დაშგინ აღარარლის და ადამ ესმურზიევის „სტატუსი“

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტი.

ქვეყანაში უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით დაინტერესებისა და კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლისაკენ მოუწოდებს. მიმართვის საბაბი კი გახდა უცხოელთათვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა გადაჭრას რამდენიმე წელია ვერ ახერხებენ აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ წევრი დაშგინ აღარარლი და რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ინგუში ადამ ესმურზიევი. ადამიანის უფლებათა ცენტრში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სტატუსის მინიჭებაზე მათ დაუსაბუთებელი უარი უთხრა.

დაშგინ აღარარლი ამბობს, რომ პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო, ის წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. 2013 წელს მას, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, ხელისუფლებამ ბრალად დასდო გადასახადების გადახდისგან თავის არიდება იმ პერიოდში, როდესაც იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული კერძო სექტორში. დაშქინ აღარარლი 2014 წელს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას დააკავეს როგორც ინტერპოლით ძებნილი. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, 2014 წლის მარტში, მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა მისთვის და მისი შვილისთვის სტატუსის მინიჭების თხოვნით. საქმის განხილვა სამინისტროში ვადების დარღვევით გაგრძელდა და, 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მამა-შვილ აღარარლების თხოვნა არ დაკმაყოფილდა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტავენ, უარის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთების ნაწილს, ანუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში იგი შეიძლება კვლავ პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, სამინისტრო მას უარს ეუბნება თავშესაფრის მინიჭებაზე. დაშქინ აღარარლი არ გამორიცხავს, რომ მის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხით ხელმძღვანელობდეს:

“მე ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას. ისინი ჩემს საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ, მაგრამ არ მაძლევენ თავშესაფარს, როგორც ჩემი უსაფრთხოების, ისე ქვეყნის ინტერესების კარნახით. რა თქმა უნდა, ჩემი საქმე პოლიტიკურ არენაზეა: მეზობელი სახელმწიფოები არიან, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, დისკუსიები მრავალ თემაზე იმართება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი საკითხიც წამოიწიოს ამ მოლაპარაკებების დროს. მე პირადადაც არ ვისურვებდი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პრობლემად ვიქცე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამო არ მაძლევენ თავშესაფარს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ მომცემდნენ“.

დაშქინ აღარარლი

დაშქინ აღარარლი იმედოვნებს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მას და მის შვილ, სულ მცირე, უსაფრთხოების გარანტიებს მაინც მისცემს. დაშქინ აღარარლიმ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლო პროცესი 25 დეკემბერს გაიმართება.

რაც შეეხება ადამ ესმურზიევს, იგი რუსეთის მოქალაქეა, ეთნიკურად ინგუში. სტატუსის თხოვნით სამინისტროს მან ჯერ კიდევ 2011 წელს მიმართა. უარის შემდეგ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადამ ესმურზიევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მოსარჩელის საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა. რამდენიმე გასაუბრების შემდეგ, 2015 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ადამ ესმურზიევისთვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

ადამ ესმურზიევი

“აქედან მე არსად მივდივარ და არც მომავალში ვაპირებ წასვლას. მინდა ჩემი შვილები ჩამოვიყვანო - ოთხი ვაჟი მინდა ჩამოვიყვანო ინგუშეთიდან. არასად არ მივდივარ, გეთაყვა, მომეცით ლტოლვილის სტატუსი. ეს ხომ დოკუმენტია, უბრალო ქაღალდია. მომეცით, რომ ვიცხოვრო იქ, სადაც მინდა. ლტოლვილის სტატუსს ვითხოვ“.

ადამ ესმურზიევისთვის უარის ერთ-ერთ მიზეზად, ადვოკატ თამარ ავალიანის თანახმად, დასახელებულია ის, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ადგილი არ ექნებოდა მის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, რაც ადვოკატს აბსურდულად ეჩვენება:

“ადამ ესმურზიევი არის რუსულ-ჩეჩნურ ომში მონაწილე პირი, რომელიც იბრძოდა განმათავისუფლებელ მოძრაობაში და რუსეთისათვის ის არ არის, რა თქმა უნდა, მისაღები პიროვნება. და წარვადგინე კიდეც სამინისტროში ძალიან ბევრი არგუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით, თუ როგორ კლავენ ჩრდილოეთკავკასიელებს და ამ ტიპის მებრძოლებს ყოველდღიურად რუსეთის ფედერაციაში. უარის მიზეზი არის აბსოლუტურად აბსურდული და არაადეკვატური შეფასებაა სამინისტროში წარმოშობის ქვეყნის მიმართ, რომ თითქოს რუსეთში არ ირღვევა ადამიანის უფლებები და რუსეთისათვის გადაცემის შემთხვევაში იგი არ დაექვემდებარება წამებას და ზეწოლას, რაც არის არაადეკვატური“.

ორივე დეტალი ძალიან კონკრეტულად იქნა შესწავლილი და არც საომარ მოქმედებაში მონაწილეობა დასტურდება და, მეორეც, რუსეთი, როგორც ვიცით, არ არის ისლამური ქვეყანა - ქრისტიანობაზე კონვერტაცია არანაირი საფუძვლის მქონე არ აღმოჩნდა...
ირაკლი ლომიძე

ადვოკატი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ისიც, რომ ადამ ესმურზიევმა მართლმადიდებლობა მიიღო და ქართველ ქალზე დაქორწინდა. ადამიანის უფლებების ცენტრმა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა. სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი, ირაკლი ლომიძე, თავის მხრივ, აღშფოთებას გამოხატავს ადამიანის უფლებების ცენტრის მიმართ. იგი ფიქრობს, რომ სამინისტროს დადანაშაულება, ადამ ესმურზიევსა და დაშგინ აღარარლისთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გამო, ადამიანის უფლებების ცენტრის ტენდენციურობაზე მიუთითებს. რაც შეეხება გადაწყვეტილებების დასაბუთების სადავო საკითხს:

“ბატონ ადამ ესმურზიევთან დაკავშირებით ძალიან მარტივად დგას საქმე. ის, რომ ჩეჩნეთის ომის დროს საომარ სიტუაციაში იღებდა მონაწილეობას და მეორე განაცხადი იყო, რომ მან კონვერტაცია გააკეთა ისლამიდან ქრისტიანობაზე და ამის გამო დაემუქრებოდა, ვთქვათ, იქ დაბრუნების შემთხვევაში, დევნა, ორივე დეტალი ძალიან კონკრეტულად იქნა შესწავლილი და არც საომარ მოქმედებაში მონაწილეობა დასტურდება და, მეორეც, რუსეთი, როგორც ვიცით, არ არის ისლამური ქვეყანა - ქრისტიანობაზე კონვერტაცია არანაირი საფუძვლის მქონე არ აღმოჩნდა. აზერბაიჯანის მოქალაქეს რაც შეეხება, დადგინდა, რომ ეს პირი, მართლაც, შესაძლოა დაექვემდებაროს დევნას და გამოიკვეთა კონკრეტულად პოლიტიკური ნიშანი“.

ირაკლი ლომიძის განცხადების თანახმად, დაშგინ აღარარლის საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ ამ ადამიანის საქართველოში ყოფნა შესაძლებელია საზიანო ყოფილიყო ქვეყნის ინტერესებისთვის და მას ამის საფუძველზე ეთქვა უარი. ლომიძე აქვე აპროტესტებს ადამიანის უფლებების ცენტრის „შეშფოთებას“ „უცხოელთათვის ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე“ და შენიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უცხოელთათვის სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელსაც კი აღემატება და 67 პროცენტს შეადგენს.