გადაცემები „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ და „აქცენტები“ დაიხურა

ეკა კვესიტაძე, დავით პაიჭაძე

ჟურნალისტები დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარ იმუშავებენ, ეთერში აღარ გავა მათი გადაცემები - „აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტყემალაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 18 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ეკა კვესიტაძემ წაიკითხა. ჟურნალისტები ამ ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებენ. ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობის აზრით კი, დახურული გადაცემები მიკერძოებული იყო და მათი ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის. 18 სექტემბერს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იყვნენ თავშეყრილები.

„ცალსახად პოლიტიკური და, ამავე დროს, თანმიმდევრული გადაწყვეტილება“ - ასე შეაფასა 18 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ მისი და მისი კოლეგის, ეკა კვესიტაძის, პოლიტიკური ტოკშოუების დახურვისა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების ამბავი:

„პოლიტიკით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა ის, რომ ტოკშოუები, რომლებიც მე და ეკა კვესიტაძეს მიგვყავდა, არ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რადგან ჩვენ გვახსოვს დღეს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მანამდე ოპოზიციიის ლიდერის დაპირება, რომ საზოგადოებრივი არხი გახდებოდა ჭეშმარიტად საზოგადოებრივი არხი და იქ ხელფასს არ მიიღებდა გარკვეული კატეგორიის ხალხი, ასევე გვახსოვს მისი განზრახვა, რომ „მეცხრე არხი“ უნდა შეერთებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამან მაშინ განცვიფრება გამოიწვია, შემდეგ ეს განცვიფრება ყველას დაავიწყდა. ასე რომ, თუ თქვენ ამ არხზე დღეს დაინახავთ „მეცხრე არხის“ ყოფილ თანამშრომლებს, დარწმუნდებით, რომ პრემიერი ძალიან თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში“.

ეკა კვესიტაძემ კი 17 სექტემბრით დათარიღებული მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება წაიკითხა, რომელშიც, სხვათა შორის, არაფერი წერია გადაცემის მიკერძოებულობის შესახებ, რაც ჟურნალისტების გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა:

„ვინაიდან 2013-2014 წლების ახალ საეთერო სეზონთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის 17 სექტემბრის N93 ბრძანებით, 2013 წლის 25 სექტემბრიდან შეწყდება საზმაუწყებლის ეთერში ტოკშოუ „აქცენტების“ განთავსება, ვბრძანებ, რომ ეკა კვესიტაძე გათავისუფლებული იყოს სამსახურიდან“.

ამ ბრძანებით გაკვირვებული ეკა კვესიტაძე კითხულობს:

„არის თუ არა საჭირო დაისვას კითხვა - საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კანონი ავალდებულებს ჰქონდეს პოლიტიკური ტოკშოუ და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აღარ აქვს ასეთი გადაცემა, როდესაც ამის ყველა ტექნიკური საფუძველი არსებობს? ეს მოხდა იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ უნდათ ტოკშოუების გაშვება და ეს არის კანონის დარღვევა“.

დავით პაიჭაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც ანალოგიური შინაარსისაა. პაიჭაძეს არ უწყდება კონტრაქტი საზოგადოებრივ რადიოში, სადაც ის ასევე ამზადებს გადაცემებს. ჟურნალიტს ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა ის რადიოში გადაცემის წამყვანად. ორივე ჟურნალისტს კონტრაქტის ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურებოდათ.

დავით პაიჭაძის განცხადებით, არც ეკა კვესიტაძეს და არც მას თავად თამაზ ტყემალაძისგან იმ ხნის განმავლობაში, რაც ის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს (მიმდინარე წლის მარტის თვიდან), მათი გადაცემების შესახებ შენიშვნა არ მოუსმენიათ. პაიჭაძე და კვესიტაძე ასევე იხსენებენ გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მიერ შარშან გამოქვეყნებულ გამოკვლევას, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებულ არხად არის დასახელებული. ჟურნალისტები ასევე აცხადებენ, რომ, მათი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, აქამდე ვერ მოახერხეს თამაზ ტყემალაძესთან შეხვედრა. 17 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის სახელზე დაწერილ განცხადებაშიც გადაცემების „აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ წამყვანები 20 სექტემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას და თამაზ ტყემალაძესთნ შეხვედრას ითხოვდნენ.

თამაზ ტყემალაძე 18 სექტემბერს ასევე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი წამყვანების პრესკონფერენციას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვესიტაძეც და პაიჭაძეც იყვნენ მხარეები და მათი ტონი არ შეესაბამებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ტელევიზიის, სტანდარტებს:

„ჩვენ სამართლიანად მოვიქეცით, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი შინაარსით, დამოკიდებულებითა და წესით არ მიესადაგება მათი ტონი, მათი მიმართება. ისინი წარმოადგენდნენ მხარეს, რის გამოც მოსახლეობაც გაღიზიანებულია და ამის შესახებ ცნობებს ჩვენი ანალიტიკური სამსახურიც გვაწვდის. დიახ, მე მოვაწერე ხელი ბრძანებებს და ამას აღარაფერი შეცვლის, იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ“.

ეკა კვესიტაძეს ასევე აინტერესებს რა ლოგიკით შეიძლება იყოს მიუკერძოებელი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი პოლიტიკური ტოკშოუს წამყვანი ეკა ბერიძე, რომელიც იქ ბიძინა ივანიშვილის კერძო ტელევიზიიდან - „მეცხრე არხიდან“ - მივიდა. კვესიტაძე აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს გათავისუფლების შესახებ ბრძანება და გეგმავს გადაცემის დახურვის ფაქტი ყველა გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას და დიპლომატიურ კორპუსს აცნობოს.

ჟურნალისტების პრესკონფერენციის პარალელურად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან 18 სექტემბერს ორი აქციაც გაიმართა. პირველის მონაწილეები გადაცემების დახურვას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებდნენ:

„გვაინტერესებს მოქალაქეებს მიზეზი, რატომ, რისთვის დაიხურა? ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვერაფერს მიკერძოებულს ვერ ვხედავდით“, - ამბობდნენ ისინი.

მეორე აქციის ორგანიზიატორები კი კვესიტაძისა და პაიჭაძის საწინააღმდეგო ხმამაღალი შეძახილებით დაწყებულ პრესკონფერენციაზეც შევიდნენ:

„ეყოფათ იმ ათი წლის განმავლობაში რაც შხამეს ხალხი და საზოგადოებრივი ტელევიზია“, - აცხადებდა პრესკონფერენციაზე შესული გიორგი კორკოტაშვილი.

დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე 20 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე მისვლას აპირებენ და იმედოვნებენ, რომ თავიანთ კითხვებზე პასუხებს თამაზ ტყემალაძისგან სწორედ იქ მოისმენენ, თუ, ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სხდომას დაესწრება.