ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებული პროცესები და ეჭვები

ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელებსა და აწ უკვე ყოფილ მენეჯმენტს შორის დავა უფრო მწვავე ფაზაში შევიდა და კიდევ უფრო აქტუალური გახდა ამ პროცესებთან დაკავშირებული შეკითხვები. 4 თებერვალს პარტნიორთა კრებამ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად აირჩია ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე, რომლის ძმა, გიორგი გაჩეჩილაძე (იგივე „უცნობი“), ბევრისთვის მოულოდნელად, 1 თებერვალს გამოცხადდა ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელად. ტელევიზიის დაფინანსების ახალ წყაროს ეჭვქვეშ აყენებს ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე, რომელმაც 4 თებერვალს გაფიცვა გამოაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ მიმართებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს არ გავაკეთებ, მაგრამ ასი პროცენტით ვიცი, რომ არ არსებობს ქველმოქმედება ტელევიზიაში,– ამ შინაარსის კომენტარი ბაია გადაბაძემ 4 თებერვალს მას შემდეგ გააკეთა, რაც ის პარტნიორთა კრებამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

ბაია გადაბაძე ბოლო რამდენიმე დღეა მუდმივად უსვამს ხაზს მთავარ ეჭვს, რაც დაფინანსების ახალ წყაროს უკავშირდება და, კერძოდ, საუბარია ფულზე, რომლითაც გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) ორი სხვა თანამფლობელისგან15-15%-იანი წილების შეძენა მოახერხა. თუკი გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით ვიმსჯელებთ, წილების გამოსყიდვისათვის საჭირო თანხა მას ასესხა ირაკლი რუხაძემ, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესისა და, მათ შორის, ტელეკომპანია “იმედის” მმართველია. ბაია გაბადაძე ვარაუდობს, რომ ამ პროცესების უკან არასახარბიელო მიზნები იმალება:

„მე არ მჯერა ფულის წარმომავლობის კეთილშობილების... ახლა ეს პოლიტიკისთვის უნდათ, ბიზნესის ლობირებისთვის თუ საკუთარი შვილის გასაპიარებლად, ეს მე არ ვიცი. არ მჯერა კეთილშობილური მიზნების...“

ბაია გადაბაძის თქმით, გიორგი დალევან გაჩეჩილაძეებმა მას ტელევიზიაში დარჩენა და მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს, თუმცა ასეთ პირობებზე ის თანახმა არ არის და თვლის, რომ გენერალური დირექტორის პოსტიდან მისი გაშვების გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ბაია გადაბაძე ამაოდ ითხოვდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი გაჩეჩილაძის შეხვედრის შესახებ. 4 თებერვალს გიორგი გაჩეჩილაძემ ეს ფაქტი ჟურნალისტებთან საუბრისასაც დაადასტურა:

„პრემიერ-მინისტრი ჩემი ძმაკაცი, მეგობარია, ორ დღეში ერთხელ მასთან შეხვედრა მაქვს, ამაში რა არის პრობლემატური?! ვერ გავიგე... „მაესტროში“ 55 %-ის მფლობელი ვარ და პრემიერ-მინისტრი რა შუაშია?! აბსოლუტურად სხვა თემებზე იყო ლაპარაკი...“

გიორგი გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შესახებ არაფერია ნათქვამი პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, მაგრამ ტექსტში ხაზგასმულია მედიის თავისუფლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა:

„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა".

რა თქმა უნდა, ჩნდება გარკვეული ეჭვები ამ თემის პოლიტიკურ მხარესთან დაკავშირებითაც, მით უფრო, რომ ეს მხოლოდ „მაესტროსთან“ დაკავშირებით არ ხდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში: ზოგ ტელევიზიაში დაიხურა რეიტინგული გადაცემები, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ყველას ახსოვს, რამდენად ხმაურიანი იყო და ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული ეს სასამართლო დავა...
ზვიად დევდარიანი

თუმცა პროცესში „შესაძლო პოლიტიკური მოტივების“ არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი, რომელიც „მაესტროსთან“ დაკავშირებულ მოვლენებს 4 თებერვალს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ, ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე დავებისა და სასამართლო საქმეების კერძო ხასიათის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რეიტინგით ქვეყნის მესამე ტელეკომპანიის მფლობელობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილება „საფუძვლიან ეჭვებს“ აჩენს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტელეკომპანიის „გაკოტრების საქმეს სასამართლო განიხილავს და არხის ჯამური დავალიანება კრედიტორების მიმართ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატება“.

განცხადების ხელმომწერთა შორის არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მედიის განვითარების ფონდი (MDF), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), მედიაკლუბი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). როგორც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, და ეს აქცენტი ერთობლივ განცხადებაშიც არის დასმული, ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული პროცესები კიდევ უფრო ამძაფრებს სამოქალაქო სექტორის ეჭვებს, რომ შესაძლოა იყოს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობა:

„რა თქმა უნდა, ჩნდება გარკვეული ეჭვები ამ თემის პოლიტიკურ მხარესთან დაკავშირებითაც, მით უფრო, რომ ეს მხოლოდ „მაესტროსთან“ დაკავშირებით არ ხდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში: ზოგ ტელევიზიაში დაიხურა რეიტინგული გადაცემები, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ყველას ახსოვს, რამდენად ხმაურიანი იყო და ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული ეს სასამართლო დავა... მოკლედ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვის ნიშნებს მედიასთან დაკავშირებით არსებული, ერთი შეხედვით, კერძო დავებისა და, მეორე მხრივ, იმ პოლიტიკური კონტექსტის მიმართ, რის ფარგლებშიც ეს დავები მიმდინარეობს“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, „მაესტროს“ აქციების55 % გიორგი გაჩეჩილაძის საკუთრებაშია. მოწილეები ასევე არიან: მამუკა ღლონტი (15 %),ეკატერინე აკობია (5 %) და მაკა ასათიანი (25 %). ტელეკომპანია “მაესტროს” 25 % -იანი წილის მფლობელი და მთავარი ინვესტორი მაკა ასათიანი ემიჯნება გიორგი გაჩეჩილაძის გეგმებს და აპირებს, რომ დავა სამართლებრივ ჩარჩოში გააგრძელოს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ 4 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შეტანილი განცხადებით მოითხოვა, რომ პარტნიორთა კრების მიერ არჩეული ლევან გაჩეჩილაძე არ დარეგისტრირდეს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად.