ტურისტული სტატისტიკა

ბათუმი

ტურიზმი ინვესტიციებთან და ფულად გზავნილებთან ერთად იმ სფეროებში შედის, რომელზეც ქვეყნის სავალუტო შემოდინებების მასშტაბი და პერსპექტივა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. სულ მალე საქართველოში ზამთრის სეზონი დაიწყება, მანამდე კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონი კი ამ თვალსაზრისით საქართველოში ივლისი-სექტემბერი იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველომ 2015 წლის მესამე კვარტალში 2 მილიონ 158 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც +11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ცხრა თვის ჯამური მონაცემებით საქართველოს 4 მილიონ 491 ათასი უცხოელი ეწვია, ზრდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით +7%-ია;

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტურისტთა წარმომავლობის დივერსიფიცირება კვლავ პრობლემად რჩება: საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი წილი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. მესამე კვარტალში მეზობელი ქვეყნებიდან მოგზაურების რაოდენობამ 1,8 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი ვიზიტორების 86%-ს წარმოადგენს.

საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების 83% სახმელეთო საზღვრებიდან შემოვიდა ქვეყანაში. მესამე კვარტალის განმავლობაში მათი რაოდენობა დაახლოებით 1,8 მილიონს გაუტოლდა.

სომხეთი ლიდერია საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით. მესამე კვარტალში სომეხი ვიზიტორების რიცხვმა 525 ათასი (+16%) შეადგინა. ხოლო ცხრა თვის ჯამურმა მაჩვენებელმა კი - 1 მილიონ ადამიანზე მეტი, ანუ(+13%).

მესამე კვარტლის მონაცემებით მოგზაურების რაოდენობრივი ზრდა აღსანიშნავია რუსეთიდან (+14%), აზერბაიჯანიდან (+8%) და ისრაელიდან (+53%).

კიდევ ერთი სიახლე იყო პირდაპირი ავიარეისის გახსნა არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით. ამის შედეგად 2015 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული ქვეყნიდან გასულ წელთან შედარებით 9-ჯერ მეტი ტურისტი შემოვიდა;

მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ბელარუსიდანაც. ცხრა თვის მონაცემით ბელარუსიდან მოგზაურთა რაოდენობა +8,553 ვიზიტორით გაიზარდა (+54%).

ცხადია საინტერესოა ევროკავშრის ქვეყნებიდან შემეოსული მოგზაურების რაოდნოება, რომელთა სრული რაოდენობა მესამე კვარტალშ 102 149 ადამიანი იყო, ხოლო ცხრა თვის მონაცემებით კი - 199,443; ევროპელი მოგზაურების წილი მესამე კვარტლის მთლიან რაოდენობაში 5%-ია, ხოლო ცხრა თვის მთლიან რაოდენობაში 4%-ია.

ცხადია ეს საკმაოდ დაბალი მაჩვეებელია, მით უემეტეს, იმ ფონზე,როცა სწორედ 2015 წლის მესამე კვარტალში ჩატარდა საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და, დიდი აბათობით, ამ ფესტივალის სტუმრებიც სწორედ ტურისტების სიაში არიან.

საინტერესოა, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მიერ ჩატარებულმა 2013 წლის პერიოდის კვლევამ აჩვენა, რომ მთლიანი საერთაშორისო მოგზაურების 61%-ი ტურისტია. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განმარტების მიხედვით მოგზაური კლასიფიცირდება ტურისტად, თუ იგი ნებაყოფლობით ტოვებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით და მისი მოგზაურობა მოიცავს ღამისთევას. ამასთან, იგი უნდა რჩებოდეს არაუმეტეს ერთი წლის ვადით და არ უნდა იყოს დასაქმებული მოცემულ ქვეყანაში.

შესაბამისად, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ახალი სატრანსპორტო ხაზების გახსნა პირდაპირ აისახება ტურისტთა მაჩვენებელზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ევროპის მიმართულებაზე მუშაობა, რადგან ეს მიმართულება, სამწუხაროდ, საქართველოს ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტად აქვს ათვისებული ტურისტული თვალსაზრისით.