ეთნიკური ავარიელები კანონის შესაძლო გამკაცრებას აპროტესტებენ

ყვარელი

პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს საკომიტეტო ფორმატში განიხილავს. პროექტი თუ კანონის სახეს მიიღებს, საქართველოში ქალთა გენიტალიების დასახიჩრება დასჯადი ქმედება გახდება. კანონის შესაძლო გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან ეთნიკურად ავარიელები. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მოსახლეობა არაინფორმირებულია.

მართალია, უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიდის ლაპარაკი, რომ ქალთა გენიტალიების დასახიჩრება საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დასჯადი ქმედება გახდეს, მაგრამ ამ დროისათვის რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და ის ოცამდე კანონს შეეხება, მაგრამ როდის დასრულდება პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო განხილვები და პროექტი კანონის სახეს როდის მიიღებს, ჯერ ცნობილი არ არის.

Your browser doesn’t support HTML5

ეთნიკური ავარიელები კანონის შესაძლო გამკაცრებას აპროტესტებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურეში - მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ თუ ე. წ. წინადაცვეთა აიკრძალება, ეს მათი უფლებების შეზღუდვა იქნება.

მას შემდეგ, რაც ეს თემა ქართულ მედიაში აქტიურად შუქდება, ადგილობრივები ჟურნალისტებთან თითქმის აღარ ურთიერთობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ეთნიკურად ავარიელი მოსახლეობა ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.

„ე. წ. წინადაცვეთის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს“, - ამბობს ჩვენთან საუბარში სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე. სხილაძის თქმით, მოსახლეობას ინფორმაცია კომბინირებულად, რამდენიმე უწყებამ უნდა მიაწოდოს, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა.

ყვარლის გამგეობაში არ იციან, შეწყდა თუ არა ე. წ. წინადაცვეთის პროცედურის ჩატარება ყვარლის სოფლებში მას შემდეგ, რაც კანონმდებლობის გამკაცრებაზე დაიწყო მსჯელობა. ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების სამსახურის უფროსი მაია ალაზაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან პროცედურა არასტაციონარულად ტარდება, მათთვის ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. თუმცა ალაზაშვილი იმასაც ამბობს, რომ სოფლის ექიმები მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს უკვე აქტიურად აწვდიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ე.წ. წინადაცვეთის პრაქტიკა რომ არსებობს, ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გასული წლის შემოდგომაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ საკუთარ ვებგვერდზე ჟურნალისტური მოკვლევა გამოაქვეყნა. ეს ცნობა მოგვიანებით ადგილობრივებმაც დაადასტურეს.