ქუთაისის 25 ქუჩაზე და 10 სკვერში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდებიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია საჩუქრად მიიღოს 150-მდე ელექტრონული წიგნი. მსურველებს საშუალება აქვთ ელექტრონული ბიბლიოთეკიდან თავის სმარტფონში უფასოდ ჩატვირთონ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები. ამისთვის საჭიროა მობილურ ტელეფონში გადმოწერონ უფასო აპლიკაცია „საბა რიდერი“ და მისი მეშვეობით დაასკანერონ ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდზე განთავსებული კოდი, რის შემდეგაც სასურველი წიგნი 1 წამში აღმოჩნდება პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ.
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკით ძირითადად ახალგაზრდები სარგებლობენ. ნაწილი ამბობს, რომ ელექტრონული წიგნი გამოსაყენებლად მოსახერხებელია, ნაწილი კი ნაბეჭდ წიგნს ამჯობინებს და ელექტრონულს იშვიათად იყენებს:
„ელექტრონულ წიგნს ის პლუსი აქვს, რომ ყველაფერი ხდება მარტივად - გარეთ, სახლში, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია ის მოიხმარო. შეიძლება ნაბეჭდი წიგნი დაკარგო, მაგრამ ელექტრონული სულ გექნება“.
„ჩემთვის უფრო რთულია ეკრანზე ვიკითხო, გაცილებით მოსახერხებელია ჩემთვის ნაბეჭდი წიგნი გამოვიყენო“.
რადიო თავისუფლების რესპონდენტთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ჯერ კიდევ არ იცის ელექტრონული ბიბლიოთეკის არსებობისა და მისი გამოყენების შესახებ, თუმცა ამბობენ, რომ ჰყავთ საყვარელი მწერლები, რომლებსაც კითხულობენ:
„არ ვიცი ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ, თუმცა მე მიყვარს კითხვა, ძირითადად უცხოელ ავტორებს ვამჯობინებ, მაგრამ ქართველი მწერლებიდან ძალიან მომწონს ვაჟა და მისი პოემები“.
ბავშვებს შევაყვაროთ კითხვა - ეს არის ჩვენი მიზანი. გარდა ამისა, გვინდა ჩამოვუყალიბოთ კრიტიკული აზროვნება, იმისთვის რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი და არ შერცხვეს მისი გამოხატვა. ჩვენთან მოდიან ბავშვები და ზოგჯერ მათ საუბარი უჭირთ, იმალებიან, ერიდებათ...სოფიო საკანდელიძე
„მე მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე და მათ ნაწარმოებებს ვკითხულობ“.
„მხატვრულ ლიტერატურას ყოველდღიურად ვკითხულობ და საყვარელი მწერალია ჯეომს ჯოისი“.
„ძალიან მნიშვნელოვანია წიგნი. შეიძლება ადამიანს უმაღლესი განათლება არ ჰქონდეს, მაგრამ კითხვით იყოს გაცნობიერებული“.
პატარებისთვის წიგნის კითხვის შესაყვარებლად და თავისუფალი აზროვნების განვითარებისთვის ქუთაისში ახალგაზრდების ჯგუფმა 10 თვის წინ დააარსა ლიტერატურული კლუბი – „წიგნების თაობა“, სადაც 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს კვირაში სამჯერ 2-2 საათის განმავლობაში აცნობენ სხვადასხვა ნაწარმოებს. კლუბის დამფუძნებელ სოფიო საკანდელიძის თქმით, ასაკობრივ ჯგუფებში ყოველი ზღაპრის, მოთხრობის თუ სხვა ნაწარმოების კითხვის დასრულების შემდეგ მოზარდები თავიანთ აზრს გამოთქვამენ და ერთმანეთისას ისმენენ. სოფიო საკანდელიძე ამბობს, რომ კლუბი უკვე აერთიანებს 150-მდე მოზარდს და ყველა ასაკობრივ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა იზრდება, რადგან მათი და მშობლების ინტერესი სულ უფრო მატულობს:
„ბავშვებს შევაყვაროთ კითხვა - ეს არის ჩვენი მიზანი. გარდა ამისა, გვინდა ჩამოვუყალიბოთ კრიტიკული აზროვნება, იმისთვის რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი და არ შერცხვეს მისი გამოხატვა. ჩვენთან მოდიან ბავშვები და ზოგჯერ მათ საუბარი უჭირთ, იმალებიან, ერიდებათ. ეს ყველაფერი გვინდა, რომ აღმოვფხვრათ. გარდა ამისა, გვინდა, რომ მოზარდებმა შეიყვარონ კითხვა, ჰქონდეთ ბევრი ინფორმაცია და რაც შეიძლება გაცნობიერებულნი იყვნენ“.
ლიტერატურულ კლუბში წიგნების კითხვა მოსწონთ კლუბის წევრ მოზარდებს.ნაწილი ამბობს, რომ წიგნებს კლუბში გაწევრიანებამდეც აქტიურად კითხულობდა, ნაწილს კი ერთობლივად კითხვის პროცესი მოსწონს:
„მე აქ მოსვლა იმიტომ მომწონს, რომ წავიკითხო ნაწარმოები და მხოლოდ ჩემს აზრზე არ ვიყო დამიკიდებული, სხვისი აზრიც გავიცნო და შემდეგ ვიმსჯელო“.
„აქ ვკითხულობთ წიგნებს, შემდეგ ვარჩევთ და ვთამაშობთ სხვადასხვა თამაშს. კითხვის პროცესი მომწონს, აქ მოსვლამდეც ვკითხულობდი ბევრს“.
ლიტერატურული კლუბი ნელ-ნელა მაყვარებს კითხვას და მსჯელობას. რასაც აქ ვაკეთებთ, უმეტესობას სკოლაში არ ვაკეთებთ“.
ჩვენს უფროს თაობას ნამდვილად არ ჰქონდა წაკითხული იმ რაოდენობის წიგნი, რამდენიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ რესურსი არ იყო. არ ითარგმნებოდა საჭირო ლიტერატურა საბჭოთა კავშირის პერიოდში, იყო აკრძალული ბევრი ავტორი და იყო სულ ორი-სამი ავტორი, რომელსაც ძირითადად კითხულობდნენ...
„’წიგნების თაობაში’ არის თავისუფლება, ბევრ საინტერესო წიგნს ვკითხულობთ, მე მიყვარს ისტორიული და სათავგადასავლო წიგნები. აქ გვასწავლიან, რომ ყოველთვის უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთის აზრს“.
რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, საყვედური, თითქოს ახალგაზრდები წიგნს არ კითხულობენ, არასწორია, რადგან თანამედროვე ლიტერატურა, როგორც ქართველი ისე უცხოელი ავტორები და თარგმანები გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ათწლეულების წინ იყო:
„ჩვენს უფროს თაობას ნამდვილად არ ჰქონდა წაკითხული იმ რაოდენობის წიგნი, რამდენიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ რესურსი არ იყო. არ ითარგმნებოდა საჭირო ლიტერატურა საბჭოთა კავშირის პერიოდში, იყო აკრძალული ბევრი ავტორი და იყო სულ ორი-სამი ავტორი, რომელსაც ძირითადად კითხულობდნენ“.
ქუთაისში წიგნის რამდენიმე მაღაზიაა, სადაც მკითხველს სასურველი წიგნის შეძენა და გამოწერა შეუძლია.ქალაქში ფუნქციონირებს ასევე საბიბლიოთეკო ქსელი, რომელიც 12 ფილიალს აერთიანებს და სულ მილიონ სამასი ათასზე მეტი წიგნია დაცული. ამასთან, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მკითხველთა მოთხოვნის საფუძველზე ყოველწლიურად ხდებაფონდის განახლება და მიუხედავად იმისა, რომ წიგნების ელექტრონული ვერსიები სულ უფრო ხელმისაწვდომია, ბიბლიოთეკას მკითხველი მაინც ჰყავს.