16 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო საზოგადოებრივი ინიციატივა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი. "თეთრი ხმაურის მოძრაობა" რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვის.
8 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მან წერილი დატოვა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. წერილიდან ჩანს, რომ მისი თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის მხრიდან ზეწოლა და მუქარა გახდა.
დემურ სტურუა: "პოლიციელი გ. მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო, ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს. კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.
წერილში დასახელებული პოლიციელი სამტრედიის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელია. მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
დაფნარში, გარდა ოჯახის წევრების და ახლობლებისა, იმყოფებოდნენ აქტივისტებიც.მათი განცხადების თანახმად, დემურ სტურუას საქმე მოქმედი რეპრესიული სისტემის ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტია, რომელიც არ შეიძლება ცალკეულ შემთხვევად განვიხილოთ; მისი წერილი და თვითმკვლელობა სხვა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ყურადღების მიქცევისა და მათი გადარჩენის მცდელობაა.
რას უპირისპირებენ აქტივისტები რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რამდენად კონტროლდება პოლიციელების საქმიანობა თუნდაც გენერალური ინსპექციის მიერ, რამდენად მძიმეა მდგომარეობა რეგიონებსა და გარეუბნებში თბილისთან შედარებით და როგორ მიმდინარეობს დემურ სტურუას საქმის გამოძიება - ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.