ანტიალკოჰოლური კამპანია, დევიზით “სიფხიზლე ცხოვრების ნორმაა”, რომელიც 1985 წლის 16 მაისს დაიწყო, დღეს მიხეილ გორბაჩოვის “პერესტროიკის”, და ე.ი. კომუნისტური სისტემის ნგრევის, პირველ ეტაპადაა მიჩნეული. ეკრანებიდან მოხსნეს ისეთი პოპულარული ქართული ფილმები, როგორებიცაა “არ იდარდო”, “გიორგობისთვე”, “ქალაქი ანარა”... გაიმართა საჩვენებელი “უალკოჰოლო ქორწილები”, რაც ქართულ კულტურულ სივრცეში ანომალიად აღიქმებოდა. რა როლს ასრულებს ”სიამოვნება” ქართულ კულტურაში, რას წარმოადგენს ქართული სუფრა და შესაძლებელია თუ არა ”სუფრის რიტუალი” ეროვნული კულტურის განუყოფელ სახედ მივიჩნიოთ? გიორგი გვახარია ამ თემებზე ესაუბრება სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას.