უახლესი რეიტინგები

Doing Business 2015-ის ლოგო

ავტორი: ირინა გურული

როცა პოტენციური ინვესტორი ქვეყანაში შემოსვლის საკითხს განიხილავს, პირველ რიგში საერთაშორისო რეიტინგებს გადახედავს. ამიტომ რეიტინგებისადმი ყურადღება ქვეყნის შიგნითაც მნიშვნელოვანია და მათ სწორი აღქმა და გაანალიზება სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა 1996 წლიდან ხორციელდება და 200 ქვეყანას მოიცავს, რომელთა შეფასებაც 6 ჯამური ინდიკატორის მიხედვით ხდება. ეს ინდიკატორებია: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის მიხედვით, 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე კვლევის 2014 წლის შედეგები 2012 წლის მაჩვენებლებთანაა შედარებული. მაგალითად, პირველი ინდიკატორის,"გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულების“, მიხედვით, 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 16 ადგილით არის გაუმჯობესებული. ვებგვერდი ასევე იუწყება, რომ ამ მაჩვენებლის მიხედვით, რეიტინგში საქართველომ უკან მოიტოვა მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობას, 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი 27ადგილით გაუმჯობესდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს აზერბაიჯანსა და უკრაინას. მესამე ინდიკატორია მთავრობის ეფექტიანობა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, 2012 წელთან შედარებით, 3 პუნქტით არის გაუმჯობესებული და 2014 წელს ქვეყანამე-60 ადგილს იკავებს. ამ პოზიციით საქართველო უსწრებს როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: საბერძნეთს, თურქეთს, იტალიას, ბულგარეთს, რუმინეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს,ალბანეთს, რუსეთს და მოლდოვას.

2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, მეოთხე ინდიკატორის, რეგულაციების ხარისხის, მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 14 ადგილით არის გაუმჯობესებული და ქვეყანა 44-ე ადგილზე სახელდება. ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო უსწრებს როგორც მეზობელ ქვეყნებს, - სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, - ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, სლოვაკეთს, უნგრეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, სლოვენიას, ბულგარეთს, რუმინეთს, საბერძნეთს და ხორვატიას. მე-5 ინდიკატორია „კანონის უზენაესობა“, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველომ რეიტინგი 22ადგილით გაიუმჯობესა და 97-დან 75-ე ადგილზე გადაინაცვლა. კანონის უზენაესობის მხრივ საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოს შემდეგ დასახელდა ასევე მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. დაბოლოს, მე-6 ინდიკატორია კორუფციის კონტროლი. საქართველოს რეიტინგი, კორუფციის კონტროლის მხრივ, 2014 წელ ს24 ადგილითაა გაუმჯობესებული.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი რეიტინგი, რომელიც წელს გამოქვეყნდა. მიმდინარე წელს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის კიდევ ერთი კვლევა - Doing Business, რომელიც ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს აფასებს შემდეგი კომპონენტების საფუძველზე: ბიზნესის დაწყების სიმარტივე, სამშენებლო ნებართვის აღება, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა, გადასახადების გადახდა და მათი მოცულობა, საგარეო ვაჭრობის სიმარტივე, კონტრაქტის პირობების აღსრულება, გადახდისუნარიანობის აღდგენა. Doing Business 2015-ის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-15 ადგილზეა. გასული წლის რეიტინგთან შედარებით, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა, 2006 წელთან შედარებით კი - 6 პოზიციით. საქართველო საუკეთესოთა ათეულში აღარ არის, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან წამყვან პოზიციაზე კვლავ რჩება.

რაც შეეხება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს, რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch იკვლევს, წელს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურზე დაბრუნდა. სარეიტინგო სააგენტომ, საქართველოს რეიტინგი BB - მიანიჭა. Fitch-მა ქვეყნის საგარეო და ეროვნული ვალუტის ობლიგაციებიც BB - შეაფასა. სააგენტო საქართველოს სუვერენული რეიტინგის სტაბილურამდე შემცირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის, ნავთობის ფასის ვარდნითა და რუსეთის ეკონომიკური პრობლემებით.

კიდევ ერთი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია, Moody's, რომელიც საქართველოში 2015 წელს მშპ-ის ორპროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა, მომავალი წლისთვის აღნიშნული მაჩვენებლის 3 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობს. კომპანია ხაზს უსვამს რუსეთის ეკონომიკურ დაღმასვლას, რომელმაც უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოზე, თუმცა 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებებს ხელისშემწყობ ფაქტორად ასახელებს ქვეყნის რეიტინგისთვის.

2015 წელს გამოქვეყნდა ასევე გაეროს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი (World Happiness Report). რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები: მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამოქალაქო თავისუფლება, კორუფციის დონე, მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე. წელს რეიტინგის ლიდერია შვეიცარია, საქართველო კი 158 ქვეყანას შორის 130-ე ადგილს იკავებს. ასე რომ, მიუხედავად სხვადასხვა რეიტინგებში დაწინაურებისა, საქართველოს მოსახლეობა თავს ბედნიერად კვლავ ვერ გრძნობს.