„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასა და არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად ახალი, პროგრესული ადამიანების მიზიდვას შეეცდებიან. თუმცა ყოფილი თანაგუნდელები მათ პოლიტიკურ წინსვლას არ უწინასწარმეტყველებენ და ფიქრობენ, რომ ეს დანაკლისი არ შეასუსტებს პარტიის ბრძოლისუნარიანობას. პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობის“ რამდენიმე ჯგუფად დაშლას მოელის, „ნაციონალური მოძრაობა“ კი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, ოპონენტთა დათვლის ნაცვლად, ქვეყანაში არსებული პრობლემები დაითვალოს.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი პრორუსული ძალების გამარჯვების საფრთხიდან გამომდინარე გადადგეს, რადგანაც ასეთი ძალების დამარცხების ექსკლუზიური უნარის მქონე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისინი გააწბილა. ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის ერთობლივი პოზიცია დაფიქსირებულია წერილობით განცხადებაში, რომელიც 27 მაისს სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნდა:
„’ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.
პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მ ვერ ჩააბარა. არადა, სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა“.
გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ, შეძლეს რაღაც ერთ გუნდად წარმოჩენა, მაგრამ მე ვიცი, რომ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება ‘ნაციონალური მოძრაობა’...ირაკლი ღარიბაშვილი
ამავე განცხადებაში “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული ოთხეული ირწმუნება, რომ წასვლის ფორმა და დრო, რამაც ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია, მათი შერჩეული არ იყო და რომ პროცესები ინფორმაციის გაჟონვამ დააჩქარა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, განცხადებაში, ერთი მხრივ, ნათქვამია, რომ არც ერთი მათგანი არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგანაც საზოგადოება სიახლეს ითხოვს და, მეორე მხრივ, იგივე განცხადება გვამცნობს, რომ ოთხეული აგრძელებს ბრძოლას ოლიგარქის მმართველობის შესაცვლელად და რომ მათ მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური ცენტრი 2016 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების გეგმას შესთავაზებს.
იმას, რაც ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაწევრების პროცესის მხოლოდ ერთ ნაწილად მიიჩნევენ მთავრობაში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციური პარტიის დაშლის მოსალოდნელობაზე ლაპარაკობს:
„გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ, შეძლეს რაღაც ერთ გუნდად წარმოჩენა, მაგრამ მე ვიცი, რომ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება ‘ნაციონალური მოძრაობა’”.
დაშლის პროგნოზს აბსურდულად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის კიდევ უფრო მეტი ენერგიით გაგრძელებაზე ლაპარაკობს. პოლიტიკური ძალისთვის აშკარაა, რომ კუბლაშვილის, ჯაფარიძის, ხაჩიძისა და მელაძის „ინფანტილურმა“ და „პოლიტიკურად უმწიფარმა“ გადაწყვეტილებამ კმაყოფილი დატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ბოლო დღეებში მთავრობა გაღიმებული სახეებით დადის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიხარული ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას არ უკავშირდება, – განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა 27 მაისის პარლამენტის სხდომაზე და, „ნაციონალური მოძრაობის“ ადამიანური რესურსის დანაკლისის დათვლის მაგივრად, ხელისუფლებას პრობლემების დათვლა ურჩია:
„მინდა იმედები გაგიცრუოთ – ეს არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით, როცა ‘ნაციონალური მოძრაობის’ დაშლაზე საუბრობთ. მე მინდა ვურჩიო პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს, ნაცვლად იმისა, რომ ითვალოს რამდენი ადამიანი დარჩა ოპოზიციურ პარტიაში, დაითვალოს სადამდე წავა ლარის კურსი, დაითვალოს როგორ მინუსებში წავა საქართველოს ექსპორტი, ეკონომიკა და საბიუჯეტო პრობლემები“.
„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან წასულთა სამომავლო გეგმებს წარმატებას არც ყოფილი თანაგუნდელები უწინასწარმეტყველებენ და არც ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი. მაგალითად, როგორც პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ყველაფერს „ბანალური და მარტივი“ ისტორიის სახე აქვს და პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეა „ღრმად არასერიოზულია“ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვერც ქარიზმით გამოირჩევიან და ვერც წინა ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აშორებას მოახერხებენ ხალხის თვალში.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები 27 მაისს პარლამენტის სხდომაზე არ გამოჩენილან. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მომავალი კვირიდან შეუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას. ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუკავშირებენ ისინი თავიანთ მომავალს პარლამენტში – უმცირესობის, ფრაქციისა და ყველა თანამდებობის დატოვების შემდეგ. თუმცა თუკი დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის სიტყვებით ვიმსჯელებთ, პარლამენტში ვერ ვიხილავთ მათ ერთობას „თავისუფალ დემოკრატებთან“. „ამ ადამიანებთან თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი არ გვექნება თავისუფალ დემოკრატებს“, – უთხრა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.