დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერის პოსტზე კრემლის კანდიდატურა

ლეონიდ თიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგა და პირველ რიგში მთავრობა დაითხოვა, მაგრამ ცხინვალში ახალი ინტრიგა ახლა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის საკითხს უკავშირდება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს თიბილოვი ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ თანამდებობებზე დანიშვნისას უპირატესობას ადგილობრივ კადრებს მიანიჭებდა. შეასრულებს თუ არა იგი ამ სიტყვას, ცოტა ხანში გამოჩნდება. ცხინვალის სამთავრობო კულუარებში კი უკვე ლაპარაკობენ, რომ რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტრო პრემიერად საკუთარი კანდიდატურის დანიშვნას ითხოვს. რეგიონალური სამინისტრო თვითაღიარებულ რესპუბლიკაში აღდგენით სამუშაოებს კურირებდა და ფინანსური რესურსებიც ცხინვალში მისი გავლით მიედინებოდა. თიბილოვის ნდობით აღჭურვილი პირი სერგეი ზასეევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე კრემლს საკუთარი კანდიდატურა ჰყავს, მაგრამ თიბილოვი ამის წინააღმდეგია. მისი აზრით, ყველაფერი ახლად არჩეული პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს გაირკვევა.ზასეევის აზრით, თიბილოვი კრემლში საკუთარი პოზიციის გატანას შეძლებს.

კოკოითის პრეზიდენტობის დროს კრემლმა ცხინვალში ვადიმ ბროვცევი გამოგზავნა და ფინანსების კონტროლი მას დაევალა. ამიტომ ბროვცევის და კოკოითის ურთიერთობა მალე გამწვავდა. მთავრობას პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ვეღარ აკონტროლებდა. გარდა ბროვცევისა, რუსული ფულის მოძრაობას სამხრეთის დირექციაც აკონტროლებდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ შექმნა, რაც აგვიტოს ომის შემდეგ ცხინვალში გადარიცხული 2 მილიარდი რუბლი უკვალოდ გაქრა. სამხრეთის დირექცია კი ის რგოლი გახდა, რომელიც კოკოითის ფინანსებთან წვდომას აღარ დაუშვებდა. მიუხედავად ახალი სამსახურის ამოქმედებისა, დე ფაქტო რესუბლიკაში საქმე წინ არ წასულა. მანამდე თუ რუსულ ფულს ადგილობრივი ჩინოვნიკები იპარავდნენ, ამ დირექციის შექმნის შემდეგ მოპარვა უკვე რუსმა მოხელეებმა დაიწყეს, ამიტომ გადარიცხული ფულის დიდი ნაწილი საქმეს საერთოდ არ ხმარდებოდა. კოკოითი რუსებს ადანაშაულებდა კორუფციაში, რუსი მოხელეები კი მის კლანს აბრალებდნენ ფულის მითვისებას. დღესაც ცხინვალში არაერთი დანგრეული შენობა დგას, უკვე შეკეთებული შენობების ნაწილი ისევ სარემონტოა, დაზარალებულთა ნაწილი კი ისევ კარვებში ცხოვრობს. სამხრეთის დირექციას პეტრე ხუტიევი ხელმძღვანელობდა. ახლა რეგიონალური განვითარების სამინისტროს ბროვცევის ჩანაცვლება სწორედ ხუტიევით უნდა, მაგრამ თიბილოვის გარემოცვაში ეს კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ცხინვალში კოკოითიც, ბროვცევიც და სამხრეთის დირექციაც კორუფციასთან ასოცირდება. მათი აზრით, კრემლის მიერ პრემიერის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ მთავრობა პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ ვერ იქნება. წელს დე ფაქტო რესპუბლიკის აღდგენისთვის რუსეთმა 6 მილიარდი რუბლი გამოყო, ამ ფინანსების კონტროლის სურვილი კი არაერთ გავლენიან ჯგუფს აქვს. ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა მიიჩნევს, რომ თიბილოვმა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და თავისი პოზიცია დაიცვას, რაც კრემლის უკან დახევას გამოიწვევს. მისი აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა რესპუბლიკაში საქმე უკეთესობისკენ.

ექსპერტების აზრით, თიბილოვს მოსკოვში სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. თუ მას კრემლმა საკუთარი კანდიდატურა თავს მოახვია, მაშინ თიბილოვის ავტორიტეტი დაეცემა, უკონტროლო მთავრობამ და პარლამენტმა, რომელიც ისევ კოკოითის ექვემდებარება, შესაძლოა ახალი პოლიტიკური კრიზისიც კი შექმნან, რაზეც პასუხისმგებელი თიბილოვი იქნება, ხოლო თუ მან მოსკოვში საკუთარი პოზიცია დაიცვა, მის მიმართ პატივისცემა გაიზრდება და ადგილზე პოლიტიკური ვითარების მოწესრიგებაც აღარ გაუჭირდება.