ავტორი: ირინა გურული
საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 85 %-იან წილზე. კომპანია თიზ-დან სულ არ გასულა და დანარჩენი 15 % კვლავ მის მფლობელობაში რჩება. „შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ თიზ-ის მმართველი „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს“ (RAK) შვილობილი კომპანიაა.
Your browser doesn’t support HTML5
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაზე ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო, რომლის პატიების სანაცვლოდაც არაბულმა ინვესტორმა თიზ-ის 85 %-ის სახელმწიფოსთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებაში არ აკონკრეტებენ ამ გარიგების სანაცვლოდ რა თანხა ჩამოეწერა ინვესტორს, რადგან, მათი თქმით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები კონფიდენციალურია და კომპანიის ნებართვის გარეშე პირგასამტეხლოს ოდენობასა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.
რაც შეეხება თიზ-ის მომავალს, ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი შენარჩუნებულია და განაგრძობს განვითარებას. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში 2008 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი ფუნქციონირების ვადა 99 წლით განისაზღვრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის 16 სექტემბრის განკარგულებით, შეწყდა "რაკიასთვის" ფოთის აეროპორტის 98.26 %- იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულებაც, რომლითაც ინვესტორს აეროპორტი უნდა განევითარებინა.
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსთვის დაბრუნებული აქტივი 100-დან 150 მილიონ ლარამდე უნდა ღირდეს. სახელმწიფომ დაიბრუნა 300 ჰექტარზე მეტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და 150 ჰექტარი ფოთის აეროპორტი.
ფოთის თავსუფალი ინდუსტრიული ზონის აწ უკვე 15 %-ის მფლობელი კომპანია საქართველოში ფლობს, ასევე, სასტუმრო „შერატონს“, სადაც ამჟამად 30 მილიონამდე ინვესტიცია ხორციელდება სასტუმროს განახლებისთვის, და „თბილისი მოლს“.
რაც შეეხება სახელწიფოსთვის დაბრუნებულ აქტივს, მთავრობაში აცხადებენ, რომ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
"600 მილიონდოლარიან ინვესტიციებზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანი არის ის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ასევე ფოთის აეროდრომი იყოს გამოყენებული, როგორც ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის იმპლემენტაციის ინსტრუმენტი”, - განაცხადა საკითხის კომენტირებისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.