საქართველო ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში

თბილისი

ტურიზმის რეალური პერსპექტივა რომ შეაფასო, აუცილებელია ობიექტურად ფლობდე არსებულ სიტუაციას და აცნობიერებდე საქართველოს ტურიზმის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი რესურსია მოგზაურობისა და კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომელიც ქვეყნის ადგილს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა რუსეთის შემდეგ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, სისუსტეებში ბუნებრივი და კულტურული რესურსების აღმოჩენა, ალბათ, ბევრ მსმენელს გააოცებს.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ 136 ქვეყანას შორის, 3,70 ქულით, 70-ე ადგილი დაიკავა.

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" მიერ გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში, წინა მონაცემებთან შედარებით, საქართველომ 1 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა. 2015 წლის ინდექსში საქართველო, 3,68 ქულით, 71-ე პოზიციაზე იყო. 2013 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო, 4,10 ქულით, 66-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2009 და 2011 წლის მონაცემების თანახმად კი, 73-ე პოზიციაზე იყო.
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი დგება ისეთი

კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა: კონკრეტული ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, სოციალური უზრუნველყოფა, ბიზნესგარემო, ასევე - ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარისხი და კულტურული და ბუნებრივი რესურსების ოდენობაა.

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა შემდეგ კრიტერიუმებში: ბიზნესგარემო - 136 ქვეყანას შორის 22-ე ადგილი (5,26 ქულა), უსაფრთხოება - 29-ე პოზიცია (6,01 ქულა), ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიური მზაობა - 67-ე პოზიცია (4,45 ქულა), მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს პრიორიტეტი - 41-ე პოზიცია (4,90 ქულა), გარემომდგრადობა - 42-ე პოზიცია (4,42 ქულა), საჰაერო ტრანსპორტი - 90-ე პოზიცია (2,20 ქულა), სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურა- 63-ე პოზიცია (3,28 ქულა), ბუნებრივი რესურსები - 106-ე პოზიცია (2,39 ქულა) და კულტურული რესურსები - 81-ე პოზიცია (1,56 ქულა).

პოზიციები გაუარესდა შემდეგ კრიტერიუმებში: ჯანმრთელობა და ჰიგიენა - 36-ე ადგილი (6,10 ქულა), ადამიანური რესურსები - 51-ე პოზიცია (4,76 ქულა), საერთაშორისო გახსნილობა - 66-ე პოზიცია (3,13 ქულა), ტურისტთა მომსახურების ინფრასტრუქტურა - 70-ე პოზიცია (4,03 ქულა). უცვლელი დარჩა ფასების კონკურენტუნარიანობა - 66-ე პოზიცია (4,90 ქულა).

ინდექსის თანახმად, საქართველო ევრაზიის რეგიონში მეორეა რუსეთის შემდეგ და უსწრებს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, სომხეთსა და უკრაინას.

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში პირველი ადგილი ესპანეთს ერგო, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია მოჰყვება. პირველ ათეულში არიან, ასევე, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვეიცარია, ავსტრალია, იტალია და კანადა. ინდექსის ბოლო პოზიციაზეა იემენი.