წითელასთან ბრძოლა აცრით

საზოგადოებაში შიში გამოიწვია თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების ფაქტმა, რის მიზეზადაც ჩუტყვავილის მძიმე ფორმა დასახელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩუტყვავილა ლეტალური შედეგით ძალიან იშვიათად მთავრდება, თუმცა ის „რთული“ დაავადებაა და ყურადღებას საჭიროებს.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილის საწინააღმდეგო აცრა შეტანილი არ არის, თუმცა მშობლების ერთი ნაწილი შვილების ვაქცინაციის შესაძლებლობას არც იმ დაავადებების შემთხვევაში იყენებს, რომელთა გართულებასაც უფრო ხშირად მოჰყვება მძიმე შედეგები. ასეთი დაავადებაა, მაგალითად, წითელა, რომლის ეპიდაფეთქებამაც უკვე იჩინა თავი საქართველოში.

ვირუსული დაავადების, ჩუტყვავილის, შემთხვევები უფრო ხშირად შემოდგომასა და ზამთარში იჩენს თავს და ძირითადად ბავშვებში გვხვდება, თუმცა არც ზრდასრულები არიან დაცული და, პირიქით, მათთვის ამ დაავადების გადატანა უფრო ძნელია. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილის მძიმე ფორმამ იმსხვერპლა:

დავით სერგეენკო

„რამდენიმე დღეში დასრულდება მოკვლევა და სპეციალისტები შეძლებენ, რომ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილის შედარებით იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, რომელსაც ჰქვია ჰემორაგიული, ანუ სისხლმდენი, ჩუტყვავილა“.

ინფექციონისტების განმარტებით, თანმდევი სისხლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში ჩუტყვავილის გართულებების ალბათობა გაცილებით მაღალია და ხშირად სწორედ ასეთ შემთხვევებში ვითარდება დაავადების ე.წ. ჰემორაგიული ფორმა. განსხვავებულია ჩუტყვავილის ასეთი ფორმის დროს გამოკვეთილი სურათი: ჩნდება სისხლჩაქცევები და ჩუტყვავილისთვის დამახასიათებელი ბუშტუკები, გამჭვირვალე სითხის ნაცვლად, სისხლნარევი სითხით ივსება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, ჩუტყვავილა ლეტალური შედეგით იშვიათად მთავრდება, მაგრამ ის თავისთავად რთული დაავადებაა და დიდ ყურადღებას საჭიროებს:

„წელიწადში საქართველოში საშუალოდ, როგორც წესი, 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება და ორ წელიწადში ერთხელ არის ერთეული ლეტალური შემთხვევა. რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ერთხელ იყო, რომ ორი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა წლის მანძილზე... ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რომ გაარკვიონ რა არის, რადგან ასე, მხოლოდ ვიზუალურად, მშობელს კი არა, შეიძლება ნებისმიერ ექიმს გაუჭირდეს დიაგნოზის დასმა, თუ არ ჩაერთო იქ დამატებითი ლაბორატორიული კვლევები და ასე შემდეგ“.

იმდენად მძიმედ მიმდინარეობს წითელა, რომ პაციენტების დაახლოებით 50 პროცენტისთვის გარდაუვალია ჰოსპიტალიზაცია. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. აფეთქებების დროს, 2013-2015 წლების მანძილზე, გვქონდა ლეტალური შემთხვევები...
ხათუნა ზახაშვილი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილის საწინააღმდეგო აცრა შეტანილი არ არის, თუმცა აცრა ერთადერთი გამოსავალია მძიმე შედეგების მომტანი ვირუსული დაავადების, წითელას, პრევენციისთვის. აცრილ პაციენტებში დაავადებამ, შესაძლოა, მაინც იჩინოს თავი, მაგრამ ძალიან მსუბუქი ფორმითა და გართულებების გარეშე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წელს საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა და უკვე გამოვლენილია 300 შემთხვევაზე მეტი, მაშინ როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 95 შემთხვევა აღირიცხა. სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების დაახლოებით 70 პროცენტი აჭარის რეგიონზე მოდის, თუმცა რამდენიმე ათეული შემთხვევა თბილისშიც გამოვლინდა. ხათუნა ზახაშვილი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს:

„იმდენად მძიმედ მიმდინარეობს წითელა, რომ პაციენტების დაახლოებით 50 პროცენტისთვის გარდაუვალია ჰოსპიტალიზაცია. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. აფეთქებების დროს, 2013-2015 წლების მანძილზე, გვქონდა ლეტალური შემთხვევები... წელს ჯერ ლეტალური გამოსავალი არ გვქონია, მაგრამ წითელას ახასიათებს გართულებები, რომლებიც, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში სამუდამო ინვალიდობის მიზეზიც კი გახდეს. წითელას ახასიათებს ბუნებრივი ციკლურობა - ორ-სამ წელიწადში მატულობს ავადობის მაჩვენებელი და დაავადება ემართებათ მათ, ვინც აუცრელია და, რა თქმა უნდა, გარისკვა არ ღირს“.

ბავშვებს წითელა-წითურა-ყბაყურის წინააღმდეგ უფასო აცრა პირველად - ერთი, ხოლო განმეორებითი აცრა ხუთი წლის ასაკში უტარდებათ. ასევე სახელმწიფო აცრას სთავაზობს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ერთიანდება 41 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიუღია წითელას კომპონენტიანი ვაქცინა.

როგორც კი დაიწყო წითელას ეპიდემია, უცბად დავიჭირე თადარიგი, რომ ამეცრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ბევრი მშობელია, იმიტომ რომ ზუსტად ორი დღის წინ ველაპარაკე პედიატრს, ვისთანაც დაგვყავს ხოლმე, და გვითხრეს, რომ 15 მარტამდე ადგილები სრულიად დაკავებულია...

სხვა ბევრი მშობლის მსგავსად, წითელას ეპიდაფეთქებამ საკმაოდ შეაშინა ორი შვილის დედა, ნატალია, და ის სასწრაფოდ ამოქმედდა კიდეც, თუმცა მას წინ გრძელი რიგი დახვდა:

„ერთი წლის ასაკში აცრილია ორივე. ახლა განმეორებითი აცრა უწევს ჩემს ხუთი წლის შვილს. უფრო სწორად, ის ახლა ხუთ წელზე ცოტა მეტის არის და, წესით, რამდენიმე თვის წინ უნდა გაგვეკეთებინა ვაქცინაცია... როგორც კი დაიწყო წითელას ეპიდემია, უცბად დავიჭირე თადარიგი, რომ ამეცრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ბევრი მშობელია, იმიტომ რომ ზუსტად ორი დღის წინ ველაპარაკე პედიატრს, ვისთანაც დაგვყავს ხოლმე, და გვითხრეს, რომ 15 მარტამდე ადგილები სრულიად დაკავებულია“.

წითელას ეპიდაფეთქების კვალდაკვალ, ჩატარებული თუ ჩასატარებელი აცრების კონტროლის გამკაცრების აუცილებლობა დაინახა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მშობლებს ბავშვების აცრების დამადასტურებელი ცნობის მიტანა მოეთხოვებათ. ამ ცნობის აღება შესაძლებელია პოლიკლინიკებში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ, გარკვეული მიზეზის გამო, აცრების დამადასტურებელი საბუთის მოპოვება ვერ ხერხდება, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას განმეორებით აცრის ჩატარებას ურჩევს.