15 ივლისს ამერიკულმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენმა“ გაავრცელა ინფორმაცია ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს ხელთ არსებულ სპეციალურ ანგარიშზე, რომლის თანახმად, გასული წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგი“ დონეცკელი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
და მართლაც, ტრაგედიის პირველივე წუთებიდან რამდენიმე გარემოება აშკარად მიანიშნებდა ამ საზარელ ტრაგედიაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მონაწილეობაზე:
კერძოდ, ინციდენტამდე მეამბოხეებმა რამდენჯერმე ჩამოაგდეს უკრაინის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავები;
სეპარატისტების სამხედრო ლიდერები თავიდანვე იუწყებოდნენ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რაც შემდგომში სოციალური მედიიდან გაქრა;
თუმცა მედიაში გაჟონა საუბრის ჩანაწერმა, რომელშიც მოსკოველი მოხელეები და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ჩამოგდებული MH 17-ის „შავი ყუთის“ სამძებრო სამუშაოების კოორდინაციაზე საუბრობენ;
დაბოლოს, არსებობს გეოსალოკაციო გამოსახულება, რაც ადასტურებს, რომ „ბუკის“ სისტემის სარაკეტო კომპლექსი თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედებდა და მხოლოდ ღამით დაბრუნდა რუსეთის ტერიტორიაზე.
თუ ეს წინასწარი მონაცემები ოქტომბრისათვის დაგეგმილი საბოლოო გამოძიებით მასალებითაც დადასტურდა, საბოლოოდ გაქარწყლდება ის ნაირ-ნაირი ვერსიები და ვარაუდები, რითაც რუსეთი უკრაინული მხარის დამნაშავედ გამოყვანას მთელი წლის განმავლობაში ცდილობს.
აქ ცოტა ვრცლად ვისაუბრებთ იმ ვერსიებზე, რითაც რუსეთის მედია დღემდე უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და უკრაინის ვერსიებს.
ფანტომი გამანადგურებელი
MH17 –ის კატასტროფიდან ერთი კვირაც კი არ იყო გასული, როდესაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დიდი პრესკონფერენცია მოიწვია და თავის ხელთ არსებული „ფაქტები“ გამოაქვეყნა.
რუსეთის სამხედრო უწყების ვარაუდით, ტრაგედიის ადგილზე სწორედ უკრაინის არმიის კუთვნილი „ბუკის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსი მუშაობდა. ბედკრული „ბოინგის“ ჩამოგდების კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავე, რუსი სამხედროების ინფორმაციით, შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის კუთვნილი „სუ-25“ ტიპის მოიერიშე, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ამის პასუხად, უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ არეალში მას არ ჰყავდა არც ერთი სამხედრო მოიერიშე თუ გამანადგურებელი, რადგან მანამდე სეპარატისტებმა რუსეთის მიერ მიწოდებული რაკეტებით ყველა უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
თუმცა ამ სავარაუდო „სუ-25“-ის თეორია იყო ის მთავარი არგუმენტი, რაზეც უკვე ოქტომბერში ინგლისურენოვანმა „რაშშა თუდეიმ“ პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმი მოამზადა.
იანვარში „ასოშიეიტედ პრესის“ ყოფილმა ჟურნალისტმა რობერტ პერიმ სტატია გამოაქვეყნა „კოსნორციუმსნიუსის“ ვებსაიტზე, სადაც მოყვანილი იყო აშშ-ის ანონიმი სადაზვერვო წყაროს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, ზემოხსენებული „ბუკის“ სისტემის ანტისაჰაერო რაკეტის გამოყენებით, სავარაუდოდ, ვინმე „უკრაინელმა დეზერტირმა ჩამოაგდო“.
„კარლოსი“ - საჰაერო ნავიგაციის სპეციალისტი
სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე შარშან მომხდარი კატასტროფის შედეგად, თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, სულ 298 კაცი, დაიღუპა. მათ შორის უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო. MH17 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათში პირმა, რომელიც საკუთარ თავს კიევში მოქმედი საჰაერო ნავიგაციის ესპანელ სპეციალისტად ასაღებდა, ტვიტერით დაიწყო ინფორმაციების გავრცელება, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ ტრაგედიის ადგილზე ცაში ორი უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი მოქმედებდა. კიევში არსებულმა ესპანეთის საელჩომ განაცხადა, რომ არ იცნობს „კარლოსს“, თუმცა განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ასეთი მეტსახელის მქონე პირი „მაიდნის მოვლენების“ დროსაც აქტიურობდა ტვიტერის საშუალებით. ამ სახელის მქონე ნავიგაციის სპეციალისტის არსებობა უარყო იმ ავიაკომპანიამ, რომლის თანამშრომლობასაც „კარლოსი“ იბრალებდა. მოგვიანებით ტვიტერმა გააუქმა „კარლოსის“ ინფორმაცია, თუმცა რუსეთის პროპაგანდა დღემდე იყენებს მის ინფორმაციებს.
ტრაგედიის მოტივის ძიებაში
თვითმფრინავის კატასტროფის კიდევ ერთი მთავარი ვერსია უშულოდ რუსეთის პრეზიდენტის სიცოცხლეს უკავშირდება. რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, თითქოს უკრაინის არმიის სამიზნე იყო ვლადიმირ პუტინის თვითმფრინავი, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინის ამ ტერიტორიის გავლით ბრუნდებოდა ბრაზილიიდან.
ინციდენტიდან მალევე, რუსულმა გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდამ“ გაავრცელა კიდევ ერთ ვერსია, რომლის თანახმად, საჰაერო ნავიგაციის უკრაინელმა სპეციალისტებმა მალაიზიის კუთვნილ თვითმფრინავს განზრახ შეუცვალეს კურსი და იგი კონფლიქტის ზონისაკენ მიმართეს, რათა თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დამნაშავედ რუსეთი გამოსულიყო. ტაბლოიდის თანახმად, „ბოინგი“ ჩამოაგდო უკრაინულმა მოიერიშემ, რომელსაც აშშ-ის სადაზვერვო სატელიტი უწევდა დახმარებას.
მოკლედ, 2014 წლის 17 ივლისს MH17 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ საბოლოო და გადამოწმებული დასკვნის არარსებობის გამო, რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის მედია უამრავი ვერსიის გავრცელებას განაგრძობენ.
ამასთან, კრემლი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმ ძალისხმევის გასანეიტრალებლად, რომელიც თვითმფრინავის ტრაგედიის მიზეზების გამოსაძიებლად გაეროს ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს.
ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კონტრპროდუქტიული უწოდა იდეას საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის თაობაზე, რომელმაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგის“ ჩამოვარდნის მიზეზები უნდა გამოიძიოს. იმისათვის, რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ დროა დასრულდეს მედიაში თვითმფრინავის ტრაგედიის შესახებ სხვადასხვა ვერსიების გაჟონვა.
თუმცა ეს მიმართვა, როგორც ჩანს, არ ვრცელდება რუსეთის მედიაზე, რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ყველაზე უფრო ხშირად არის დაკავებული ნაირგვარი ვერსიების გავრცელებით.