჩე, როცა ომი შენს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ისმაილ ფატალიევი ბაქოში საინფორმაციო სააგენტო „აპაში“ მუშაობს. კონფლიქტების თემას ხშირად აშუქებს. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით პროცესები უფრო მძიმედ ვითარდება და ხშირად ცხელ ფაზაში გადადის. ისმაილის დაკვირვებით, ოსებსა და ქართველებში ურთიერთობის სურვილი უფრო დიდია, ვიდრე აზერბაიჯანელებსა და სომხებში. ისმაილის აზრით, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები კონფლიქტების გაშუქებისას ვერ ძლევენ ემოციებს, დგებიან საკუთარი ხელისუფლების მხარეს და, შესაბამისად, ჟურნალისტური პროდუქტი არ გამოდის ობიექტური. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული პატრიოტიზმი კონფლიქტების მოგვარებას ხელს უშლის, ასეთ ტრენინგებზე კი შესაძლებელია საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

დმიტრი ოკრესტი მოსკოვში „ერბეკას“ ჟურნალისტია. კონფლიქტის ზონაში ყოფნისას მან აღმოაჩინა, რომ, სხვა კონფლიქტებისგან განსხვავებით, მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანები შერიგებისა და პატიებისთვის მზად არიან, რაც ნეგატიურ სოციალურ ფონზე პოზიტიურად მოჩანს. ოკრესტის აზრით, ჟურნალისტებმა, სახელმწიფოთა ლიდერების უთანხმოების მიუხედავად, ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ, რაც ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას შექმნის.

სომეხმა, აზერბაიჯანელმა, უკრაინელმა, მოლდოველმა, რუსმა და ქართველმა ჟურნალისტებმა დაივიწყეს საკუთარი წარმომავლობა და ეცადნენ ნეიტრალური პოზიციიდან დაენახათ ვითარება, რომელიც კონფლიქტმა შექმნა. გარდა ამისა, ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება საქართველოში არსებული კონფლიქტები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებისთვის შეედარებინათ.

მედიის წარმომადგენლებთან ტრენერად მუშაობდა გერმანელი ჟურნალისტი ულრიკე ბუტმალოიუ. ის ასწავლიდა და თვითონაც სწავლობდა. მისი დაკვირვებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ყველაზე მეტად რეპორტაჟებისა და სტატიების მომზადებისას უჭირთ საკუთარი ემოციებისა და შეხედულებების დამალვა, რაც, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებას აუარესებს. მისი აზრით, აუცილებელია მედიამ მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტით ისაუბროს კონფლიქტზე შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ხშირ შემთხვევაში პროპაგანდა საზოგადოებას მანიპულაციით მომზადებულ მედიაპროდუქტს აწვდის, რაც კონფლიქტის მოგვარებას ხელს არ უწყობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ერთმა უწყინარმა ფოტომ, - თუნდაც სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე გადაღებულმა, - რომელზეც ჟურნალისტი იარაღით, სამხედრო ფორმით ან სამხედრო მოსამსახურეებთან გაღიმებული და ხელგადახვეულია აღბეჭდილი, შესაძლოა ამ ჟურნალისტის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და მოგვიანებით საფრთხეც კი შეუქმნას. ამიტომ საერთაშორისო ექსპერტები მედიის წარმომადგენლებს ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ სულ უფრო მეტს ელაპარაკებიან. საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცის ჟურნალისტების ვიზიტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით, გერმანიის დემოკრატიისა და მედიის ინსტიტუტმა უზრუნველყო.