თურქეთის პოლიცია კვლავ დაუპირისპირდა დემონსტრანტებს

თურქეთში მეოთხე დღეა გრძელდება ანტისამთავრობო აქციები. სტამბოლსა და ანკარაში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად კიდევ ერთხელ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანზე, კვლავინდებურად რჩება ასობით დემონსტრანტი.

სტამბოლში არეულობა მოჰყვა პარასკევს ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებს. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ქალაქის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მახლობლად მდებარე პარკში დაგეგმილი სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობის წინააღმდეგ. დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. თუმცა, პარკის დასაცავად დაწყებული მცირე აქცია მალევე იქცა ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო გამოსვლებად, რომელიც თანდათან გასცდა სტამბოლს და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებსაც მოედო. გამოსვლების მონაწილეები ახლა მოითხოვენ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადადგომას.

პარასკევიდან მოყოლებული პოლიცია არაერთხელ დაუპირისპირდა აქციის მონაწილეებს. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. სხვადასხვა ქალაქში დაშავებულ დემონსტრანტთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. დემონსტრანტების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამო თურქეთის პროფკავშირებმა სამშაბათიდან ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ერდოანმა განაცხადა, რომ არ აპირებს დემონსტრანტთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არ გადადგება. არეულობისთვის პასუხისმგებლობა მან ექსტრემისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დააკისრა.

თურქეთში მიმდინარე მოვლენებს საერთო არაფერი აქვს ხეების გაჩეხვასა და პარკის გადაკეთებასთან. დემონსტრანტების უკან ისინი იდგნენ, ვინც არჩევნები წააგო...
რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ორშაბათს ერდოანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა მაროკოში. იქ გაკეთებულ განცხადებებში მან იმედი გამოთქვა, რომ ვითარება თურქეთში მალე დამშვიდდება. მანვე დასძინა, რომ დემონსტრანტებს საერთო არაფერი ჰქონდათ პარკის გადარჩენასთან და სინამდვილეში ეს ოპონენტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.

„თურქეთში მიმდინარე მოვლენებს საერთო არაფერი აქვს ხეების გაჩეხვასა და პარკის გადაკეთებასთან. დემონსტრანტების უკან ისინი იდგნენ, ვინც არჩევნები წააგო. აქციები ყველა ქალაქში არ გამართულა. ახლა სიტუაცია უფრო მშვიდია და ხალხიც გონს მოეგო. სანამ თურქეთში დავბრუნდები, იქ სიმშვიდე დაისადგურებს.“

თურქეთის ნატოელმა მოკავშირემ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ანკარას დემონსტრანტების მიმართ თავშეკავებისაკენ მოუწოდა. აი, რა თქვა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე:

„ჩვენ შეშფოთებული ვართ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. იმედი გვაქვს, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება ჩატარდება და პოლიცია ასეთ შემთხვევებში მეტ თავშეკავებას გამოიჩენს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობასა და დემონსტრანტებს, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ, უარი თქვან ძალადობასა თუ პროვოკაციაზე.“

ორშაბათს თურქეთის მთავარმა საფონდო ბირჟამ 10,5 პროცენტით იზარალა, რაც დემონსტრაციებით გამოწვეული არეულობის გამო ინვესტორთა შეშფოთებას ასახავს.

დემონსტრანტები ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ ერდოანსა და მის ისლამისტურ მოძრაობას, რომელიც მთავრობაში 2002 წელს მოვიდა.
ზოგი კრიტიკოსი აცხადებს, რომ ერდოანი ცდილობს თავისი კონსერვატიული, რელიგიური და ისლამისტური შეხედულებები თავს მოახვიოს სეკულარულ თურქებს. მაგალითისთვის, ახლახან მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ზღუდავს ალკოჰოლის გაყიდვას.

ერდოანს ასევე აკრიტიკებენ სირიაში სუნიტ მეამბოხეთა მხარდაჭერისთვის. თურქების ნაწილი შეშფოთებულია, რომ მათი ქვეყანა, შესაძლოა, ჩათრეული აღმოჩნდეს სირიის ომში.

ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ ბოლო სამი არჩევნები მოიგო. მან შეზღუდა ერთ დროს ძლევამოსილ სამხედროთა ძალაუფლება და ხელი შეუწყო ეკონომიურ აღმავლობას, რამაც ბოლო ათწლეულში რეგიონში საგრძნობლად გაზარდა თურქეთის ზეგავლენა.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა