თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის ანალიზის შედეგად მათი ეჭვები წყლის დაბინძურების შესახებ დადასტურდა, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დასახლებაში პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ახალი უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელი წყლის ხშირი დაბინძურება ფატალურად დასრულდება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ელგუჯა კვარაცხელია, ვარაუდობს, რომ სუფთა წყლის ავზის დაბინძურება კანალიზაციის მილების მოუწესრიგებლობამ გამოიწვია, რაც დასახლებაში ინფექციის გავრცელების მიზეზი გახდა:
„ნასოსები დააყენეს, ის დატუმბავსო და სადღაც წაიღებსო. არსად არ მიდის, ეს ყველაფერი გროვდება ერთ ადგილას, ე.წ. კალოდეცში, და ივსება ეს კალოდეცი. აივსება იმის გამო, რომ ეს ნასოსები ვერ ერევა. გადმოვა მერე ეს ფეკალური მასა. ერთი წვიმა, და ჩაედინება ამ გადაუხურავ ჭაბურღილში”.
„მივმართავთ იმას, ვისაც ევალება და ვისი მოვალეობაც არის, აქ ათასზე მეტი მოსახლეა ჩასახლებული და სანამ არ დავიხოცებით, ამას თავი უნდა დაადგას ვინმემ. აქ მოწამლულია ხალხი“, - ამბობს ინეზა ფარულავა.
ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, მოსახლეობის წყლით მოწამვლის შემდეგ მედპერსონალმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყო და მოსახლეობა გააფრთხილეს, მაგრამ, მათივე განმარტებით, ეს ყურადღება დაგვიანებულია, რადგან წყლის დაბინძურების შესახებ უფრო ადრე იქნენ გაფრთხილებული შესაბამისი სამსახურები.
აქციის მონაწილეებთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მივიდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე:
„მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ამ წყლის დაქლორვა-დეზინფექცია, წყლის ხელახალი ნიმუში გადაიგზავნოს ანალიზისთვის, რათა დადგინდეს, ეს დაბინძურება ერთჯერადია თუ რამე კერა არსებობს ამის დაბინძურების. წყალი გაითიშება, არ იქნება ხვალ საღამომდე. რაც შეეხება სასმელ წყალს, შემოვა ცისტერნით, რომლით სარგებლობაც ნებისმიერს შეეძლება და სასმელი წყლის პრობლემა არ იქნება აღნიშნულ ჩასახლებაში“.
ჩიკვაიძის თქმით, თუ წყლის დაქროლვის შემდეგ ანალიზებმა ისევ ცუდი შედეგი აჩვენა, ავზი დაილუქება და დაიწყება მუშაობა ალტერნატიულ წყაროზე. ზუგდიდის ახალ უბანში წყლით მოწამვლის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ჯამში, 111 მცხოვრები დაავადდა. ინფექციურ საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ ახალი ჩასახლებიდან შემოყვანილი პაციენტები უკვე გაწერეს.