ყოველკვირეულ პროგრამა „ახალ ევროპაში“ დღეს ვისაუბრებთ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ, ნატოს წევრ თურქეთის სულ უფრო მზარდ დაპირისპირებაზე ევროპის წამყვან ქვეყნებთან. გასულ კვირაში განსაკუთრებით გამწვავდა ნიდერლანდთან თურქეთის დამოკიდებულება, მას შემდეგ რაც ნიდერლანდის საზღვრიდან თურქეთის ორი მინისტრი გააბრუნეს უკან. ამ ფონზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კიდევ ერთხელ გამოიყენა სიტყვები - „ნაციზმი“ და „ფაშიზმი“ და აღნიშნა, რომ „ევროპა თავის ნამდვილ სახეს ავლენს“.
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ევროპაში ნაცისტური იდეოლოგიის დაბრუნებაზე ლაპარაკი მოჰყვა გასულ კვირაში გერმანიაში პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის მხარდასაჭერი დემონსტრაციების დაბლოკვას ადგილობრივი მთავრობის მხრიდან, რასაც თავად თურქეთის პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა:“მე მეგონა, რომ გერმანიაში ნაციზმის ეპოქა დასრულდა, მაგრამ ვხედავ, რომ ის ჯერ კიდევ გრძელდება. ის გრძელდება. ყველაფერი ნათელია“, განაცხადა ერდოანმა 5 მარტს სტამბოლში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე. ერდოანის ამ განცხადებას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „უადგილო და აბსურდული უწოდა“ და აღნიშნა რომ „ნაციონალ-სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული შედარებები იწვევს მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების ტრივიალიზებას, რაც გერმანიისთვის მიუღებელია“. ერდოანის მწვავე კომენტარს 8 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი გამოეხმაურა, ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც გერმანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. გაბრიელმა მევლუთ ჩავუშოღლუს უთხრა, რომ ბერლინმა და ანკარამ უნდა დაიწყონ მუშაობა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუმცა გააფრთხილა ის, რომ ნაცისტებთან შედარებები ნებისმიერ დისკუსიაში წარმოადგენს იმ „კრიტიკულ ხაზს, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს“.
საკონსულოს შენობაში შევალ. ეს შენობა ჩემს ქვეყანას ეკუთვნის. მე მინისტრი ვარ. ამ ქმედების განხორციელების არანაირი საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს. ამას არ ვეთანხმები. უარს ვამბობ. გერმანიაში არ დავბრუნდები...ფატმა ბეთულ საიან კაია
გასული კვირის ბოლოს კი, ნიდერლანდის მთავრობამ მიწაზე დაშვების უფლება არ მისცა თვითმფრინავს, რომლითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდის საპორტო ქალაქ როტერდამისკენ მიემგზავრებოდა. ნიდერლანდის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება „საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებით“ ახსნეს. ამავე დღეს, 11 მარტის საღამოს, როტერდამის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელშიც თურქეთის კიდევ ერთი მინისტრი, საოჯახო და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი ფატმა ბეთულ საიან კაია იჯდა, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა ის როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობისკენ მიმავალი გზიდან ისევ აეროპორტში გააბრუნეს, იქიდან კი კერძო თვითმფრინავით გერმანიაში გააძევეს. მოისმინეთ საუბარი, რომელიც 11 მარტს შედგა ნიდერლანდის პოლიციის ოფიცრებსა და მინისტრ ფატმა ბეთულ საიან კაიას შორის:
ნიდერლანდის პოლიციის ოფიცრები: „ეს მამაკაცი უფროსი გახლავთ. მან ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღო ბრძანებები. თქვენ უნდა დატოვოთ ნიდერლანდი. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს გადაყვანას. თქვენივე მანქანით უნდა გამოგვყვეთ და დაბრუნდეთ გერმანიაში“
ფატმა ბეთულ საიან კაია: „საკონსულოს შენობაში შევალ. ეს შენობა ჩემს ქვეყანას ეკუთვნის. მე მინისტრი ვარ. ამ ქმედების განხორციელების არანაირი საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს. ამას არ ვეთანხმები. უარს ვამბობ. გერმანიაში არ დავბრუნდები.“
ნიდერლანდის პოლიციის ოფიცრები: „მაშინ მოგვიწევს დავრეკოთ. ხელისუფლებამ შეიძლება სხვა გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც შეიძლება თქვენთვის საზიანო იყოს“.
ეს საუბარი გაიმართა თურქეთის საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრსა და ნიდერლანდის პოლიციის ოფიცრებს შორის როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობასთან, მინისტრის ნიდერლანდიდან გაძევებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ფატმა ბეთულ საიან კაია და მევლუთ ჩავუშოღლუ აპირებდნენ მონაწილეობას თურქეთში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერ დემონსტრაციებში. რეფერენდუმი, რომელიც თურქეთში ერთ თვეში, 16 აპრილს უნდა გაიმართოს, საზოგადოებას სთავაზობს საკონსტიტუციო ცვლილებების გზით საპრეზიდენტო უფლებამოსილების მნიშვნელოვნად გაზრდას, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის გაუქმებას და რადიკალურ ცვლილებებს საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. თურქეთის მინისტრების უკან გაბრუნების შემდეგ ნიდერლანდის ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმილი დემონსტრაციებიც აკრძალა, 12 მარტს კი წყლის ჭავლისა და ძაღლების გამოყენებით დაშალა როტერდამში თურქეთის საკონსულოსთან შეკრებილი თურქული დიასპორის წარმომადგენლები. აქციის დაშლისას მნიშვნელოვნად დაშავდა რამდენიმე პირი. მომხდარი იმავე დღეს გააპროტესტეს სტამბოლში ნიდერლანდის საელჩოსთან, სადაც დემონსტრანტებმა ნიდერლანდის დროშა თურქეთის დროშით შეცვალეს.
ნიდერლანდის ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა თურქეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მისცა საბაბი ევროპაში „ნაციზმის ნარჩენებზე“ ელაპარაკა:„გასულ დღეებში დასავლეთმა ძალიან ღიად და ნათლად გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი სახე. ძვირფასო თანამოძმენო, როგორც კი ეს მოვლენები დაიწყო, მაშინვე ვთქვი, ეს ფაშისტურ ჩაგვრას ჰგავს მეთქი. ნაციზმი ისევ ბრუნდება მეთქი. ამის შემდეგ ისიც აღვნიშნე, რომ ვფიქრობ, ნაციზმი დასრულდა მეთქი, მაგრამ შევცდი“, ამ სიტყვებით მიმართა ერდოანმა 11 მარტს თავის მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ „ნიდერლანდი ევროკავშირის უკანონო სახელმწიფოა“ და მისი საქციელი „ბანანის რესპუბლიკის“ ქმედებას ჰგავს. მან ევროკავშირს მოუწოდა დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები და დააწესოს სანქციები ნიდერლანდისთვის. ამას მოჰყვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწოდება, რომ თურქეთი გააგრძელებს ნიდერლანდის წინააღმდეგ მოქმედებას მანამ, სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის. პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი კი შურისძიების „უმკაცრეს მეთოდებზე“ ალაპარაკდა. ერთგვარი საპასუხო ქმედების გამოხატულება იყო თურქეთის მთავრობის განცხადება, რომლის თანახმადაც, ნიდერლანდის ელჩს არ დართეს ნება, დაბრუნდეს თურქეთში.13 მარტის საღამოს გავრცელებული ცნობის მიხედვით კი, ანკარა წყვეტს მაღალი დონის მოლაპარაკებებს ნიდერლანდთან, ასევე თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თურქეთი მნიშვნელოვანი რგოლია აზიიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრანტთა ტალღის შესაჩერებლად.
ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, თუმცა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დაპირისპირების დეესკალაციისთვის, რომელიც, როგორც თავად აღწერს, წარმოადგენს ბოლო წლების ყველაზე მძიმე გამოცდილებას ნიდერალანდის პოლიტიკურ ისტორიაში: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ ურთიერთობები თურქეთთან, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენი კავშირები რამდენიმე ასეულ წელს ითვლის და გვსურს გვქონდეს ოფიციალური ურთიერთობები თურქეთთან. ძალიან მოტივირებული ვარ, მაგრამ ცხადია, დღეს თურქეთ-ნიდერლანდის ისტორიაში ძალიან მძიმე დღე იყო“ - განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ და აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა „უცნაურია“.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც და აღნიშნა, რომ ის ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ „თურქეთის შიგნით არსებული ზეწოლა არ გავრცელდეს გერმანიის ტერიტორიაზე“. თურქეთის საინფორმციო სააგენტოების ცნობით, ერდოანის მხარდასაჭერი დემონსტრაციები დაიბლოკა ავსტრიაში, შვეიცარიასა და შვედეთშიც. ამას დაემატა გერმანიის პარლამენტის კონსერვატიული ბლოკის წევრის ჰანს მიხელბახის მოწოდება თურქეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ. მისი თქმით, თურქეთი უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს, ამიტომ თურქეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდჭერა გადასახადების უმიზნოდ ხარჯვააო.
თურქეთ-ნიდერლანდის დიპლომატიური დაპირისპირების ფონია საპარლამენტო არჩევნები ნიდერლანდში. ამ არჩევნების, ისევე როგორც მოგვიანებით საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნების მიმართ, განსაკუთრებული მოლოდინი არსებობს, რადგან გამარჯვებისთვის იბრძვიან ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე ძალები. პოლიტიკური მიმომხილველები საუბრობენ იმაზე, რომ ის მწვავე განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ბოლო დღეებში თურქეთისა და ნიდერლანდის ხელისუფლებისგან გაისმა, ისევ და ისევ თურქეთის ავტორიტარი მმართველის, რეჯებ ტაიპ ერდოანისა და ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ულტრამემარჯვენე კანდიდატის, გირტ ვილდერსის სასარგებლოდ მოქმედებს. ერდოანისთვის ეს არის საბაბი, დასავლეთი ღიად დაადანაშაულოს ქსენოფობიაში, ვილდერსი კი, თავის მხრივ, უფრო მეტად იმყარებს ანტიისლამისტურ პოზიციებს ნიდერლანდში.